Thumbnail

'საქართველოს შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი' - ფრენკამპს ევრობასკეტზე თამაში სურს 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

Libertad Digital-მა საქართველოს ნაკრების მცველ კონერ ფრენკამპთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. 25 წლის ამერიკელი საქართველოს მოქალაქე თებერვალში გახდა. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში სერბეთთან 66:92 წაგებულ მატჩში შედგა, თუმცა 10 ქულის მიუხედავად, დებიუტი წარუმატებელი გამოდგა, კონერმა ტრავმა მიიღო და მხოლოდ ახლახან დაუბრუნდა მურსიას. 

ფრენკამპის დებიუტი თებერვალში სერბეთთან მატჩში შედგა. 10 ქულა და მუხლის ტრავმა

Libertad Digital: შუა სეზონში საქართველოს ნაკრებიდან მიწვევა მიიღეთ და ქართული პასპორტი აიღეთ, როგორი გამოცდილება იყო ეს თქვენთვის?

კონერ ფრენკამპი: მთელს ამ პროცესში აგენტი ძალიან დამეხმარა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ადრეც ვიცნობდი. მათ ყველა დოკუმენტი მოამზადეს. მე ჩავედი, ვივარჯიშე და რამდენიმე დღეში დებიუტიც მქონდა ეროვნულ ნაკრებში. აი, სწორედ ამ თამაშში მივიღე ტრავმა... მაგრამ არა უშავს. ეს იყო განსხვავებული გამოცდილება ჩემთვის. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია - ქართული (ანუ ევროპული) პასპორტი ძალიან დამეხმარება. რა თქმა უნდა, ამერიკის მოქალაქედ ვრჩები.

LD: ალბათ, ძალიან გაგიკვირდათ, როცა პირველად შემოგთავაზეს საქართველოს ნაკრებში თამაში...

ფრენკამპი: დიახ, ასე იყოს. წარმოდგენა არ მქონდა, რა მეფიქრა. ვაღიარებ, საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდი. მაგრამ, როგორც კი შეთავაზების შესახებ გავიგე, საქართველოთი დავინტერესდი. როგორც კი თბილისში ჩავედი, მანქანით შემოვიარე ქუჩები, რომ უკეთ გამეცნო ქალაქი. შესანიშნავი გამოცდილებაა, როცა ახალ ქვეყანას აღმოაჩენ და მასზე ბევრს იგებ. 

ფრენკამპს კარიერის გაგრძელება კვლავ ACB ლიგაში სურს

LD: როგორ დაგეხმარებათ ქართული პასპორტი კარიერაში?

ფრენკამპი: ძალიან დამეხმარება, რადგან ევროპულ კლუბებში ამერიკელებზე ლიმიტი აღარ შემეხება. ასე რომ, ეს ალბათ მომავალ ტრანსფერშიც შემიწყობს ხელს. 

LD: ევრობასკეტზე ხედავთ თქვენს ადგილს? საქართველო ხომ ერთ-ერთი მასპინძელია...

ფრენკამპი: თუ შანსი მომეცემა, რა თქმა უნდა, სურვილი მაქვს. გუნდმა ძალიან კარგად მიმიღო, ბევრს დავუმეგობრდი. ყოველი საშუალება, რომელიც კალათბურთის მაღალ დონეზე თამაშში დამეხმარება, ჩემთვის მისაღებია. 

LD: მაგრამ სერბეთთან დებიუტში ტრავმა მიიღეთ, რის გამოც ბევრი კვირა გაგიცდათ. როგორ დასრულდა სეზონი?

ფრენკამპი: თავს კარგად ვგრძნობ, მუხლის ტრავმა ბოლომდე მოვიშუშე. ზაფხულში ახალი სეზონისთვის სრულყოფილად მოვემზადები. 

LD: სად უნდა გელოდოთ ახალ სეზონში?

ფრენკამპი: ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისევ ესპანეთში ვითამაშებ. ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს - ხალხი, ამინდი, განსაკუთრებით მურსიაში. ასე რომ, იმედი მაქვს, შემდეგ ინტერვიუსაც ესპანეთში მოგცემთ.  


შეგახსენებთ, რომ კონერ ფრენკამპი კოლეჯთა ლიგაში კანზასის და ვიჩიტა სტეიტის ღირსებას იცავდა. ევროპაში ის ბეროეში (ბულგარეთი) და რეტიმნოში (საბერძნეთი) თამაშობდა. 2020 წლიდან ფრენკამპი მურსიას ღირსებას იცავს.  

კომენტარები

ბოლო ამბები