- იოახიმ ლიოვი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ესპანეთში არ იმუშავებს
- გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
უკვე 15 წელია, რაც იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობს, სულ კი ბუნდესგუნდში მწვრთნელის პოზიციაზე 17 წელი იმუშავა (2004-დან 2006 წლამდე იურგენ კლინსმანის ასისტენტი იყო). როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ “იოგი” ბუნდესგუნდს დატოვებს და უკვე ისიც ცნობილია, რომ მას მიუნხენის ბაიერნის ყოფილი დამრიგებელი ჰანსი ფლიკი შეცვლის.
ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებები ხშირად წერდნენ, რომ ლიოვმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეიძლება რომელიმე გრანდი ჩაიბაროს - მის ბედს ბარსელონას და მადრიდის რეალსაც უკავშირებდნენ და თურქულ ფენერბაჰჩესაც. შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ბუნდესმწვრთნელმა განაცხადა, რომ ზაფხულში არცერთ კლუბს არ ჩაიბარებს.
“პირადად მე კონტაქტი არცერთ კლუბთან არ მქონია. ჩემთვის ცხადია და გავიმეორებ, რომ ზაფხულში არცერთი კლუბის მწვრთნელად არ დავინიშნები. ასე ვფიქრობდი თვეების წინ და აზრი არ შემიცვლია,” - განაცხადა 61 წლის ლიოვმა.
ბარსელონაში რონალდ კუმანის მომავალი გაურკვეველია, თუმცა ნიდერლანდელს ალბათ მაინც გაუშვებენ. თვეების წინ, ბარსას ლეგენდა ჩავიმ განაცხადა, რომ კატალონიური გრანდისთვის იდეალურ დამრიგებლად სწორედ ლიოვი მიაჩნია. ასევე იწერებოდა რეალის შესახებაც - როგორც იცით, ზინედინ ზიდანი ‘სამეფო კლუბს’ ემშვიდობება. თუმცა ‘იოგიმ’ ახლა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კლუბში მუშაობის დაწყება არ სურს.
კომენტარები