Thumbnail
  • ესპანეთის ნაკრები თაობათა ცვლის პროცესშია
  • ლუის ენრიკემ რამოსზე უარის თქმით გუნდს ლიდერი გამოაკლო
  • შემადგენლობა ხშირად იცვლება და ესპანეთს ბევრი პრობლემა აქვს
  • 'ფურია როხა' ცოტა გოლს უშვებს, თუმცა გუნდს შეტევაში უჭირს

ბოლო დიდი ტურნირებია, ესპანეთის ნაკრები თავის თავს არ ჰგავს და ევროპის ჩემპიონატზეც ბევრი პრობლემით მიდის - გუნდს არც სტაბილური შემადგენლობა ჰყავს, კლასითაც ჩამოუვარდება თავის წინა თაობის გუნდებს და ფაქტობრივად, ლიდერის გარეშეა დარჩენილი.

ლუის ენრიკემ თაობათა ცვლის პროცესის დაწყება სცადა, თუმცა ეს არცთუ კარგად გამოუვიდა და ახლა ესპანეთი ევროპის ჩემპიონატს უფრო მეტი შეკითხვით ხდება, ვიდრე პასუხით. რას ველოდოთ ესპანეთისგან?

თაობათა ცვლის პროცესი

ლუის ენრიკემ თაობათა ცვლის პროცესის დაწყება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სცადა, თუმცა ევროპის ჩემპიონატი მოვიდა და ეს პროცესი დასრულებული ჯერ კიდევ არ არის. ეს ლუის ენრიკეს ბრალიც არის, რომელიც ამ პროცესს კარგად ვერ გაუძღვა და ობიექტური პრობლემებისაც. ობიექტური რეალობაა ის, რომ ესპანეთის ახალი თაობა თავის წინამორბედთან - ყველაფრის მომგებ დიდ გუნდთან, კლასით და ტალანტით ახლოსაც კი ვერ მივა. დანი ოლმოს და ფერან ტორესს ანდრეს ინიესტას და დავიდ სილვას ვერ შეადარებ.

შედეგად, ლუის ენრიკე ჯერ კიდევ ძიების პროცესშია, ხშირად ცვლის გუნდის შემადგენლობას და ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ ვინ იქნება ძირითადში, ვინ არის ენრიკეს მთავარი დასაყრდენი და როგორ ითამაშებს ესპანეთი. ტურნირის დაწყებამდე ორიოდე კვირით ეს არცთუ კარგი მოცემულობაა.

შემადგენლობა

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ესპანეთის შემადგენლობის პროგნოზირება ამ ეტაპზე, პრაქტიკულად შეუძლებელია. მარტის შესარჩევი თამაშების დროსაც ლუის ენრიკემ სამივე თამაში რადიკალურად განსხვავებული შემადგენლობით ითამაშა და გამომდინარე იქიდან, რომ ესპანეთი არც საბერძნეთთან და არც საქართველოსთან დამაჯერებელი არ იყო, რთულია, რომ მწვრთნელის ექსპერიმენტებს წარმატებული ვუწოდოთ.

იმ ფონზე, როდესაც დავიდ დე ხეას სათამაშო ფორმა და კლუბში ძირითადში სტაბილური ადგილი დაკარგული აქვს, ლუის ენრიკე კარში უნაი სიმონს ენდობა. დე ხეას მთელი გამოცდილების მიუხედავად, სწორედ სიმონი იდგა ამ წლის შესარჩევის სამივე შეხვედრაში და რთული წარმოსადგენია, რომ მეკარე ზედ ტურნირის წინ შეიცვალოს.

ესპანეთი სერხიო რამოსის გარეშე დარჩა

ლუის ენრიკემ ესპანეთის გულშემატკივრებს მთავარი და არცთუ სასიამოვნო სიურპრიზი დაცვის ხაზში მოუმზადა. ნაკრებში ვერ მოხვდა რეალის და ესპანური ფეხბურთის სიმბოლო, ლეგენდარული სერხიო რამოსი. რამოსს რამდენიმე თვეა ტრავმები აწუხებს და რეალში სტაბილური სათამაშო პრაქტიკა ბოლო პერიოდში არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად, მისი კლასი კითხვის ნიშნის ქვეშ არ შეიძლება დადგეს. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ესპანეთს დაცვის ცენტრში სხვა გამოცდილი მოთამაშე, რომელიც დაცვის ლიდერის როლს მოირგებს, ფაქტობრივად, არ ჰყავს.

უცნაურია ისიც, რომ მწვრთნელმა ეს მოულოდნელად გააკეთა. თუნდაც თაობათა ცვლის პროცესში, გუნდში სერხიოს ადგილი მუდამ გარანტირებული იყო. ტრავმების გარდა, ლუის ენრიკეს ეს ნაბიჯი რამოსისადმი მისი არცთუ კარგი დამოკიდებულებითაც უნდა აიხსნას. სერხიო არცთუ იოლი ხასიათის მქონე კაცია და როგორც რეალის, ისე ესპანეთის ნაკრების გასახდელში მწვრთნელზე ავტორიტეტულად მიიჩნევა. მის გარეშე ესპანეთს არა მხოლოდ მსოფლიო კლასის მცველი, არამედ გასახდელში გუნდის უპირობო ლიდერიც დააკლდება.

რამოსის გარეშე ესპანეთის დაცვის ცენტრის წინასწარმეტყველება რთული იქნება. დაცვის ხაზში ბევრი ახალწვეული და ახალგაზრდა მოთამაშეა - საფრანგეთის ნაკრებიდან გადმობარგებული ემერიკ ლაპორტი, ერიკ გარსია, დიეგო ლორენტე და პაუ ტორესი. როგორც აღვნიშნე, ლუის ენრიკეს გუნდი ჯერ კიდევ დაულაგებელია, ცვლილებების პროცესშია და ზუსტი წინასწარმეტყველება რთულია, თუმცა უფრო მოსალოდნელია, რომ დაცვის ცენტრში ძირითად წყვილს ორი ახალგაზრდა მოთამაშე - პაუ ტორესი და ერიკ გარსია შეადგენენ.

ტორესი ვილიარეალის ლიდერი და ესპანეთის საუკეთესო ახალგაზრდა მცველია. მას რეალში სწორედ სერხიო რამოსის შემცვლელად მოიაზრებენ და გასულ წელს ერთა ლიგის გათამაშებაში მან ყველა თამაში ჩაატარა სერხიო რამოსთან ერთად დუეტში. სიტიდან ბარსელონაში გადაბარგებული ერიკ გარსია, სულ 21 წლისაა, თუმცა ის ერთადერთი იყო, რომელმაც მარტის შესარჩევში, სამივე შეხვედრაში ითამაშა და, როგორც ჩანს, ლუის ენრიკე მას დაცვის ცენტრში შეუცვლელად მოიაზრებს.

დიდი ალბათობით, დაცვის მარჯვენა ფლანგზე ნომინალურ ნახევარმცველად ატლეტიკოს მარკოს ლორენტე დადგება. ლორენტე ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ძალიან კარგ ფორმაშია და მას მთელი ფლანგის კონტროლი შეუძლია. შეტევაში ის კონკურენტ ასპილიკუეტაზე ბევრად უკეთ ერთვება. ესპანეთის სათამაშო სქემისთვის, მაშინ როცა ფლანგის შემტევებს (ფერან ტორესი, დანი ოლმო) ფლანგიდან მოედნის ცენტრისკენ შეწევა უყვართ, მნიშვნელოვანია, რომ განაპირა მცველები შეტევაში კარგად ერთვებოდნენ და ფლანგის შემტევების მიერ გათავისუფლებულ სივრცეებს ავსებდნენ. ლორენტეს კი ეს კარგად შეუძლია, ისევე როგორც ჟორდი ალბას - დაცვის მარცხენა ფლანგზე. ლუის ენრიკე შესარჩევშიც ლორენტეს ორი თამაშში ენდო ამ პოზიციაზე.

ზემოთ ესპანეთის შემადგენლობის არასტაბილურობა ვახსენე - გასული წლის ერთა ლიგის გათამაშებაში სერხიო რამოსმა ექვსივე თამაში ჩაატარა, მარჯვნივ სამჯერ ხესუს ნავასი იდგა, ორჯერ სერხი რობერტო და ერთხელ დანი კარვახალი, ხოლო მარცხნივ სამი თამაში სერხიო რეგილონმა ითამაშა. არცერთი ეს ფეხბურთელი დღეს ნაკრებში არ არის. გამოდის, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში ლუის ენრიკემ თითქმის მთელი დაცვა შეცვალა.

სტატისტიკურად, დაცვა ესპანეთის ყველაზე ძლიერი რგოლია. "ფურია როხას" სამ წელზე მეტია, უკვე 22 თამაშია, შეხვედრაში ერთ გოლზე მეტი არ გაუშვია. ერთი შეხედვით, ეს უცნაურია, თუმცა ეს სათამაშო სტილით უნდა აიხსნას. ლუის ენრიკეს ყველაზე დიდი კონკურენცია ნახევარდაცვაში აქვს. სწორედ ეს რგოლი განსაზღვრავს სათამაშო სტილს. ესპანეთი მისთვის ტრადიციული 4-3-3 სქემით თამაშობს.

მოედნის ცენტრში საყრდენის პოზიციაზე სერხიო ბუსკეტსი და როდრი თამაშობენ. მიუხედავად სუსტი სეზონისა, ლუის ენრიკე მაინც უფრო ხშირად ბუსკეტსს ენდობა. მათ წინ ორი ადგილისთვის კოკე, ბარსელონას პედრი, ფაბიან რუისი და ტიაგო ალკანტარა იბრძვიან. ყველა ეს ფეხბურთელი უფრო ბურთის დაჭერაზეა ორიენტირებული, ვიდრე - მეტოქის კარისთვის საფრთხის შექმნაზე. შედეგად, ესპანეთი ხშირად ფლობს ბურთს, თუმცა ეს უფრო სტერილური ფლობაა - გუნდს მომენტების შექმნა და გოლის გატანა უჭირს. ბოლო 9 თამაშში ესპანეთმა მხოლოდ სამჯერ მოახერხა ერთ გოლზე მეტის გატანა და ორჯერ ეს კოსოვოსა და საქართველოსთან მოხდა.

ამ გუნდს უფრო მეტად მასირებულ დაცვასთან უჭირს თამაში, თორემ გერმანიამ, რომელმაც ღია თამაშში ესპანეთის აყოლა სცადა და სივრცეები გაათავისუფლა, მეტოქისგან 6 გოლი მიიღო.

სამაგიეროდ, ბურთის ფლობა და ერთდროულად სამი მოთამაშე, რომელიც მუდამ მოედნის ცენტრშია, ესპანეთის დაცვას საქმეს უიოლებს. ბურთის ფლობით და ბევრი მოთამაშის ცენტრში კონცენტრიებით ესპანეთი რისკების მინიმალიზაციას ახდენს. კოკეს, ალკანტარას და ბუსკეტსს ბურთს ვერ წაართმევ, თუმცა პრობლემა ის არის, რომ მათი საქმე ბურთის წინა ხაზამდე მიტანაა და არა გოლების ორგანიზება - წინა ხაზი კი ყველაზე პრობლემურ რგოლად რჩება.

ამ ფორმაციის "ფურია როხას" მსოფლიო კლასის შემტევები ძალიან აკლია. შემტევ სამეულს ყველაზე ხშირად ფერან ტორესი (მარჯვნიდან), დანი ოლმო (მარცხნიდან) და ალვარო მორატა (გამოკვეთილი ფორვარდი) ქმნიან. ვერცერთზე იტყვი, რომ მსოფლიო კლასის შემტევია. მით უმეტეს, რომ მორატამ და ტორესმა, სეზონის ბოლოს ფორმაში არყოფნის გამო, თავიანთ გუნდებში (იუვენტუსი, სიტი) ძირითადში სტაბილური ადგილი დაკარგეს.

ლუის ენრიკეს წინა ხაზში მათ გარდა ხერარდ მორენო, მიკელ ოიარსაბალი და პაბლო სარაბია ჰყავს. ესპანეთის კალიბრის გუნდისთვის კლასის პრობლემა აქაც ჩანს. საინტერესოა, რომ გუნდში ლუის ენრიკემ წაიყვანა ადამა ტრაორე - მარჯვენა შემტევი, რომელსაც კარგი სეზონი ჰქონდა, თუმცა სტილურად ესპანურ ფეხბურთს არ თამაშობს, უფრო პრემიერლიგის პროდუქტია, არის ინდივიდუალისტი და ფლანგურ გარღვევებზე აკეთებს აქცენტს. მისი გამოყენება ესპანეთს კრიტიკულ სიტუაციებში დამატებით ოპციას მისცემს.

ბევრის მთქმელია ის ფაქტი, რომ ამ გუნდში რეალის არცერთი ფეხბურთელი არ არის და, ზოგადად, ბოლო სეზონებში რეალის და ბარსელონას არცთუ კარგი სათამაშო ფორმა შეუძლებელია ნაკრებზეც არ აისახოს.

სატურნირო გზა

ერთი შეხედვით, ესპანეთს იოლი ჯგუფი შეხვდა, თუმცა პრაქტიკაში ეს ჯგუფი არცთუ ისე მარტივად გადასალახი შეიძლება აღმოჩნდეს. არც შვედეთი და მით უმეტეს, არც პოლონეთი და სლოვაკეთი, მსოფლიო ფეხბურთის გრანდებს არ მიეკუთვნებიან. თუმცა, როგორც ბოლო პერიოდში ვნახეთ, ესპანეთის ამ ნაკრებს უფრო პატარა გუნდების წინააღმდეგ უჭირს თამაში, რომლებიც მასირებულ დაცვას თამაშობენ. ამ მხრივ პოლონეთი და განსაკუთრებით შვედეთი, რომელიც მეორე ნომრად ძალიან კარგად თამაშობს, უხერხული მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს.

ლუის ენრიკეს გუნდს ხელს არ უწყობს ის გარემოება, რომ პირველივე თამაში სწორედ შვედეთთან უწევს და ქულების დაკარგვის შემთხვევაში, შემდეგი ორი თამაში აუცილებლად მოსაგებად უნდა ითამაშოს, რაც ამ ფორმაციის ესპანეთისთვის არცთუ სასიამოვნო სცენარია. შვედეთთან გამარჯვება კი ესპანეთს საშუალებას მისცემს, ჯგუფი იოლად, ძალების დაზოგვით გაიარაოს. ლუის ენრიკესაც დამატებითი დრო ექნება გუნდის ასაწყობად და პლეი ოფისთვის მოსამზადებლად.

დასკვნა

ხარისხობრივი პრობლემა წინა ხაზში, თაობათა ცვლის გაწელილი პროცესი და არცთუ ნათელი მიზეზების გამო ლიდერის, სერხიო რამოსის გარეშე დარჩენა, არ შეიძლება ლუის ენრიკეს გუნდზე დადებითად აისახოს. ესპანეთი ერთ-ერთი მთავარი გრანდია, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე ბევრი შეკითხვით მიდის.

კომენტარები

ბოლო ამბები