Thumbnail
  • ვაშინგტონ უიზარდსი 122:114 ფილადელფია სიქსერსი
  • Sweep არ შედგა, ფილადელფია ახლა 3:1-ს იგებს
  • ვესტბრუკმა ისევ სამმაგი დუბლი შეასრულა, ემბიიდი ტრავმირებულია

ფილადელფია სიქსერსი NBA-ს პლეი ოფის პირველ წრეში ვაშინგტონს მე-4 მატჩის წინ 3:0-ს უგებდა და მორიგი გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გასვლას ნაადრევად ინაღდებდა, მაგრამ ასე არ მოხდა - უიზარდსმა მეოთხე მატჩის მოგება სხვაობის შემცირება შეძლო.

ეს თითქოს ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ფილადელფიაში ახლა თავიანთი სუპერვარსკვლავის, ჯოელ ემბიიდის გამოც ნერვიულობენ, რომელმაც პირველსავე მეოთხედში ტრავმა მიიღო და მუხლის პრობლემების გამო თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. სიქსერსის მთავარი მწვრთნელის, დოკ რივერსის თქმით, საბოლოო დიაგნოზი MRT-გამოკვლევამ უნდა დასვას. თუკი ემბიიდი დიდხანს ვერ ითამაშებს, ეს ფილასთვის უკიდურესად სერიოზული პრობლემა იქნება, რადგან მასთან ერთად და მის გარეშე სიქსერსი ორი სხვადასხვა გუნდია.

თამაშის დროს ისევ მოხდა ფანებთან დაკავშირებული შემთხვეა. ერთ-ერთი გულშემატკივარი პარკეტზე შეიჭრა და უსაფრთხოების თანამშრომლებმა დაიჭირეს. როგორც იცით, წინა დღეს ბოსტონში ფანმა კაირი ირვინგს ბოთლი ესროლა, მანამდე ტრეი იანგს მედისონ სქვერ გარდენში შეაფურთხეს, ხოლო ჯა მორანტის მამამ კი თქვა, რომ იუტა ჯაზის არენაზე რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.

ვაშინგტონიდან საუკეთესო ბრედლი ბილი გახლდათ 27 ქულით. რასელ ვესტბრუკმა ისევ სამმაგი დუბლი შეასრულა (19 ქულა, 21 მოხსნა, 14 პასი) - ეს ვესტბრუკის კარიერაში პლეი ოფში შესრულებული მე-12 სამმაგი დუბლია. ფილადან ყველაზე შედეგიანი ტობაიას ჰარისი იყო 21 ქულით და 13 მოხსნით. ემბიიდმა თავის 11 წუთში 8 ქულის დაგროვება შეძლო.

ამრიგად, ფილადელფია სერიას 3:1-ს იგებს. მომდევნო მატჩი ხუთშაბათს, სიქსერსის დარბაზში გამთენიისას გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები