Thumbnail
  • საფრანგეთის ნაკრებმა უელსი 3:0 დაამარცხა
  • უელსელები 25-ე წუთიდან ათი კაცით დარჩნენ

საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა უელსი ამხანაგურ შეხვედრაში იოლად - 3:0 დაამარცხა. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ სტუმრები 25-ე წუთზე ათი კაცით დარჩნენ: ნეკო ვილიამსმა საჯარიმოში ხელით ითამაშა, რის გამოც მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

სხვა საქმეა, რომ ქარიმ ბენზემას პენალტი მეკარემ აუღო და ეს იყო ზედიზედ მესამე 11-მეტრიანი, რომელიც მან ეროვნული ნაკრების მაისურით ვერ გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ, უგო ლორისმა საინტერესო ამბავი გაამხილა. როგორც ირკვევა, პენალტის ეპიზოდში ფრანგების უმეტესობა არბიტრს სთხოვდა, რომ ვილიამსი არ გაეგდო.

''ყველამ ვთხოვეთ მსაჯს, უელსელი ფეხბურთელისთვის წითელი ბარათი არ ეჩვენებინა და ის მინდორზე დაეტოვებინა. გვინდოდა, რომ მატჩი 11x11-ზე გაგრძელებულიყო, მაგრამ მან გადაწყვეტილება არ შეცვალა'', - განაცხადა უგო ლორისმა.

ფრანგები მომდევნო ამხანაგურ მატჩს ბულგარეთთან გამართავენ. შეხვედრა 8 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც დეშამის გუნდი 15 ივნისს ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში გერმანიას შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები