Thumbnail
  • რობერტო მანჩინიმ ახალი იტალიის ნაკრები შექმნა
  • 'აძური' კლუბის პრინციპითაა შექმნილი - წლებია, ერთი სისტემით ვითარდება
  • 3 წელია, ამ გუნდს არ წაუგია და გოლსაც კი თითქმის არ უშვებს
  • მანჩინის ყველა ხაზში აწყობილი და დალაგებული გუნდი ჰყავს
  • პრობლემურ პოზიციებად მარცხენა მცველი და ცენტრფორვარდი რჩებიან

‘ვინც იცის, რა არის დამარცხება, მხოლოდ იმ კაცს შეუძლია, თავის სულში დამატებითი ენერგია იპოვოს, რომელიც საჭიროა თანაბარი თამაშის მოსაგებად’ - მუჰამედ ალის ეს ლეგენდარული გამონათქვამი ინგლისურად უფრო ლამაზად ითქმის, თუმცა ამჯერად საქმე კრივს არ ეხება, ეს უფრო საფეხბურთო ამბავია. 2017 წლის შემოდგომაზე იტალიამ თავისი ისტორიის ყველაზე მტკივნეული მარცხი განიცადა - 4 გზის მსოფლიოს ჩემპიონებმა მილანში, ‘სან სიროზე’ შვედეთს ვერ მოუგეს და მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ. იმ ღამეს რომში ვიყავი და ქალაქი თითქოს მოკვდა, ერთბაშად გაჩუმდა.

ბევრისთვის მოულოდნელად, იტალია სწრაფად დაბრუნდა და საფეხბურთო ფსკერზე მოხვედრის შემდეგ, ამ გუნდს თითქოს დამატებითი ძალა და ენერგია აქვს. 3 წელია, "სკუადრა აძურა" ყველას უგებს და არცთუ ისე ყველაზე ვარსკვლავური შემადგენლობის მიუხედავად, არ მახსენდება არცერთი ნაკრები საფრანგეთის გარდა, რომელიც ამ იტალიასთან ფავორიტი იქნება.

ახალი გუნდი

ახალი იტალიის შექმნა რობერტო მანჩინის სახელს უკავშირდება. მის დანიშვნას მუნდიალის ფიასკოს შემდეგ ბევრი სკეპტიციზმით შეხვდა - რობერტო იტალიის საუკეთესო მწვრთნელების რიცხვში ნამდვილად არ შედის. ის არც მასიმილიანო ალეგრის კლასის ტაქტიკოსია და არც ანტონიო კონტესავით მოტივატორი, უბრალოდ, კრიზისული გუნდის ჩაბარება მანჩინის გარდა იმ დროს ვერავინ გაბედა.

მანჩინი ძალიან კარგი მენეჯერი აღმოჩნდა

მანჩინიმ ‘სკუადრა აძურას’ იდენტობა მისცა და ახალი გუნდის შენება საკლუბო პრინციპით დაიწყო. წლებია, იტალია ერთი საბაზისო სქემით (4-3-3) თამაშობს, ძალიან სტაბილური შემადგენლობა და კარგად მოწესრიგებული როტაცია აქვს, თითოეულმა მოთამაშემ იცის თავისი ფუნქცია და ადგილი გუნდში და ნაკრებში კარგი ატმოსფეროა. ეს იტალიაც კლუბივით თამაშობს - სწრაფად, მაღალ ტემპში, დალაგებულად და აწყობილად. წლების მანძილზე შენების კვალი გუნდს აშკარად ეტყობა. ‘აძურის’ 2018 წლის შემდეგ არ წაუგია - ანუ 3 წელი და 26 თამაშია. ამ 26 თამაშიდან მათ 21 მოიგეს, 5 ფრე ითამაშეს და 70 გოლი გაიტანეს, რაც თამაშში საშუალოდ 2.7 გოლს ნიშნავს.

მანჩინი შეიძლება იტალიის ყველაზე საუკეთესო ტაქტიკოსი არ არის, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის ძალიან კარგი მენეჯერია.

შემადგენლობა

იტალიის ნაკრების შემადგენლობაზე საუბარი იოლია, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, ამ გუნდში უკვე წლებია, ყველაფერი მოწესრიგებულია და ერთი სისტემით ვითარდება. მანჩინი აქცენტს სტაბილურობასა და შეთამაშებულობაზე აკეთებს და არა მოულოდნელ სიურპრიზებზე.

კარში ახალი თაობის საუკეთესო იტალიელი მეკარე, ჯიჯო დონარუმა უალტერნატივოა. ერთი შეხედვით, ახალი იტალიის სათამაშო სტილს ნახევარდაცვა განსაზღვრავს. მანჩინის გუნდი ბურთს არაიტალიურად კარგად იჭერს და ათამაშებს. შუა ხაზში ‘აძურის’ უფრო შემქმნელი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა ამის მიუხედავად, დაცვა ტრადიციულად, იტალიურად გაუვალია - ზემოთ ხსენებულ 26 თამაშში ამ გუნდმა მხოლოდ 7 (!) გოლი გაუშვა. ბოლო 7 თამაშია, მანჩინის გუნდი საერთოდაც ნულზე თამაშობს და ერთ გოლზე მეტი კიდევ უფრო დიდი ხანია, 29 თამაშია, არ მიუღია. ახალი სისტემის მიუხედავად, გაუვალი დაცვა იტალიის ძლიერ მხარედ რჩება.

დაცვის ცენტრში მანჩინის ძირითადი დასაყრდენი კვლავ ძალიან გამოცდილი კიელინი-ბონუჩის დუეტია. მიუხედავად იმისა, რომ ლეონარდო ბონუჩის საუკეთესო სეზონი არ ჰქონდა, მისი პირველი პასის გამო, მანჩინის გუნდში ლეო პრაქტიკულად უკონკურენტოა. ჯორჯო კიელინი ძირითადის მცველია, თუმცა ძალიან ტრავმატულია და კვირაში ორჯერ თამაში მისთვის რეკომენდებული არ არის - ტრავმის ალბათობა იზრდება. სწორედ ამიტომ, რამდენიმე თამაშში მაინც, კიელინის იტალიის საუკეთესო ახალგაზრდა მცველი, ალესანდრო ბასტონი შეცვლის. მის გარდა, გუნდში ფედერიკო აჩერბიც არის. მოკლედ, ‘აძურის’ დაცვის ცენტრში ყველაფერი წესრიგში აქვს.

ნაკლები კონკურენციაა ფლანგებზე. მარჯვენა ფლანგზე ძირითადის კაცი გამოცდილი ალესანდრო ფლორენცია. იგი კარიერის დიდი ნაწილი ფლანგის ნახევარმცველი იყო და ახლაც ძალიან კარგად ერთვება შეტევაში და მისი დინამიურობიდან გამომდინარე, მთელი ფლანგის კონტროლი შეუძლია. გუნდში მოხვდა ატალანტას რაფაელ ტოლოი. ის მანჩინის დაცვის მარჯვენა ფლანგზე ვარიანტულობას აძლევს. ტოლოის შეუძლია, მარჯვენა მცველიც იყოს და ფლორენცისგან განსხვავებით, სიტუაციურად სამმცველიან ტაქტიკაზეც გადალაგდეს. ატალანტაში მას ამის დიდი პრაქტიკა აქვს. სწორედ ამიტომ, თუ მანჩინის ფლანგზე უფრო დაცვითი ვარიანტი უნდა, შესაძლოა ტოლოიმ ითამაშოს.

ყველაზე პრობლემურ რგოლად მარცხენა მცველის პოზიცია რჩება. მანჩინის ამ პოზიციაზე მაღალი კლასის კანდიდატურა უბრალოდ არ ჰყავს. ძირითადში ადგილისთვის რომას ლეონარდო სპინაცოლა და ჩელსის სათადარიგო ემერსონ პალმიერი იბრძოლებენ. ემერსონს ჩელსში თამაში თითქმის არ უწევს, თუმცა, როგორც აღვნიშნე, მანჩინისთვის მთავარი გუნდის სტაბილურობაა. სწორედ ამიტომაც არჩია, უთამაშებელი, თუმცა ნაცადი კადრი მიეწვია. ორივე მარცხენა მცველი შეტევაში კარგად ერთვება და მაშინ, როცა ფლანგის შემტევებს მოედნის ცენტრისკენ შეწევა უყვართ, მთელი ფლანგის კონტროლი მანჩინის გუნდში პირველ რიგში სწორედ მცველების საქმეა.

ნახევარდაცვაში 3 პოზიციაზე სასტარტოში თამაშის პრეტენზია ოთხ კაცს აქვს. ძირითად სამეულად ჟორჟინიო, ბარელა და ვერატი მიიჩნევიან. ისინი ძალიან კარგად ავსებენ ერთამენთს: ჟორჟინიოს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო პირველი პასი აქვს, კარგად იწყებს შეტევას და აკონტროლებს თამაშის ტემპს, ბარელა დინამიურია, ბევრს მოძრაობს და უბურთოდ თამაში ეხერხება. ვერატი ამ სამეულში საუკეთესო ინდივიდუალისტია, ჟორჟინიოს ბურთის გათამაშებაშიც ეხმარება და დრიბლინგის ხარჯზე ბურთი წინა ხაზში ძალიან კარგად გადააქვს.

მათ გარდა, ძირითადის კაცად მოიაზრება სასუოლოს მანუელ ლოკატელი, რომელიც იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეა და დიდი ალბათობით ამ ზაფხულში რომელიმე გრანდში გადავა. მის მსურველთა შორის იუვენტუსს და სიტის ასახელებენ. ლოკატელის დანარჩენ სამეულთან შედარებით უფრო მეტად ეხერხება დაცვითი ფუნქციების შესრულება და თუ მანჩინის გუნდის დაცვით ვარიანტზე გადაწყობა უნდა, მისი დახმარება აუცილებლად დასჭირდება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვერატის ტრავმის გამო სეზონის ბოლო გაუცდა და უცნობია, თუ რამდენად იქნება მზად პირველი თამაშებისთვის. მას სწორედ ლოკატელი შეცვლის.

მანჩინის შეტევის ორივე ფლანგზე კარგი არჩევანი აქვს. მარცხენა ფლანგიდან ნაპოლის ლორენცო ინსინიე თამაშობს, მარჯვნიდან კი ერთდროულად ორ ფეხბურთელს თამაშის თითქმის თანაბარი შანსი აქვთ. ფედერიკო კიეზა ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა და ის წლების მანძილზე ნაკრებში სტაბილურად თამაშობს. მის გარდა ამ პოზიციაზე თამაშის პრეტენზია სასუოლოს დომენიკო ბერარდის აქვს. შეიძლება კიეზა უფრო ვარსკვლავურად გამოიყურება, თუმცა ნაკრებში ბერარდის უკეთესი სტატისტიკა აქვს. კიეზას ანგარიშზე 24 თამაშში 1 გოლი და 4 საგოლე პასია, ბერარდიმ კი ათ თამაშში უკვე 4 გოლი გაიტანა.

განსხვავებულია მათი სათამაშო სტილიც: კიეზა უფრო აგრესიულია, თამაშს თავის თავზე იღებს და უფრო ხშირად ფლანგიდან ცდილობს გარღვევას. ბერარდის უფრო ბურთის გათამაშება უყვარს, ის ცაციაა და ფლანგიდან ხშირად ცენტრისკენ მოძრაობს. მანჩინი მათ შორის არჩევანს სტილის და მოწინააღმდეგის სპეციფიკის მიხედვით გააკეთებს.

შედარებით სუსტ რგოლად მიიჩნევა გამოკვეთილი თავდამსხმელის პოზიცია. ერთი ადგილისთვის ანდრეა ბელოტი და ჩირო იმობილე იბრძვიან. ძირითადში უფრო ხშირად იმობილეა ხოლმე, თუმცა ჩიროს ნაკრებში იმ დონეზე თამაში არ გამოსდის, როგორც კლუბში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმობილეს უფრო სივრცეში უყვარს თამაში. ჯგუფში იტალიის სამივე მეტოქე (თურქეთი, შვეიცარია, უელსი) კომპაქტური დაცვიდან თამაშს ამჯობინებს და იმობილეს საეჭვოა, სივრცის პოვნა გაუადვილდეს იმ მეტოქეებთან, რომლებიც თამაშის დიდ ნაწილს მეორე ნომრად თამაშობენ.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ეს იტალია შეტევაში ძალიან კარგად გამოიყურება, დალაგებული, კომბინაციური თამაში აქვს და გოლის გატანის პრობლემა საერთოდ არ დგას.

სატურნირო გზა

იტალიას ერთი შეხედვით მარტივი ჯგუფი შეხვდა. შვეიცარიაც და მით უმეტეს, უელსი და თურქეთი ‘აძურის’ კლასით აშკარად ჩამოუვარდებიან. თუმცა, სამივე მათგანს ეხერხება ორგანიზებულად, დაცვიდან თამაში და იოლი მოსაგები არცერთი არ იქნება.

ამ სამში ყველაზე რთული მეტოქე მაინც შვეიცარიაა. აღსანიშნავია ისიც, რომ იტალია რომში თამაშობს და ამ ჯგუფის ფაქტობრივი მასპინძელია.

დასკვნა

მანჩინის ხელში კრიზისული და უპერსპექტივო გუნდი ანგარიშგასაწევ ძალად გარდაიქმნა. ამ იტალიას არ ჰყავს ისეთი ვარსკვლავები, როგორც 2000-იანების დასაწყისში, თუმცა შეკრული და კარგად ორგანიზებული გუნდია. ევროპის ჩემპიონატმა უნდა აჩვენოს, თუ რამდენად გაამართლებს ნაკრების კლუბის პრინციპით აწყობის პრაქტიკა. შემადგენლობით არა, თუმცა თამაშით იტალია ერთ-ერთი საუკეთესოა.

კომენტარები

ბოლო ამბები