Thumbnail

ძალიან მკაცრი სასჯელი 25 პაემნის გამო - იაპონელი სუმოისტი 3 ბაშოს გამოტოვებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

იაპონიის სუმოს ასოციაციამ ძალიან მკაცრად დასაჯა 30 წლის ყოფილი კომუსუბი რიუდენი "თვითდისციპლინის" დაღვევისთვის. თურმე, პანდემიის დაწყებიდან 20 იანვრამდე პერიოდში იაპონელი რიკიში რიუდენ გოში (იუკი ვატანაბე), რომელიც ცოლიანია, 25-ჯერ შეხვდა საყვარელს. 

რიუდენი მეუღლესთან ერთად

რიუდენს დისკვალიფიკაციაში ჩაუთვალეს უკვე გამოტოვებული მაისის ბაშო (სადაც 0-15 ბალანსი დაუფიქსირდა და ის ელიტიდან გავარდება). რიუდენი ასევე გამოტოვებს ივლისისა და სექტემბრის ბაშოებსაც. კლუბმა კი მას ნახევარი წლით ხელფასი 20%-ით შეუმცირა. 

იაპონური ტაბლოიდის, "შუკან შინჩოს" ცნობით, რიუდენმა 2018 წლის ერთ-ერთ საღამოზე მისი ფანი გაიცნო და მასთან რომანი გააბა. თუმცა მან ცოლად 2019 წელს სხვა ქალი, ყოფილი მედდა მოიყვანა, მაგრამ საკუთარ ფანთან რომანი არ შეუწყვიტავს. ბოლოს ყველაფერი ცუდად დასრულდა, ფეხმძიმე საყვარელს რიუდენმა 15 მილიონი იენი გადაუხადა აბორტისა და ჩუმად ყოფნის სანაცვლოდ. კლუბის ოიაკატამ, ტაკადაგავამ სკანდალი რიუდენის მეუღლისგან შეიტყო და კლუბის ხელმძღვანელმა იგი მაისის ბაშოდან მოხსნა, თუმცა იაპონიის სუმოს ასოციაციაში ეს სასჯელი საკმარისად არ ჩათვალეს. 

რიუდენ გოში 192 სანტიმეტრია სიმაღლეში და 145 კილოგრამს იწონის. კარიერაში მას 418 ორთაბრძოლა აქვს მოგებული. შეგახსენებთ, რომ მაისის ბაშო ტოკიოში ტერუნოფუჯიმ მოიგო. ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მისთვის 90-ე ბაშო 5-10 ბალანსით დაასრულა. ახალი რეიტინგი 21 ივნისს გამოქვეყნდება, მომდევნო ბაშო კი აიჩის პრეფექტურაში 4-18 ივლისს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები