Thumbnail

დღეს NBA-ში ყველა ლეიკერსის გავარდნაზე ლაპარაკობს, მაგრამ ყურადღებას დენვერ ნაგეთსიც იმსახურებს, რომელმაც პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს მეექვსე მატჩი 126:115 მოუგო და სერია 4:2 გამარჯვებით დაასრულა.

ნიკოლა იოკიჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ MVP-ის ტიტულის ღირსეული კანდიდატია. განსაკუთრებით მესამე მეოთხედში სერბს თითქმის ყველაფერი იდეალურად გამოსდიოდა და ამ მონაკვეთში 20 ქულა ჩააგდო, ჯამში კი თამაში 36 ქულით (13/22), 8 მოხსნით და 6 ასისტით დაასრულა. მას კარგად ეხმარებოდნენ მაიკლ პორტერ უმცროსი (26 ქულიდან 22 პირველ მეოთხედში), მონტე მორისი (22 ქულა, 9 პასი) და აარონ გორდონი (13 ქულა).

აღსანიშნავია, რომ დენვერელებს დიდხანს არ ჰქონდათ პასუხი დამიან ლილარდის კარგ თამაშზე, რომელმაც 28 ქულა და 13 პასი დააგროვა. თუმცა ბოლო მეოთხედში ვეღარც ლილარდი იდგა მოწოდების სიმაღლეზე (5 ქულა, 1/6 - ჯამში 8/20 და 3/11 სამქულიანი). პორტლენდისთვის სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ სხვებმაც ვერაფერი მოახერხეს.


დენვერ ნაგეთსისა და ფინიქს სანსის გარდა, მეოთხედფინალში არიან იუტა, მილუოკი, ბრუკლინი, ფილადელფია და ატლანტა. ბოლო მეოთხედფინალისტის ვინაობა ლოს ანჯელეს კლიპერსსა და დალას მავერიკსს შორის გაირკვევა. 5 თამაშის შემდეგ დალასი 3:2-ს იგებს. მე-6 შეხვედრა 5 ივნისს გამთენიისას გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები