Thumbnail

ბრუკლინ ნეტსი წინა შეხვედრაში სენსაციური დამარცხების შემდეგ ბოსტონში კიდევ ერთხელ ჩავიდა. 'სელტიკსი' მატჩის დასაწყისშივე წინ გავიდა, თუმცა ბრუკლინი მალევე დაეწია და მთელი შეხვედრა მატჩზე კონტროლი არ დაუკარგავს.

ბრუკლინმა ამ სეზონის პლეი ოფში ალბათ საუკეთესო შეტევა ითამაშა და 141 ქულა ჩააგდო. 'დიდი სამეული' შეუჩერებელი იყო - ჰარდენს, დურანტს და ირვინგს ჯამში 104 ქულა ჰქონდათ, რითაც გაიმეორეს პლეი ოფში სამი მოთამაშის მიერ ჩაგდებული ქულების საუკეთესო შედეგი.

კევინ დურანტმა პირველივე მეოთხედში 17 ქულა ჩააგდო და ჯამში 20 სროლაში 40 ქულა დააგროვა - 20-დან 14 ჩაგდებული სროლა და 11 ზუსტი ჯარიმა. ფენომენალური იყო კაირი ირვინგი, რომელსაც წინა თამაში არ წაუვიდა და ბოსტონიდან სკანდალით წამოსვლის შემდეგ თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ განსაკუთრებით მოტივირებული ჩანდა. ირვინგმა 24 სროლაში 39 ქულა ჩააგდო და 12-დან 6 სამქულიანი გამოიყენა. ჯეიმს ჰარდენმა სულ 12-ჯერ ისროლა, აქედან 8-ჯერ ჩააგდო და 23 ქულა და 18! შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ჯამში ბრუკლინი ისე ისროდა, რომ მის წინააღმდეგ თამაშს აზრი არ ჰქონდა - პერიმეტრიდან ნეტსმა 27-დან 16 სროლა გამოიყენა, რაც ზუსტი სროლების 59 პროცენტია. ბოსტონს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა შეტევაში და ზედიზედ მეორედ გადასცდა 120 ქულას, თუმცა დაცვას ვერაფერი მოუხერხა. საუკეთესო კვლავ ჯეისონ ტეიტუმი იყო 22 სროლაში გაკეთებული 40 ქულით (22-დან 10 ზუსტი სროლა). ტეიტუმმა 17-დან 17 ჯარიმაც ჩააგდო.

მატჩის ბოლოს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. კაირი ირვინგი, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, ბოსტონში ძალიან არ უყვართ, პარკეტს ტოვებდა, როცა მას ბოთლი ესროლეს გასახდელში შესვლის წინ. ეს ბოლო დღეებში მეორე მსგავსი ინციდენტი იყო. მანამდე რასელ ვესტბრუკს პოპკორნი გადააყარა ფილადელფიას ფანმა...

ნეტსის და სელტიკსის მე-5 დაპირისპირება 2 ივნისს გაიმართება. ბრუკლინი სერიას 3:1 იგებს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები