Thumbnail

'მზად ვარ, ჩემი სტილიც შევცვალო' - ბარსელონამ აგუერო წარადგინა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

33 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა სერხიო აგუერომ ესპანურ ბარსელონასთან კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა და გუნდმა კამპ ნოუზე მისი წარდგენის ცერემონიალიც მოაწყო. ამის მერე აგუერომ პირველი კომენტარიც გააკეთა:

“ბარსელონა მსოფლიოში პირველი გუნდია, ამდენად, ვთვლი, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე. იმედი მაქვს, გუნდის დახმარებას მოვახერხებ. რასაკვირველია, აქ გადმოსვლა ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია. ძალიან ბედნიერი ვარ და მჯერა, რომ გუნდთან ერთად ტიტულების მოგებას მოვახერხებ. მთავარი ისაა, რომ ამ შემადგენლობაში თამაში მინდა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა შემდეგი სეზონის ბოლოს ჯილდოებით შევხვდეთ. იმედია, ქომაგები ჩემი თამაშით კმაყოფილები დარჩებიან. იმისთვისაც კი მზად ვარ, რომ ბარსელონას გამო ჩემი სათამაშო სტილი შევცვალო. გუნდს ჩემს გამოცდილებასაც მოვახმარ”.

შეგახსენებთ, რომ სერხიომ კატალონიურ გრანდთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო თუკი გუნდს ამ პერიოდში დატოვებს, მის მსურველს 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. აგუერო ესპანეთში 10-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა. ის 2011 წლიდან მანჩესტერ სიტიში თამაშობდა, რომლის მაისურით ჩატარებულ 390 მატჩში 260 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. კუნი 2006-2011 წლებში მადრიდის ატლეტიკოს ღირსებას იცავდა და ლა ლიგაში 74 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები