Thumbnail
  • ცსკა 73:83 მილანი
  • ქართველ კალათბურთელს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგის ოთხთა ფინალი ბოლო ადგილზე დაასრულა. რუსულმა კლუბმა ნახევარფინალი თურქულ ანადოლუ ეფესთან 86:89 წააგო, დღეს კი, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში იტალიურ მილანთან 73:83 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და შედეგიანადაც ითამაშა. მან 28:07 წუთში 18 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. თოკომ 11-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. სათქმელია ისიც, რომ შეხვედრის საუკეთესო მომენტიც შენგელიას ეკუთვნოდა: მან ფარქვეშ კაილ ჰაინსის წინააღმდეგობა არ შეიმჩნია და ეფექტური სლემი შეასრულა.

მილანელთა მხრიდან 11 და მეტი ქულა ერთბაშად ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო და მათი წარმატების საფუძველიც სწორედ კარგი გუნდური თამაში გახდა. შეგახსენებთ, რომ დღესვე, ევროლიგის ფინალში ესპანური ბარსელონა და ხსენებული ანადოლუ ეფესი ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები