Thumbnail

როცა დალასმა კლიპერსს სტუმრად ორივე მატჩი მოუგო და NBA-ს პლეი ოფის პირველ რაუნდში 2:0 დაწინაურდა, ბევრმა იფიქრა, რომ ეს ლოსანჯელესელთა დასასრულს ნიშნავდა, მაგრამ კლიპერსმა, საპასუხოდ, დალასში შეძლო ორივე მატჩის მოგება, ახლა ანგარიში ისევ თანაბარია (2:2) და ყველაფერი თავიდან იწყება.

მე-4 მატჩში ლუკა დონჩიჩს აშკარად ეტყობოდა, რომ თავს იდეალურად არ გრძნობს. მან 24 მცდელობიდან მხოლოდ 9 ჩააგდო, 7 სამქულიანიდან კი მხოლოდ 1. უფრო მეტიც: სლოვენიელმა 5 საჯარიმო ისროლა და ხუთივე არაზუსტი გახლდათ! საბოლოოდ, დონჩიჩმა 19 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. მას 4 დაკარგვაც ჰქონდა.

კრისტაპს პორზინგისმა უკეთ ითამაშა, ვიდრე მე-3 შეხვედრაში და 18 ქულა ჰქონდა (7/12). თუმცა თამაშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას შეტევაში საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აეღო. სხვამხრივ, დალასიდან 10 ქულას მხოლოდ ბობან მარიანოვიჩი გადასცდა (12 ქულა, 6 მოხსნა). მაქსი კლებერი უქულოდ დარჩა (0/3) და ყველაზე ცუდი +/- კოეფიციენტი ჰქონდა (-25). ტიმ ჰარდაუეი (4 ქულა, 1/8) და დორიან ფინი-სმიტიც (8 ქულა, 3/9) ცუდად გამოიყურებოდნენ.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კავაი ლეონარდი გახლდათ 29 ქულით და ამისათვის მხოლოდ 15 სროლა დასჭირდა. მის აქტივშია ასევე 10 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარებაც (3 დაკარგვა ჰქონდა). ლეონარდი დონჩიჩის წინააღმდეგ ძალიან კარგ დაცვას თამაშობდა და შეტევაშიც საუკეთესო იყო. კავაის კარგად დაეხმარა პოლ ჯორჯი, რომლის ანგარიშზე 20 ქულა (6/16) და 9 მოხსნაა. კარგად ითამაშეს რეჯი ჯეკსონმა (15 ქულა) და ნიკოლა ბატიუმმაც (10 ქულა, 4 ჩაჭრა).

“საშინლად ვითამაშე. ახლა მომდევნო თამაშისთვის მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა მოვემზადოთ,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ლუკა დონჩიჩმა.

“ჰო, ლუკას ტკივილები აწუხებს. ასე მგონია, რომ მარცხნივ დატრიალება და მარცხნივ გახედვა არ შეეძლო,” - ეს დალასის მთავარი მწვრთნელის, რიკ კარლაილის სიტყვებია.

დალასისა და კლიპერსის მომდევნო დაპირისპირება უკვე ლოს ანჯელესში, 3 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები