- იოზუა კიმიხი გერმანიის ნაკრების ნამდვილი ლიდერია
- დანიასთან მატჩში მან ლეროი სანეს ბევრი შენიშვნა მისცა
ის ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია მათ შორის, ვინც დღეს გერმანიას ჰყავს, მაგრამ გერმანიაში უკვე ეჭვობენ, რომ ლეროი სანემ ჯერაც ვერ გაიგო, როგორი განწყობით უნდა თამაშობდეს ბუნდესგუნდში.
დანიასთან ტესტ-მატჩში (1:1) სანე ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 86 წუთი გაატარა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში თითქმის საერთოდ არ ჩანდა. 25 წლის გარემარბს მონდომება არ ეტყობოდა და კონცენტრაციაც დაკარგული ჰქონდა. სწორედ ამიტომ, გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა და ლიდერმა იოზუა კიმიხმა მას თამაშის დროს მკაცრად შეუტია.
ეს 57-ე წუთზე მოხდა: დანიელებმა საკუთარ ნახევარზე გერმანელების შეტევა ჩაშალეს. ლიოვმა ფეხბურთელებს გეგენპრესინგისკენ მოუწოდა - თომას მიულერმა, კიმიხმა და სერჟ გნაბრიმ დაუჯერეს, სანემ კი - არა!
კიმიხმა მას დაუყვირა: “ლეროი, მიდი!” მაგრამ სანე არც განძრეულა და ნაწყენი სახე მიიღო. რამდენიმე წამის შემდეგ, ლეროიმ ზედმეტად აგრესიული ვარდნა განახორციელა და ამისათვის ყვითელი ბარათი მიიღო. ამის გამო კიმიხმა გაბრაზება უკვე ვეღარ დამალა და უფრო მაგრად დაუყვირა: “წუწუნს თავი დაანებე, ძმაო!”
აღსანიშნავია, რომ კიმიხი და სანე ბუნდესგუნდის ვარჯიშზეც რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. იოზუა ლეროისგან ხშირად ითხოვს მეტ მონდომებას და თავგანწირვას. მიუხედავად მისი ინერტულობისა, ლიოვმა დანიასთან სანე მაინც გაამწესა.
ახლა გერმანიის ნაკრებს შეკრებაზე კაი ჰავერტცი და ტიმო ვერნერი უერთდებიან, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობის გამო დასასვენებლად სხვებზე მეტი დრო მიეცათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ლატვიასთან ამხანაგურ შეხვედრაში (7 ივნისს) სანე, დიდი ალბათობით, სათადარიგო იქნება...
კომენტარები