Thumbnail

სალაჰი და ბებერი მეკარე - კუპერმა მუნდიალისთვის ფეხბურთელები ჩამოთვალა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ვისი იმედი აქვს ეგვიპტეს სალაჰის გარდა?
  • საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მუნდიალზე შეიძლება 45 წლის მეკარე წაიყვანოს
  • ექტორ რაულ კუპერმა ეგვიპტის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

ეგვიპტის ნაკრების იმედი მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ მოჰამედ სალაჰი იქნება, ეს ყველამ იცის. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ექტორ რაულ კუპერმა მუნდიალის წინასწარი, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა - საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის სიაში 29 ფეხბურთელია. არგენტინელი მათგან 4 ივნისამდე 23 საუკეთესოს შეარჩევს.

ეგვიპტელების ყველაზე მთავარი ახლა ის არის, რომ მოჰამედ სალაჰს “ცივი ნიავი არ მიეკაროს”. ლივერპულის 25 წლის ფორვარდი ახლახან პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს - ნაკრებში კი მას 57 მატჩში 33 გოლი აქვს გატანილი. შეგახსენებთ, რომ ეგვიპტე მსოფლიოს ჩემპიონატზე სწორედ სალაჰმა გაიყვანა - კონგოს ნაკრების კარში მეხუთე დამატებულ წუთზე გატანილი გოლით.

ეგვიპტე მოჰამედ სალაჰის იმედადაა

კუპერის სიაშია არსენალის ფეხბურთელი მოჰამედ ელნენი, რომელმაც აპრილის ბოლოს ტრავმა მიიღო, მაგრამ მუნდიალის დაწყებამდე გამოჯანმრთელებას ასწრებს. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში დასახელებულია 45 წლის მეკარე ესამ ელ-ჰადარი. თუ კუპერი ვეტერან კიპერს რუსეთში წაიყვანს, ეს უკანასკნელი კოლუმბიელი ფარიდ მონდრაგონის რეკორდს დაამხობს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა.

ეგვიპტის ნაკრები მუნდიალზე A ჯგუფში, მასპინძელ რუსეთთან, ასევე საუდის არაბეთთან და ურუგვაისთან ერთად ითამაშებს. მანამდე, კუპერის გუნდი ამხანაგურ შეხვედრებს ქუვეითთან (26 მაისს), კოლუმბიასთან (1 ივნისს) და ბელგიასთან (6 ივნისს) გამართავს. ეგვიპტის ნაკრების წინასწარი სია ასე გამოიყურება:

► მეკარეები: ესამ ელ ჰადარი (ალ ტაავოუნი), მოჰამედ ელ-შენავი (ალ აჰლი), შერიფ ეკრამი (ალ აჰლი), მოჰამედ ავადი (ისმაილი).

► მცველები: აჰმედ ფათი, საად სამირი, აიმან აშრაფი (სამივე ალ აჰლი), მაჰმუდ ჰამდი (ზამალეკი), მოჰამედ აბდელ-შაფი (ალ ფატე), აჰმედ ჰეგაზი, ალი გაბრი (ორივე ვესტ ბრომვიჩი), აჰმედ ელმოჰამედი (ასტონ ვილა), ქარიმ ჰაფეზი (ლანსი), ომარ გაბერი (ლოს ანჯელესი), ამრო ტარეკი (ორლანდო).

► ნახევარმცველები: ტარეკ ჰამედი, მაჰმუდ აბდელ აზიზი (ორივე ზამალეკი), შიკიბალა (ალ რაედი), აბდალა საიდი (კუოპიონი), სემ მორსი (უიგანი), მოჰამედ ელნენი (არსენალი), კარაბა (ალ იტიჰადი), რამადან სობჰი (სტოკი), მაჰმუდ ჰასან “ტრეზეგე” (ქასიმფაშა), ამრ ვარდა (ატრომიტოსი).

► თავდამსხმელები: მარვან მოსენი (ალ აჰლი), აჰმედ გომაა (ალ მასრი), კოუკა (ბრაგა), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული).

P.S. სხვა გუნდების შემადგენლობები ნახეთ ამ ბმულზე.

კომენტარები

ბოლო ამბები