Thumbnail

ახლახან აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის სპორტულმა დეპარტამენტმა დააანონსა, რომ სოხუმს UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, წარმოშობით დაღესტნელი ხაბიბ ნურმაგომედოვი ეწვეოდა და კრივის მასტერკლასებს ჩაატარებდა. მოგვიანებით კი დაიწერეა, რომ ხაბიბს ვიზიტი საქართველოსა და ამერიკისგან მოსალოდნელი სანქციების გამო ჩაეშალა.

ამასთან დაკავშირებით UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ დაღესტნელი მებრძოლის სოხუმში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გავრცელებული ხმები სიმართლეს არ შეესაბამება და სინამდვილეში, ცნობილი დაღესტნელი სპორტსმენი ამ ზაფხულს სტუმრობას საქართველოში აპირებს.

ლეგენდარული დაღესტნელი მებრძოლი თბილისს ადრეც სტუმრობდა

"გამარჯობა მეგობრებო. მსურს ხაბიბ ნურმაგომედოვთან დაკავშირებულ სტატიებზე ვისაუბრო, რომელთა თანახმად, თითქოს ის 1-ელ ივნისს აფხაზეთში აპირებდა ჩასვლას. მოვიდა 1-ელი ივნისი და ფაქტია, რომ ის აფხაზეთში არ ჩავიდა. ამის ერთადერთი წყარო იყო აფხაზური გამოცემა.

მეტიც, ხაბიბ ნურმაგომედოვი საქართველოში ჩამოსვლას და ჩემს ქართველ მეგობრებთან ერთად რამდენიმე კარგი პროექტის განხორციელებას აპირებს. სამწუხაროდ, მასზე ბევრი ნეგატიური საუბარი მიმდინარეობს, რასაც არ იმსახურებს. 

ის კარგი და ღირსეული ჩემპიონი იყო. ახლა დაანება სპორტს თავი, მაგრამ ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და მომავალშიც აპირებს, მათ შორის საქართველოშიც, რაც წაადგება როგორც ჩვენს ქვეყანაში MMA-ს განვითარებას, ისე - ჩვენი ქვეეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო არენაზე.

მას ყოველთვის პატივს ვცემდი, როგორც სპორტსმენს, ახლა კი წარმატებებს ვუსურვებ, როგორც პრომოუთერსა და კარგი პროექტების განმახორციელებელს. MMA-ს ქართველ გულშემატკივრებს ვურჩევ, რომ ამ ადამიანის მიმართ პოზიტიურად ვიყოთ განწყობილნი. ის არ არის ჩვენი მტერი, პირიქით, ჩვენი მეგობარია და ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს ჩვენთან ერთად", - ამბობს დვალიშვილი ვიდეომიმართვაში. 

30 წლის მერაბ დვალიშვილი UFC-ში 2017 წლის ბოლოდან გამოდის და ამ ორგანიზაციის ეგიდით უკვე 8 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც ბოლო 6-ში გამარჯვება იზეიმა.

32 წლის ხაბიბ ნურმაგომედოვმა MMA-ში კარიერა შარშან ოქტომბერში, რეკორდით დაასრულა - 29 მოგება (13 UFC-ში) და არცერთი მარცხი. 

კომენტარები

ბოლო ამბები