Thumbnail
  • ტიტემ ნაკრების 23 კაციანი სია დაასახელა
  • ტრავმირებული ნეიმარი სიაშია, დანი ალვეში არა

14 მაისს საღამოს 21 საათზე ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა ტიტემ იმ 23 ფეხბურთელის სია დაასახელა, რომლებიც ზაფხულში რუსეთში ბრაზილიისთვის მე-6 მუნდიალის მოგებას შეეცდებიან. 

სიაში არის ტრავმირებული ნეიმარი, რომელიც ახლახან შეუდგა ინდივიდუალურ ვარჯიშს. 

ტიტემ თებერვალში უკვე დაასახელა მუნდიალზე წამსვლელი 16 კაცი, თუმცა ამ სიას ერთი დააკლდა - პსჟ-სთვის სრულიად უმოტივაციო მატჩის მიწურულს დანი ალვეშმა მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ წავა. ახლა მარჯვენა ფლანგზე ძირითადისთვის დანილო და ფაგნერი იბრძოლებენ.

► WC 2018 | ნეიმარი და მისი გუნდი - ბრაზილიის ნაკრები მუნდიალის წინ

ასე რომ, ტიტემ 15 კაცს კიდევ 8 დაამატა. რა თქმა უნდა, სიაში ერთი დებიუტანტიც არ არის. 
სიაში ვერ მოხვდა მცველი დავიდ ლუიზი, მისთვის მუნდიალზე ოცნება დასრულებულია.

ტიტემ შემდეგი ფეხბურთელები დაამატა - მეკარეებს ალისონსა და ედერსონს კორინთიანსის კასიოც დაეხმარება.

როგორც მოსალოდნელი იყო, იუვენტუსის დუგლას კოშტა და შახტარის ნახევარმცველი ფრედი "სელესაოს" დაემატნენ. ფრედის გუნდელი ტაისონი შეავსებს წინა ხაზს. 

სარეზერვო ცენტრალურ მცველად გრემიოს პედრო ჟერომელი მიდის. 

ტიტე პრესკონფერენციაზე

დანიშვნიდან (2016 წლის ივნისი) ტიტემ ჯამში 64 ფეხბურთელი გამოსცადა, 23-ეული ამ სიიდანაა. 
ნაკრები ტერესოპოლისში "გრანია კომარიზე" 21 მაისს შეიკრიბება და ლონდონში 27 მაისს გაფრინდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალის მონაწილე ფეხბურთელები "სელესაოს" 28 მაისს შეუერთდებიან.

3 ივნისს "ენფილდზე" ბრაზილიის ნაკრები ხორვატიას ეთამაშება, 10-ში კი ვენაში ავსტრიის ნაკრებს შეხვდება. 11-ში ნაკრები რუსეთში გაფრინდება, სადაც მუნდიალს 17 ივნისს შვეიცარიასთან შეხვედრით იწყებს. E ჯგუფში ტიტეს გუნდის მეტოქეები ასევე სერბეთი და კოსტა რიკა არიან. 

მუნდიალი დანი ალვეშის გარეშე ჩაივლის

► მეკარეები: ალისონი (რომა), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), კასიო (კორინთიანსი);

► მცველები: მარსელო (რეალი), დანილო (მანჩესტერ სიტი), ფილიპე ლუიში (ატლეტიკო), ფაგნერი (კორინთიანსი), მარკინიოსი, ტიაგო სილვა (ორივე - პსჟ), მირანდა (ინტერი), პედრო ჟერომელი (გრემიო);

► ნახევარმცველები: ვილიანი (ჩელსი), ფერნანდინიო (მანჩესტერ სიტი), პაულინიო (ბარსელონა), კაზემირო (რეალი), ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა), რენატო აუგუსტო (ბეიჯინ გოანი), ფრედი (შახტარი);

► თავდამსხმელები: ნეიმარი (პსჟ), გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), რობერტო ფირმინო (ლივერპული), დუგლას კოშტა (იუვენტუსი), ტაისონი (შახტარი).

P.S. სხვა გუნდების შემადგენლობები ნახეთ ამ ბმულზე.

კომენტარები

ბოლო ამბები