Thumbnail

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ანორთოსისი დატოვა და კიდევ ერთ კვიპროსულ კლუბ აპოელ-ში გადავიდა:

“კარიერის ახალ ეტაპს ვიწყებ და ვიცი, რომ ანორთოსისის ფანების უმეტესობა ჩემს ნაბიჯს არ გაამართლებს, თუმცა, მე მათი სრულიად მესმის. ანორთოსისს ჩემი გენტიდან გამოსყიდვა არ შეეძლო, კლუბის დატოვების მიზეზი ესაა. ტიტული, რომელიც ანორთოსისთან ერთად მოვიგე, ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ჩვენი ფანების ემოციები არასდროს დამავიწყდება. მადლობას ვუხდი კლუბს, ქომაგებსა და პირადად თემურ ქეცბაიას. მე ანორთოსისის გულშემტკივრად ვრჩები და კლუბს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ”.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ქვილითაიამ ნიქოზიის აპოელ-თან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2024 წლის მაისში გაუვა. ბელგიური გენტის ფორვარდმა გასული სეზონი ანორთოსისში განათხოვრების წესით გაატარა და ჩემპიონატის 31 მატჩში 14 გოლი გაიტანა. "ტრანსფერმარკტის" მიხედვით, ქვილითაია 1.8 მილიონი ევრო ღირს. საქართველოს ნაკრებში მას 30 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები