Thumbnail

NBA-ის ოფიციალურმა საიტმა ტრადიციულ Player Review-ში გოგა ბითაძის 2020/21 წლების სეზონი შეაჯამა.

დაფარებები გოგას ძლიერი მხარეა

Player Review 2021: გოგა ბითაძე
ასაკი: 21
წლები: 2 სეზონი NBA-ში
სტატუსი: ახალბედის კონტრაქტის მე-3 წელი
ძირითადი ციფრები: 45 მატჩში ითამაშა. კარიერის საუკეთესოა: წუთები (12.5), ქულები (5.1), 3-ქულიანის სროლის სიზუსტე (0.253) და დაფარებები (1.3). 

გოგა ბითაძის მომდევნო მატჩი მის NBA-ის კარიერაში საიუბილეო, მე-100 იქნება. ინდიანა პეისერსის ცენტრი მიიჩნევს, რომ მას სხვა შანსი არც აქვს, უნდა მოუმატოს. წინა მწვრთნელთან, ნეით მაკმილანთან, მან საშუალოდ მხოლოდ 8.7 წუთი გაატარა მოედანზე 54 მატჩში. თუმცა მან აჩვენა ფრაგმენტები იმ თამაშის, რაც მის გუნდს გამოადგება. 2020/21 წლების სეზონში ინდიანა ტრავმებმა შეაწუხა და ბითაძეს მეტი თამაშის შანსიც მიეცა. 7-ფუთიანი ქართველის სტატისტიკაც თითქმის ყველა კატეგორიაში გაიზარდა.

სასტარტოში მხოლოდ სამჯერ ითამაშა, ძირითადად შეცვლებზე შემოდიოდა და ინდიანას ფარს ეფექტურად იცავდა. სეზონის ბოლოსწინა მატჩში ლეიკერსთან ის თითქმის 30 წუთი ათამაშეს. იმ შეხვედრაში მან 10 ქულა, 7 მოხსნა და 4 დაფარება გააკეთა.

ფანებს აქვთ უფლება არ მოსწონდეთ ბითაძის თამაში შეტევაში (მხოლოდ 5.1 ქულა საშუალოდ), მაგრამ დაცვაში მისი პროგრესი აშკარაა და ეს მწვრთნელ ნეით ბიორკგრენს ძალიან მოსწონს და ხშირად ახსენებს ხოლმე.

დაფარებების საშუალო მაჩვენებელი 0.7-დან 1.3-მდე გაიზარდა. მეტიც, ყოველ 36 წუთში ეს მაჩვენებელი 3.9-ია. მან 18 მატჩში შეძლო 1-ზე მეტი დაფარების მითვლა, მემფისთან და სან ანტონიოსთან კი მეტოქეებს 5-5-ჯერ დაუფარა. ეს წლეულს მხოლოდ ორმა პეისერსმა შეძლო - მაილს ტერნერმა (12-ჯერ) და ოშეი ბრისეტმა (ერთხელ). 

ახალგაზრდა ცენტრმა მოუმატა მოხსნებშიც, რაც ყოველ 36 წუთში 8.1-დან 9.6 მოხსნამდე ავიდა. ფარქვეშ პოზიციის შერჩევის უნარი წინა სეზონთან შედარებით ბევრად უკეთესია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოდის ინდიანას მთავარი ცენტრების მაილ ტერნერისა და დომანტას საბონისის წყალობით, მათთან ერთად თამაში ბითაძეს ზრდის, როგორც კალათბურთელს. გოგა ამის გამო მადლიერია, თუმცა უკვე მეტ სათამაშო დროსაც ითხოვს.

მაგრამ თუ გოგას სურს, რომ მეტი სათამაშო დრო მიიღოს, დაცვასთან ერთად შეტევაშიც უნდა მოუმატოს. დღევანდელ ლიგაში ცენტრები 3-ქულიანებს აუცილებლად უნდა ისროდნენ. ეს მეტოქის დაცვის არევის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. ბითაძეს შეუძლია სამქულიანების სროლა. მან სიზუსტესაც მოუმატა 19%-დან 25%-მდე. ეს კარგია, მაგრამ მეტია საჭირო, რომ მეტოქის ცენტრებმა გოგა პერიმეტრზე სერიოზულ საფრთხედ ჩათვალონ და ფარქვეშ სივრცე მიატოვონ. ამ სეზონში მას ხშირად ტოვებდნენ პერიმეტრზე და გოგას რომ ისინი ამის გამო უფრო ხშირად დაესაჯა, ასე აღარ მოიქცეოდნენ. 

ტრავმის გარეშე თამაში ასევე მნიშვნელოვანი იქნება გოგასთვის. ტრავმის გამო, გოგა მხოლოდ მე-13 მატჩიდან ჩაერთო რეგულარულ სეზონში. ზედიზედ 20 მატჩში თამაშის შემდეგ მან, სან ანტონიოსთან ისევ ტრავმა მიიღო და კიდევ 7 მატჩის გამოტოვება მოუწია. როცა ტერნერი გუნდს საბოლოოდ დააკლდა, ბითაძემ დაამტკიცა, რომ ინდიანასთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. 

მისი სტატისტიკა იზრდება, ის შეიძლება გახდეს ინდიანას ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წევრი. სეზონის ბოლოს ინტერვიუში ცენტრმა აღნიშნა, რომ სწორ გზაზეა: "მიხარია, რომ მომიწია თამაშები. რაც უფრო მეტ დროს მივიღებ, დარწმუნებული ვარ, მეტად უკეთ ვითამაშებ". 

კომენტარები

ბოლო ამბები