Thumbnail

ცნობილი გახდა მეტოქე, რომელსაც 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის მე-2 წრეში ეთამაშება.

ის 18 წლის ესპანელი კარლოს ალკარასი გახლავთ, რომელმაც ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოუმატა და “როლან გაროსზე” უკვე 4 მატჩი აქვს მოგებული. ალკარასმა კვალიფიკაციაში სლოვაკი ლუკაშ ლაცკო (6:3, 6:3), იტალიელი ანდრეა პელეგრინო (6:1, 6:2) და ჩილელი ალეხანდრო ტაბილო (6:1, 6:1) დაამარცხა, დღეს კი, ძირითად ბადეში ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ თანამემამულე ბერნაბე საპატა მირალესს 6:3, 2:6, 6:1, 7:6 (7:4) სძლია.

კარლოს ალკარასმა პარიზში უკვე 4 მატჩი მოიგო

ალკარასი საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველად თამაშობს, მსოფლიო რეიტინგში კი 97-ე ადგილზე იმყოფება, რაც მის საუკეთესო შედეგს 3 პოზიციით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 31-ე ჩოგანია ბასილაშვილი, რომელმაც ”როლან გაროსის” საწყის რაუნდში სერბი დუშან ლაიოვიჩი 6:4, 6:3, 0:6, 6:2 დაამარცხა.

ნიკოლოზი ახალგაზრდა ესპანელს კარიერაში პირველად 2 მაისს დაუპირისპირდება და თუკი მოიგო, საფრანგეთის ღია პირველობის მე-3 წრეში გავა, იქ კი, სავარაუდოდ, მე-7 განთესვის მქონე რუს ანდრეი რუბლიოვს უნდა ელოდეს. მანამდე, უკვე ხვალ, ნიკოლოზი და გერმანელი ანდრე ბეგემანი წყვილთა ტურნირში ინდოელ როჰან ბოპანასა და ხორვატ ფრანკო სკუგორს ეთამაშებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები