Thumbnail

ვინც ფიქრობდა, რომ ფინალს მანჩესტერ სიტი მოიგებდა (და ასეთი ბევრი იყო), შეცდა! ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ფავორიტად სამართლიანად მიიჩნეოდა, მაგრამ ჩელსიმ დაამტკიცა, რომ ფინალში ფავორიტი არ არსებობს. თომას ტუხელის გუნდმა სეზონის მთავარი თამაში აბსოლუტურად დამსახურებულად მოიგო და ჩემპიონთა ლიგის თასს ისტორიაში მეორედ დაეუფლა. შარშანდელი ფინალის წაგების შემდეგ (პსჟ-სთან ერთად), ტუხელი გახდა ზედიზედ მესამე გერმანელი მწვრთნელი (იურგენ კლოპის და ჰანსი ფლიკის შემდეგ), რომელაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ასევე გერმანელის გოლით!

ჩელსიმ ფინალი კაი ჰავერტცის გოლით მოიგო

პრემიერლიგის ბოლო ტურისგან განსხვავებით, რომელშიც ინგლისის ჩემპიონმა მანჩესტერ სიტიმ ევერტონი 5:0 გაანადგურა, ხოსეპ გვარდიოლამ ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა: სასტარტოში ფერნანდინიოს და გაბრიელ ჟეზუშის ნაცვლად ილქაი გიუნდოგანი და ბერნარდო სილვა გაამწესა. აღსანიშნავია, რომ დაცვის მარცხენა ფლანგზე პეპმა კანსელოს ზინჩენკო ამჯობინა. 

ჩელსის მწვრთნელ თომას ტუხელს სიურპრიზები თითქმის არ შემოუთავაზებია: ასტონ ვილასთან მატჩისგან (1:2) განსხვავებით, ლონდონელთა ძირითად შემადგენლობაში კოვაჩიჩისა და პულიშიჩის ნაცვლად კანტე და ჰავერტცი ვიხილეთ.

ფინალს 14 110 მაყურებელი დაესწრო

ფინალის წინ ექსპერტები ორივე გუნდის მხრიდან ფრთხილ თამაშს ელოდნენ, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა - მატჩი აქტიურად დაიწყო და საწყის 10 წუთში სამი მომენტი შეიქმნა: ჯერ სტერლინგი აღმოჩნდა კარგ სიტუაციაში (ედერსონის გრძელი პასის შემდეგ), მაგრამ ჯეიმსმა ხელი შეუშალა და მენდიც ყურადღებით იყო; ორ წუთში ჰავერტცის კარგი ჩაწოდება ვერნერმა ვერ დააფასა (6 მეტრიდან ნორმალურად ვერ დაარტყა); საპასუხო შეტევაში კი სტერლინგი მაჰრეზს ეძებდა, მაგრამ სიტუაცია ჩილუელმა დროულად განმუხტა. მე-12 წუთზე ისევ ჩელსის შეეძლო გატანა, თუმცა ვერნერის პასი კანტემ ვერ გამოიყენა. ერთი სიტყვით, საწყის 15 წუთში საკმაოდ ინტენსიური ფეხბურთი ვიხილეთ - ამ ყველაფერს მხოლოდ გოლი აკლდა.

თუმცა შემდეგ გუნდებმა პაუზა აიღეს - მომდევნო რეალური შანსი 27-ე წუთზე შეიქმნა. დე ბრუინის პასის შემდეგ ფოდენი კარგ პოზიციაში აღმოჩნდა, თუმცა რიუდიგერმა ხიფათი სამაგალითო ვარდნით გააუვნებელყო. აქტიური პრესინგი და შეტევები გაგრძელდა - უტევდა სიტი და უტევდა ჩელსიც!

რიუდიგერი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო

39-ე წუთზე ტუხელს იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა: ტიაგო სილვა დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, მის ნაცვლად კი მოედანზე კრისტენსენი შევიდა. აღსანიშნავია, რომ სილვა გახდა მეხუთე ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორ ფინალში სხვადასხვა გუნდების ფორმით ითამაშა. რაც შეეხება დანარჩენ ოთხს, ესენი არიან: მარსელ დესაი (მარსელი და მილანი), პაულუ სოუზა (იუვენტუსი და დორტმუნდი), სამუელ ეტო’ო (ბარსელონა და ინტერი) და ალვარო მორატა (რეალი და იუვენტუსი).

ტაიმის მიწურულს ჩელსიმ გაიტანა! მაუნტის შესანიშნავი პასით კაი ჰავერტცი ედერსონთან პირისპირ დარჩა, გვერდი აუარა და ცარიელი კარი უპრობლემოდ აიღო. რაც ყველაზე საინტერესოა: 21 წლის გერმანელისთვის ეს პირველი გოლი იყო ჩემპიონთა ლიგაში!

კაი ჰავერტცმა ჩემპიონთა ლიგაში პირველად გაიტანა და პირდაპირ ფინალში!

შეიძლება ითქვას, რომ ჩელსიმ პირველი ტაიმის მოგება დაიმსახურა. ტუხელის გუნდი უკეთ გამოიყურებოდა და უკეთესი მომენტებიც ჰქონდა. ფაქტი იყო, რომ გვარდიოლას შესვენებაზე ბევრი რამ უნდა შეეცვალა.

მაგრამ მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში სიტის თამაშს პროგრესი არ დაეტყო, 57-ე წუთზე კი, რიუდიგერთან ორთაბრძოლაში გვარდიოლას მთავარი ფეხბურთელი დაუშავდა! კევინ დე ბრუინმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო - პეპმა მის ნაცვლად გაბრიელ ჟეზუში შეიყვანა. ბელგიელმა ნახევარმცველმა მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა...

დე ბრუინის სახით სიტის მეორე ტაიმში მთავარი პლეიმეიკერი გამოაკლდა, ბელგიელმა ცრემლები ვერ შეიკავა

მთავარი პლეიმეიკერის დაკარგვის შემდეგ სიტის შეტევები კიდევ უფრო უხარისხო გახდა. გვარდიოლას გუნდს ძალიან უჭირდა ჩელსის ორგანიზებული დაცვის ხაზის გარღვევა. პირიქით, მომენტი ისევ ტუხელის გუნდმა შექმნა: 73-ე წუთზე ლონდონელთა კონტრშეტევაზე კანტე-ჰავერტცი-პულიშიჩის კომბინაცია ამ უკანასკნელმა გოლით ვერ დაასრულა - 7 მეტრიდან ააცილა.

79-ე წუთიდან ჩელსი უკვე ღრმად ჩადგა დაცვაში. სიტის ფეხბურთელებს იდეები აკლდათ - გვარდიოლას გუნდი ფაქტობრივად სასწაულის იმედად იყო.

სასწაული არ მოხდა! ლონდონელებმა საქმე საკმაოდ მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე და ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეორედ მოიგეს.

მანჩესტერ სიტი 0:1 ჩელსი

გოლი: 0:1 ჰავერტცი (43)

მანჩესტერ სიტი (4-3-1-2): ედერსონი - უოკერი, სტოუნსი, რუბენ დიასი, ზინჩენკო - გიუნდოგანი, ბერნარდო სილვა (64. ფერნანდინიო), ფოდენი - დე ბრუინი (60. გაბრიელ ჟეზუში) - მაჰრეზი, სტერლინგი (77. აგუერო).

ჩელსი (3-4-2-1): მენდი - ასპილიკუეტა, ტიაგო სილვა (39. კრისტენსენი), რიუდიგერი - ჯეიმსი, ჟორჟინიო, კანტე, ჩილუელი - მაუნტი (80. კოვაჩიჩი), ჰავერტცი - ვერნერი (66. პულიშიჩი).

კომენტარები

ბოლო ამბები