Thumbnail
  • MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ტურში 5 სატიტულო ბრძოლა გაიმართება
  • ჭინჭარაული და თანზილოვი ქამრისთვის იბრძოლებენ
  • LIVE: ფეისბუქი: ევროპაბეთი და პოპსპორტი, Youtube: პოპსპორტი
  • პირველი ტურის ყველა ბრძოლა იხილეთ აქ
  • მეორე ტურის ყველა ბრძოლა იხილეთ აქ

10 ივნისს, MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის (GFC) მესამე, ფინალური ტურის ორთაბრძოლები ჩატარდება, რომელშიც საქართველოს ჩემპიონებისა და ქამრების მფლობელების ვინაობა გაირკვევა. პირველობის ორგანიზატორი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციაა.

მესამე ტურში მონაწილეობას 20 სპორტსმენი მიიღებს. ოქტაგონზე სულ 10 ბრძოლა გაიმართება - აქედან 5 სატიტულო იქნება. ტური 20:00-ზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე გადაიცემა.

61 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში დაძაბული შეხვედრა გველის - ოთარ თანზილოვი ვეფხვია ჭინჭარაულს დაუპირისპირდება. თანზილოვი საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ერთადერთი მებრძოლია, რომელსაც ბრძოლა ნოკაუტით აქვს მოგებული.

ფინალამდე თანზილოვს ერთი ბრძოლის ჩატარება მოუწია და როგორც აღვნიშნეთ, მან ნოკაუტით გაიმარჯვა (ედემი ვაშაყმაძესთან). მან ბრძოლა წუთსა და 15 წამში დაასრულა.

ვეფხვიას ფინალამდე ორი ბრძოლის ჩატარება მოუწია - ჭინჭარაულმა პირველ ტურში გიორგი ზურებიანი მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა და გამარჯვება ასე მოიპოვა, რის შემდეგაც მეორე ტურში როლანდ პლუჟნიკოვთან ურთულესი ბრძოლა ჰქონდა.

22 წლის ვეფხვიამ თავადვე აღნიშნა, რომ მეტოქეს მხოლოდ ჭიდაობით აჯობა და როლანდმა მას დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ჭინჭარაულმა მეორე ტური მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოიგო და ფინალში გავიდა.

22 წლის თანზილოვი ჯერჯერობით წაუგებელი მებრძოლია. მას კარიერაში 4-დან 4 ბრძოლა აქვს მოგებული. ოთარმა 4-დან 3 ბრძოლა პირველ რაუნდში მოიგო - ერთი ნოკაუტით და ორი ტექნიკური ნოკაუტით.

ჭინჭარაულიც და თანზილოვიც დგომში კარგად ჩხუბობენ. ამ ბრძოლის ფავორიტის დასახელება რთულია. ოქტაგონზე დიდ ჩხუბს უნდა ველოდოთ, რომლის გამარჯვებულიც ნამდვილად ღირსეული ჩემპიონი იქნება.

ვეფხვია ჭინჭარაული (ვეფხისტყაოსანი): "ზურებიანთან ბრძოლაში არაფერი გამჭირვებია, ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მწვრთნელებმა მირჩიეს. ზურებიანისგან განსხვავებით, პლუჟნიკოვი უფრო ძლიერი და გამძლე აღმოჩნდა. ჩემი ასპარეზობა შთამბეჭდავი იყო, ძირითადად დგომში ვჩხუბობ, მაგრამ ამ ტურნირზე ჭიდაობაც მომიწია.

ფინალისთვის დიდი მონდომებით ვემზადები, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ოთარს დიდი ხანია ვიცნობ, ვიცოდი, რომ მასთან დაპირისპირება მომიწევდა ფინალში. მას მეორე ტურში არ უჩხუბია, რადგანაც ჩემს წინააღმდეგ დასვენებული და ტრავმების გარეშე გამოვა.

მას ბრძოლაში უპირატესობა ექნება. გარკვეული სტრატეგია უკვე შევარჩიე, თუმცა ეს ბრძოლაა და არ ვიცით, მოვლენები როგორ განვითარდება. ორივე შემტევი სტილის მებრძოლი ვართ და მაყურებელს მაგარი შოუ ელის."

ჭინჭარაულმა მოგება ოქტაგონზე ახტომით აღნიშნა

ოთარ თანზილოვი (GURAM FIGHT CLUB): "MAIN CARD-ში მოხვედრამ ძალიან გამახარა. ბედნიერი ვიყავი, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში ვიღებდი მონაწილეობას. დგომში ვჩხუბობ, ვაშაყმაძე ჭიდაობას ცდილობდა, თავი კარგად დავიცავი და გამარჯვებაც მოვიპოვე. ედემი კარგად შევისწავლე, ხშირად ცდილობდა ფეხში შესვლას, როცა ჩემთანაც იგივე სცადა, ფეხი ტრიალში დავარტყი და ნოკაუტში გავუშვი.

ამ შეჯიბრისთვის კარგად ვემზადებოდი. ვეფხვიას კარგად ვიცნობ და ის ყველა კომპონენტში კარგი მოჩხუბარია. ძალიან სანახაობრივი ბრძოლა გველოდება. ჭინჭარაულის მთავარი უპირატესობა დგომში ჩხუბია, მაგრამ უპირატესობა მას უფრო ჭიდაობაში ექნება. მე ყველა ვარიანტში ამ ბრძოლის ნოკაუტით მოგებას ვეცდები."

 

კომენტარები

ბოლო ამბები