Thumbnail

“სექსი მუნდიალზე მნიშვნელოვანია!” რომარიოს რჩევები ბრაზილიელ ფეხბურთელებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რას ურჩევს 1994 წლის ჩემპიონი ბრაზილიელ მოთამაშეებს
  • მუნდიალზე წარმატების ფორმულა რომარიოს აზრით

ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი ამას საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს. 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონი რომარიო ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელ გაბრიელ ჟეზუშს ურჩევს, მუნდიალზე სექსი აუცილებელია და არ დაუჯერო არავის, საპირისპიროს დამტკიცებას შეეცდებაო.

"ფეხბურთელმა, რომლის მიზანი მუნდიალის მოგებაა, უნდა იცოდეს, რომ ყოველი მატჩი შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს ამ ტურნირზე მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის" - რომარიო

“ერთ-ერთი მთავარი რჩევა, რომელიც გაბრიელს მინდა მივცე, ის არის, რომ ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონატის დროს საკმარისად ხშირად უნდა ჰქონდეს სექსი. მან აუცილებლად უნდა გამოიყენოს თავისუფალი დღეები. თამაშის წინა დღეს და თამაშის დროს კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფეხბურთზე უნდა იყოს კონცენტრირებული. ფეხბურთელმა, რომლის მიზანი მუნდიალის მოგებაა, უნდა იცოდეს, რომ ყოველი მატჩი შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს ამ ტურნირზე მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის,” - აცხადებს 52 წლის რომარიო ბრაზილიურ სპორტულ გაზეთ Lance-სთან ინტერვიუში.

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბრაზილიელი გოლეადორის აზრით, ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა პრობლემა უნდა დაივიწყოს და 100 პროცენტით უნდა იყოს კონცენტრირებული. “წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნდიალზე წარუმატებლობა გარდაუვალია,” - დასძენს რომარიო.

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში შვეიცარიასთან (17 ივნისს ხვდება), კოსტა რიკასთან (22) და სერბეთთან (27) მოხვდა. მუნდიალს მთელი ბრაზილია მოუთმენლად ელოდება. ხალხს სჯერა, რომ “სელესაოს” ტიტულის მოგება შეუძლია. IBOPE-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59 პროცენტს სჯერა, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს მე-6 ჩემპიონობას იზეიმებს. შეგახსენებთ, რომ “სელესაოს” მთავარი საფეხბურთო ჯილდო 1958, 1962, 1970, 1994 და 2002 წლებში აქვს მოგებული.

1994 წელი: რომარიო მსოფლიო თასით

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში ბრაზილიელმა გულშემატკივრებმა თავიანთი გუნდის მთავარ კონკურენტად გერმანიის ნაკრები დაასახელეს - 24 პროცენტს მიაჩნია, რომ ბუნდესგუნდი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს შეინარჩუნებს. მხოლოდ 4 პროცენტი ფიქრობს, რუსეთში არგენტინის ნაკრები იზეიმებს. 3-3 პროცენტს კი მიაჩნია, რომ ჩემპიონი ესპანეთი ან საფრანგეთი გახდება.

ბრაზილიელი ფეხბურთელები რომარიოს რჩევას სიამოვნებით გაითვალისწინებენ

კომენტარები

ბოლო ამბები