Thumbnail

'ზაფხულის ბომბი იქნება' - გიორგი ქვილითაიას ტრანსფერი თითქმის გადაწყდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია, რომლის უფლებებს ბელგიური გენტი ფლობს, ბოლოს კი იჯარით ანორთოსისში გამოდიოდა, დიდი ალბათობით ისევ კვიპროსში დარჩება.

ადგილობრივი მედიის ვარაუდით, 27 წლის ცენტრფორვარდი კარიერას აპოელ-ში გააგრძელებს და ამის შესახებ ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

"გიორგი ქვილითაია, დიდი ალბათობით, კარიერას კვიპროსში გააგრძელებს, მაგრამ არა ანორთოსისის, არამედ "ლურჯ-ყვითლების" (აპოელ-ის მეტსახელი) მაისურით. კლუბის ხელმძღვანელობა რამდენიმე დღეა გენტთან ურთიერთობს, რომელიც ქართველი თავდასხმელის გაყიდვით არის დაინტერესებული. ბელგიურ კლუბს ფეხბურთელის იჯარა აღარ აწყობს, რადგან კონტრაქტს ვადა ერთი წლის შემდეგ იწურება.

როგორც ჩანს, აპოელ-ი მზადაა ბელგიური კლუბის ფინანსური მოთხოვნები დააკმაყოფილოს, მოლაპარაკება კი უშუალოდ ფეხბურთელთან კონტრაქტის ხანგრძლივობასა და წლიურ ანაზღაურებაზე მიმდინარეობს", - წერს sportime.

ცნობილია, რომ გენტს ქართველ ფორვარდში ნახევარი მილიონი ევროს მიღება სურს

"თუკი გენტსა და ფეხბურთელთან შეთანხმება შედგება, ეს ზაფხულის ბომბი იქნება, რადგან ის საკმაოდ მაღალი დონის თავდამსხმელია. აპოელ-მა და გენტმა ტრანსფერის ძირითად დეტალებზე უკვე მოილაპარაკეს…", - წერს protathlima.

გიორგი ქვილითაია ბელგიურ გენტში 2018 წელს, ავსტრიული რაპიდიდან გადავიდა, ბოლო სეზონი კი იჯარით ანორთოსისში გაატარა. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში გატანილი 16 გოლით, ის თემურ ქეცბაიას გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და კვიპროსის თასსაც დაეუფლა

გიორგის კარიერის კვიპროსული პერიოდი წარმატებული გამოვიდა

რაც შეეხება აპოელ-ს, ქალაქ ნიქოზიის კლუბი 1926 წელს დაარსდა და კვიპროსში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანია. აპოელ-ს კვიპროსის ჩემპიონობა 28-ჯერ, კვიპროსის თასი კი 21-ჯერ აქვს მოგებული. გუნდმა, რომელსაც სავას პურსაიდისი წვრთნის, 2020/21 წლების ჩემპიონატი მე-8 ადგილზე დაასრულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები