Thumbnail

იტალიური მედია: კარლო ანჩელოტი ნაპოლის გაწვრთნას დათანხმდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნაპოლის პრეზიდენტი 58 წლის სპეციალისტთან ერთი თვეა თათბირობს
  • CalcioNapoli24 წერს, რომ კონტრაქტი უკვე ამ კვირაში გაფორმდება
  • უცნობია, რას აპირებს მაურიციო სარი

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი თანახმაა, ნაპოლი გაწვრთნას. ამის შესახებ CalcioNapoli24 იუწყება, რომლის ცნობით, ნეაპოლიტანური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი პირადად ესაუბრა 58 წლის სპეციალისტს და დაიყოლია კიდეც ის.

მანამდე ნაპოლის ამჟამინდელმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ განაცხადა, რომ მზადაა, სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს გუნდი, თუკი ხელმძღვანელობა შედეგებით უკმაყოფილოა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სარის მიწვევით ჩელსი, არსენალი და დორტმუნდი ინტერესდებიან, მწვრთნელმა ნაპოლიში დარჩენა-არდარჩენის გადაწყვეტილება კი 17 მაისამდე უნდა მიიღოს.

რაც შეეხება ანჩელოტის, როგორც ირკვევა, მილანის, ჩელსის, რეალისა და ბაიერნის ყოფილ თავკაცთან მოლაპარაკებები ნაპოლიმ ერთი თვის წინ დაიწყო, კონტრაქტი კი უკვე ამ კვირაში გაფორმდება.

ანჩელოტი, რომელიც უმუშევარი 2017 წლის ბოლოს, ბაიერნთან განშორების შემდეგ დარჩა, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ერთერთ მთავარ კანდიდატად განიხილებოდა, მაგრამ შეთანხმება არ შედგა. 

იტალიელ სპეციალისტს ჩემპიონთა ლიგა სამჯერ აქვს მოგებული. ის ერთადერთი მწვრთნელია, ვისაც ჩემპიონობა ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში უზეიმია.

მაურიციო სარის ხელში ნაპოლიმ სერია A-ს 2017/18 წლების სეზონში ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები