Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა - რუმინეთის ნაკრებს სტუმრად ქალაქ პლოიეშტიში დაუპირისპირდა და პირველი გამარჯვებაც იზეიმა. 

აღსანიშნავია, რომ 15 ათასიან არენა "ილიე ოანეზე" შეზღუდული რაოდენობით გულშემატკივრები დაუშვეს. რაც შეეება საქართველოს ნაკრების ფრანგი თავკაცის არჩევანს, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობაში მეტწილად ის მოთამაშეები დააყენა, რომლებსაც მისი ხელმძღვანელობით მანამდე არ უთამაშიათ. 

თუკი საბა კვერკველია, დავით ხოჭოლავა, თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი ეროვნული გუნდის სტაჟიანი წევრები არიან, რუმინეთთან მატჩი ნაკრებში სადებიუტო იყო დინამო ბათუმის მეკარე ლაზარე კუპატაძისა და ამავე გუნდის ახალგაზრდა მცველისთვის, ირაკლი აზაროვისთვის. აღსანიშნავია, რომ სასტარტოში აჭარული კლუბიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი მოხვდა - გრიგოლ ჩაბრაძე.

ამხანაგურ მატჩს არაოპტომალური გუნდით შეხვდნენ მასპინძლებიც. შეხვედრა კი ორმხრივი იერიშებით და მაღალ ტემპში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ეფექტური გოლის გატანის შანსი დებიუტშივე ჰქონდა, თუმცა მასპინძელთა კართან ორიოდე მეტრში მყოფ თორნიკე ოქრიაშვილს "მაკრატელა" არ გამოუვიდა  იქამდე გიორგი აბურჯანია ელოდა 11-მეტრიანს, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი რუმინელთა მცველს იდაყვზე მოხვდა…

საქმეში ჩართვა ლაზარე კუპატაძესაც მალევე მოუხდა. საქართველოს ნაკრების დებიუტანტი მეკარისთვის განსაკუთრებით უსიამოვნო დარტყმა საჯარიმოდან ალექსანდრუ მაქსიმმა შეასრულა.  

მასპინძლებს ბურთის ფლობის მხრივ აშკარა უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ 36-ე წუთზე შექმნეს. ჯერ იანის ჰაჯის სახიფათო საჯარიმოს შემდეგ საქართველოს ნაკრების კარი ხარიხამ იხსნა, შემდეგ კი უკვე კუპატაძემ გამოავლინა ბრწყინვალე რეაქცია და ახლო მანძილიდან დენის ალიბეკს არ გაატანინა.

ლაზარე კუპატაძის სუპერსეივი

ტაიმის მიწურულს რუმინეთის ნაკრები 10 კაცით დარჩა. ფლორინ ტანასემ მასთან მებრძოლ გრიგოლ ჩაბრაძეს იდაყვი ჩაარტყა, რის პასუხადაც არბიტრისგან წითელი ბარათი მიიღო.

კაცნაკლულმა რუმინეთის ნაკრებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ნელ-ნელა შეძლო ამოწევა. ვილი სანიოლმაც გუნდის შეტევის პოტენციალის გაძლიერება ცვლილებებით სცადა - ლევან შენგელიას ნაცვლად მოედანზე საბა ლობჟანიძე შეუშვა, ნიკა კვეკვესკირი კი ოთარ კიტეიშვილით შეცვალა და შედეგიც მიიღო. საქართველოს ნაკრების გოლებში წვლილი ორივემ შეიტანა.  

კიტეიშვილმა პირველივე იერიში ეფექტური საგოლე პასით დაასრულა, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ დააგვირგვინა და საქართველოს ნაკრების მაისურით პირველი გოლი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში საღრმიდან დროული და ზუსტი გადაცემა აზაროვმა შეასრულა.

რუმინეთს გათანაბრების შანსი სწრაფად მიეცა, მაგრამ ვერ გამოიყენა. საბა კვერკველიამ საკუთარ საჯარიმოში ანდრეი ივანზე იუხეშა. ბერძენმა არბიტრმა ტასოს სიდიროპოლუსმა გამოცდილი ქართველი მცველი, რომელსაც ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა, გააძევა, კუპატაძის კარში კი პენალტი დანიშნა. რეზვან მარინიმ 11 მეტრიდან ბურთი კარს ააცილა.  

საქართველოს ნაკრებმა მასპინძელთა კარში მეორე გოლი აბურჯანიას და ლობჟანიძის გათამაშებული "კედლით" შეაგდო. კარტახენას ნახევარმცველისთვისაც ეს გოლი სადებიუტო აღმოჩნდა ეროვნულ გუნდში.

მიქაუტაძემ ნაკრების ფორმით პირველი გოლი გაიტანა

რუმინელებს თამაშის გადარჩენის იმედი 78-ე წუთზე ანდრეი ივანმა ჩაუსახა, რომელმაც კუპატაძეს ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაუტანა. ქართველი ცენტრალური მცველების უყურადღებობის წყალობით, ივანს დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა მომდევნო ეპიზოდში თავით ზუსტად ვეღარ დარტყა.  

საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და ისტორიაში პირველად, მერვე მცდელობიდან შეძლო რუმინეთის დამარცხება. ამასთან, ეს გამარჯვება პირველია ვილი სანიოლისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე.

საქართველოს ნაკრები ოთხ დღეში კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. სანიოლი თავის გუნდს 6 ივნისს, ნიდერლანდების წინააღმდეგ, ქალაქ ენსხედეში გამოცდის.

რუმინეთი 1:2 საქართველო

გოლები: 0:1 მიქაუტაძე (61'), 0:2 აბურჯანია (71'), 1:2 ივანი (78')

გამოუყენებელი პენალტი: მარინი (65')

რუმინეთი (4-3-3): ვლადი - დეიან სორესკუ, ნედელჩარუ, კირიკეში, განია - ოლარუ (57' ჩიკილდეუ), მარინი (77’ სტანჩუ), მაქსიმი (58' ბუდესკუ) - ჰაჯი (77' კეშერიუ), ალიბეკი (58' ივანი), ფლორინ ტენასე.
გაძევება: ტენასე (42')

საქართველო (4-5-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, ხოჭოლავა, კვერკველია, აზაროვი - შენგელია (57' ლობჟანიძე), კვეკვესკირი (57' კიტეიშვილი), აბურჯანია (80' გვილია), ოქრიაშვილი (76' კაშია), დაუშვილი - მიქაუტაძე (81' ზივზივაძე).
გაძევება: კვერკველია (64').

კომენტარები

ბოლო ამბები