Thumbnail
  • MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურში 9 ბრძოლა გაიმართება
  • 5 სატიტულო შეხვედრა - ბრძოლა ქამრისთვის და საქართველოს ჩემპიონობისთვის
  • LIVE: ფეისბუქი: ევროპაბეთი და პოპსპორტი, Youtube: პოპსპორტი
  • პირველი ტურის ყველა ბრძოლა იხილეთ აქ
  • მეორე ტურის ყველა ბრძოლა იხილეთ აქ

10 ივნისს, MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის (GFC) მესამე, ფინალური ტურის ორთაბრძოლები ჩატარდება, რომელშიც საქართველოს ჩემპიონებისა და ქამრების მფლობელების ვინაობა გაირკვევა. პირველობის ორგანიზატორი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციაა.

მესამე ტურში მონაწილეობას 20 სპორტსმენი მიიღებს. ოქტაგონზე სულ 10 ბრძოლა გაიმართება - აქედან 5 სატიტულო იქნება. ტური 20:00-ზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე გადაიცემა.

საქართველოს ჩემპიონატის წინა ტურებსაც ბევრი მაყურებელი ჰყავდა, მაგრამ ბოლო ტური განსაკუთრებით საინტერესო უნდა გამოვიდეს - უშეღავათო ბრძოლებით. წინ 4 სატიტულო ბრძოლაა, 5 ფინალი გველის, სადაც გამარჯვებულები საქართველოს ჩემპიონები ხდებიან და ქამრებს იგებენ, რაც მათ საერთაშორისო ორგანიზაციებისკენ გზას გაუხსნის.

თუმცა სატიტულო ბრძოლებამდე არანაკლებ საინტერესო 5 სარეიტინგო შეხვედრა გველის, რომლებზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, რადგანაც პირველ 5 ბრძოლაში საკმაოდ პერსპექტიული მებრძოლები იჩხუბებენ.

UNDER CARD - სარეიტინგო ბრძოლები

👊 93 კგ: იესო კვიციანი (Warriors Tbilisi) VS დავით გუჯეჯიანი (ვეფხისტყაოსანი)

93 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ეს ძალიან საინტერესო ბრძოლაა. ორივე მებრძოლი საკმაოდ კარგ კლუბებში ვარჯიშობს. კვიციანისთვის ეს კარიერაში პირველი პროფესიონალური ბრძოლა იქნება. ის წლების განმავლობაში კრივს მისდევდა და წესით, დგომში ჩხუბი არ უნდა გაუჭირდეს. რაც შეეხება დავით გუჯეჯიანს, შერდოგის ინფორმაციით, მას 2019 წელს გიორგი დავითაძე ჰყავს დამარცხებული პირველივე რაუნდში.

👊 48 კგ: შირინ მამადოვა (AFC & Rafet Gulamov Fight Club) VS სოფო ბაგიშვილი (GURAM FIGHT CLUB)

ეს გოგონები ერთმანეთს 48 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში დაუპირისპირდებიან. ეს იქნება საქართველოს ახალი ჩემპიონატის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა ტურნირზე გოგონები იჩხუბებენ. ბაგიშვილი ეცდება, რომ მამადოვას მოუგოს და სამშობლოში პირველი გამარჯვება იზეიმოს.

👊 70 კგ: რუსლან ბოლქვაძე (Maximus Fight Club) VS ნიკა ბრეგვაძე (ვეფხისტყაოსანი)

თუ პირველ ტურში რუსლან ბოლქვაძის ჩხუბი ნახეთ, ეს ბიჭი არ დაგავიწყდებოდათ. ასლან გორგიშვილთან ბოლომდე იბრძოლა და მიუხედავად ფეხის ტრავმისა, ბოლო წუთამდე მოგებას ცდილობდა. რუსლანს კარიერაში 3 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 1 მოიგო და 2 შეხვედრაში დამარცხდა. ბოლქვაძე 10 ივნისს ეცდება, რომ მოგება-წაგების ბალანსი თანაბარი გახადოს.

📺 ბოლქვაძე V გორგიშვილი

10 ივნისს ქართული MMA-ს ისტორიაში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდება. ერთ დღეს ოქტაგონზე ორი ძმა გავა. ლუკა ბრეგვაძე ქამრისთვის იჩხუბებს, ხოლო მისი ძმის, ნიკა ბრეგვაძის დებიუტი კი საქართველოს ჩემპიონატში სწორედ იმავე დღეს შედგება. იგი რუსლან ბოლქვაძეს დაუპირისპირდება. 'ვეფხისტყაოსნის' კიდევ ერთ აღზრდილს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ყველაფერს 10 ივნისს ვნახავთ, ეს ბრძოლა უდავოდ დაძაბული იქნება.

👊 77 კგ: ზურა ფირცხელიანი (Warriors Tbilisi) V თემო კვირჭიშვილი (მემეტე)

ფირცხელიანისა და კვირჭიშვილის ბრძოლაც საინტერესო უნდა გამოვიდეს. აღსანიშნავია, რომ თემო კვირჭიშვილი პროფესიონალურ კარიერაში დაუმარცხებელი მებრძოლია. მას 3 ბრძოლა აქვს ჩატარებული და სამივეში გამარჯვება მოიპოვა. ფირცხელიანის მიზანი ამ ბრძოლაში კვირჭიშვილის წაუგებელი სერიის შეწყვეტა იქნება.

MAIN CARD - 5 ფინალი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველი 5 ბრძოლის შემდეგ, 5 სატიტულო ბრძოლა გველოდება. ხუთივე ფინალი ძალიან დამაინტრიგებელია: ოქტაგონზე ბევრი დარტყმა და დაძაბული ჭიდაობა გველის. ათივე მებრძოლს ერთი მიზანი აქვს: ჩემპიონი გახდეს და უცხოურ ორგანიზაციასთან კონტრაქტი გააფორმოს, რათა სამომავლოდ იქ მივიდნენ, სადაც ყველა მებრძოლს სურს მოხვედრა. ეს ადგილი UFC-ია, მაგრამ ამ ორგანიზაციამდე ჯერ საქართველოს ჩემპიონები უნდა გახდნენ და დიდი წარმატებისკენ სვლა აქედან უნდა დაიწყონ.

👊 66 კგ: ლუკა გიორგაძე (მემეტე) v მერუჟან პალიანი (მე-13 ლეგიონი)

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მებრძოლები ფინალამდე მარტივად მივიდნენ. ლუკა გიორგაძემ პირველ შეხვედრაში გიორგი ხუნწარიას ტექნიკური ნოკაუტით მოუგო, ხოლო მეორე ტურში ირაკლი მახათაძეს მახრჩობელა ილეთით აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ლუკა გიორგაძე: "მერუჟანი ამ ტურნირზე ვნახე. მგონია, რომ დგომში ბევრი არაფერი იცის. ვფიქრობ, ჭიდაობას დამიწყებს. იმედია, რამე განსაკუთრებულს იზამს, თორემ მგონია, რომ პირველსავე რაუნდში შევძლებ გამარჯვებას."

გიორგაძემ ორივე ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით მოიგო

მერუჟან პალიანმა ორივე ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. მის დარტყმებს პირველ ტურში თორნიკე ვარადაშვილმა ვერ გაუძლო. პალიანმა მეორე ტურში ელგუჯა გოგიაც დაამარცხა და ფინალში გავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ მერუჟანმა ორივე ბრძოლა პირველივე რაუნდში მოიგო.

მერუჟან პალიანი: "ლუკა კარგი ბიჭია. დგომში კარგად ჩხუბობს, მაგრამ პარტერიც იცის. ბოლო ბრძოლა მტკივნეული ილეთით მოიგო. ვემზადები და ვეცდები, ისევ მოვიგო. ორივეს დგომში ჩხუბი გვიყვარს და ვფიქრობ, რომ კარგი დაპირისპირება გამოვა."

👊 70 კგ: ნიკა აბრამიშვილი (ვეფხისტყაოსანი) V გიორგი წამალაიძე (ყაზბეგი)

18 წლის ნიკა აბრამიშვილმა ორივე ბრძოლა მარტივად, ტექნიკური ნოკაუტებით მოიგო. მან პირველ ტურში გურამ კვარაცხელია უშანსოდ დაამარცხა, რის შემდეგაც ოქტაგონზე გამოცდილ გიორგი კანკავასაც სძლია, რომელიც მასზე 16 წლით უფროსი იყო. 

ნიკა აბრამიშვილი: "გიორგი წამალაიძის ბრძოლებს ვუყურე. მისი უპირატესობა ჭიდაობაა, მტკივნეული ილეთები არ გამოსდის, უფრო ფინიშერია. მიმაჩნია, რომ ის საკმაოდ ძლიერია. ვფიქრობ, სწორი სტრატეგიით მის დამარცხებას მოვახერხებ."

წამალაიძის გზა ფინალამდე საკმაოდ რთული აღმოჩნდა. გიორგიმ პირველ ტურში გიორგი კობალაძე მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, რის შემდეგაც რომან ყურაშვილსაც აჯობა და ფინალში გავიდა.

გამარჯვებული და დარტყმების სერიისგან დაღლილი გიორგი წამალაიძე

გიორგი წამალაიძე: "2016 წელს MMA-ში პირველი ნაბიჯები გადავდგი. ვცდილობდი, რომ სულ მევარჯიშა, არ ვნებდებოდი და აქამდე მოვედი. ჩემი ძლიერი მხარე ჭიდაობაა, გარკვეული დარტყმებიც ვიცი. ვეფხისტყაოსანი ძლიერი გუნდია და ნიკაც ძალიან ძლიერი ბიჭია. ისეა მომზადებული, რომ ყველაფერი ეხერხება."

👊 77 კგ: ლუკა ბრეგვაძე (ვეფხისტყაოსანი) V თამაზ ბოჭორიშვილი (GURAM FIGHT CLUB)

ლუკა ბრეგვაძემ ფინალში გასასვლელად ორი ბრძოლა მოიგო, ხოლო ბოჭორიშვილს ფინალის საგზურისთვის ერთი ბრძოლის მოგება დასჭირდა. 18 წლის ლუკამ პირველ ტურში იბრაგიმ ბაკაევი პირველსავე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, ხოლო მეორე ტურში ბექა თამლიანს მეორე რაუნდში, ასევე ტექნიკური ნოკაუტით მოუგო და ფინალში გააღწია.

ლუკა ბრეგვაძე: "ბოჭორიშვილი უფრო მეტ აქცენტს ჭიდაობაზე აკეთებს. ვფიქრობ, რომ ფინალშიც ჭიდაობას ეცდება. ქამრისთვის ბრძოლაში დიდი დაძაბულობა გველოდება, მე და ჩემი გუნდი მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩემპიონობისთვის."

ბრეგვაძის ტრადიციული აღნიშვნა მოგების შემდეგ

ბოჭორიშვილმა მეორე ტურში ნიკა ბუქურს პირველსავე რაუნდში აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა. თამაზი საკმაოდ გამოცდილი მებრძოლია. 24 წლის ბოჭორიშვილს კარიერაში 12 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 9 მოიგო და 2 შეხვედრაში დამარცხდა.

თამაზ ბოჭორიშვილი: "ლუკაზე დიდი გამოცდილება მაქვს - კარგად ვჭიდაობ და ვეცდები, რომ გამოვიყენო ჩემი უპირატესობები. ლუკას სტილი მომწონს, უბრალოდ, მისი ჭიდაობა არ მინახავს. ორივე ბრძოლაში პარტერში ძალიან ცოტა დრო გაატარა. კარიერაში ცხრა მოგება მაქვს და ცხრავე პირველივე რაუნდში მოვიგე, ამ ბრძოლაშიც იმავეს ვეცდები."

👊 93 კგ: სოსლან გასიევი (MMA Club Telavi) V მანუჩარ ერქვანია (მემეტე)

93 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს მამიკონ ბეგოიანი და მანუჩარ ერქვანია უნდა დაპირისპირებოდნენ, პირველი მათგანის ტრავმის გამო მანუჩარს მეტოქე შეეცვალა. 24 წლის თელაველი სპორტსმენი სოსლან გასიევი თავისი შანსის გამოყენებას პირდაპირ ფინალურ ორთაბრძოლაში ეცდება.

ერქვანიამ მეორე ტურში ირაკლი ფიფიას მოუგო და ახლა ჩემპიონობისთვის ემზადება. მას შემტევი სტილი აქვს და წესით, ბრძოლის ფავორიტადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.

მანუჩარ ერქვანია და ირაკლი ფიფია ბრძოლის შემდეგ

👊 61 კგ: ვეფხვია ჭინჭარაული (ვეფხისტყაოსანი) V ოთარი თანზილოვი (GURAM FIGHT CLUB)

61 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში დაძაბული შეხვედრა გველის - ოთარ თანზილოვი ვეფხვია ჭინჭარაულს დაუპირისპირდება. თანზილოვი საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ერთადერთი მებრძოლია, რომელსაც ბრძოლა ნოკაუტით აქვს მოგებული.

ოთარ თანზილოვი: "ჭინჭარაულის მთავარი უპირატესობა დგომში ჩხუბია, მაგრამ უპირატესობა მას უფრო ჭიდაობაში ექნება. მე ყველა ვარიანტში ამ ბრძოლის ნოკაუტით მოგებას ვეცდები."

ერთადერთი ნოკაუტის ავტორი ოთარ თანზილოვი

ვეფხვიას ფინალამდე ორი ბრძოლის ჩატარება მოუწია - ჭინჭარაულმა პირველ ტურში გიორგი ზურებიანი მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა და გამარჯვება ასე მოიპოვა, რის შემდეგაც მეორე ტურში როლანდ პლუჟნიკოვთან ურთულესი ბრძოლა ჰქონდა.

ვეფხვია ჭინჭარაული: "ფინალისთვის დიდი მონდომებით ვემზადები, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ოთარს დიდი ხანია ვიცნობ. ვიცოდი, რომ ფინალში მასთან დაპირისპირება მომიწევდა. მას მეორე ტურში არ უჩხუბია, რადგანაც ჩემს წინააღმდეგ დასვენებული და ტრავმების გარეშე გამოვა. მას ბრძოლაში უპირატესობა ექნება."

პოპსპორტის მკითხველს ათივე ბრძოლის შესახებ მოგაწოდეთ ინფორმაცია. წინ ძალიან მაგარი ჩხუბები გველის, სადაც თავს არავინ დაზოგავს. 10 ივნისს აუცილებლად უნდა უყუროთ დიდ შოუს, რომელიც ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე გავა.

📺 მეორე ტური სრულად

კომენტარები

ბოლო ამბები