Thumbnail

სკანდალი როლან გაროსზე - რუსი ჩოგბურთელი თამაშის მერე დააპატიმრეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • იანა სიზიკოვას გარიგებულ თამაშში მონაწილეობა ბრალდება
  • რუს ჩოგბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება

საფრანგეთის ღია პირველობაზე დიდი სკანდალია. ადგილობრივმა პოლიციამ პირდაპირ მატჩის შემდეგ დააპატიმრა რუსი ჩოგბურთელი იანა სიზიკოვა, რომელსაც ბრალად გარიგებულ მატჩში მონაწილეობა ედება.

Le Parisien-ის ცნობით, სამართალდამცავებმა სიზიკოვა მაშინ აიყვანეს, როდესაც მან ეკატერინა ალეკსანდროვასთან ერთად “როლან გაროსის” პირველი წრის მატჩი წააგო და მასაჟის პროცედურებს ასრულებდა. მალევე ჩატარდა ჩხრეკა იანას სასტუმრის ნომერშიც. როგორც ირკვევა, სიზიკოვას არასპორტულ საქციელი ჯერ კიდევ შარშანდელ ტურნირზე ჩაუდენია, როდესაც ის ამერიკელ მედისონ ბრენგლესთან ერთად რუმინელებს – ანდრეა მიტუსა და პატრისია ტიგს ეთამაშებოდა.

რუსმა ჩოგბურთელებმა თამაში 6:7, 4:6 წააგეს, საბუქმეიქერო კანტორებმა კი მატჩი საეჭვოდ მაშინვე მიიჩნიეს. აღნიშნულ შეხვედრაზე უჩვეულოდ ბევრი ფსონი იდებოდა, ყველაზე მეტი თანხა კი იმაზე შევიდა, რომ სიზიკოვა და ბრენგლე მე-2 სეტის მე-5 გეიმს წააგებდნენ. ასეც მოხდა. სიზიკოვამ, რომელიც მოწოდებაზე იყო, 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ერთხელ კი ბურთზე საეჭვოდ გვიან წავიდა, ვერ მიუსწრო და საბოლოოდ, გეიმი ნოლზე იქნა წაგებული.

იანა სიზიკოვა მისთვის საბედისწერო მე-5 გეიმზე ჩაწოდებას იწყებს

როგორც Die Welt წერს, საფრანგეთის პოლიციამა და ჩოგბურთის ანტიკორუფციულმა სამსახურმა (Tennis Integrity Unit) გამოძიება მაშინვე დაიწყეს, წლინახევრის შემდეგ კი, სიზიკოვა პარიზს ისევ ესტუმრა და პოლიციამაც სწორედ ახლა იმოქმედა. რუსეთის საკონსულომ იანას დაპატიმრების ფაქტი უკვე დაადასტურა. ცნობილი გახდა ისიც, რომ სიზიკოვა პოლიციაში 72 საათს გაატარებს, რის შემდეგაც მისთვის შესაბამისი სასჯელი იქნება გამოტანილი.

ცნობისთვის, 26 წლის რუს ჩოგბურთელს წყვილთა კლასიფიკაციაში 101-ე ადგილი უკავია, კარიერაში კი ერთადერთი ტურნირი აქვს მოგებული: 2019 წელს, ლოზანაში, ანასტასია პოტაპოვასთან ერთად. საინტერესოა, რომ გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის ჯარიმა 250 ათასი დოლარია, თუმცა, შესაძლოა, ჩოგბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაციაც მიეცეს. ამასთან, აპელაციის განხილვა მხოლოდ ლოზანის სპორტულ არბიტრაჟს შეუძლია.

უკანასკნელ წლებში ანალოგიური ქმედების გამო, ჩოგბურთის თამაში სამუდამოდ აეკრძალათ ბრაზილიელებს დიეგო მატოსსა და ჟოაუ სოუზას, უკრაინელ დმიტრი ბადანოვს, რუს ანდრეი კუმანცოვს, ბერძნებს კონსტანტინოს მიკოსსა და ალეკსანდროს იაკუპოვიჩს, ეგვიპტელ იუსუფ ჰოსამსა და სხვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები