Thumbnail

GFC | ლუკა ბრეგვაძე V თამაზ ბოჭორიშვილი - სატიტულო ბრძოლის წინ

  • MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ტურში 5 სატიტულო ბრძოლა გაიმართება
  • ბრეგვაძე და ბოჭორიშვილი ქამრისთვის იბრძოლებენ
  • LIVE: ფეისბუქი: ევროპაბეთი და პოპსპორტი, Youtube: პოპსპორტი
  • პირველი ტურის ყველა ბრძოლა იხილეთ აქ
  • მეორე ტურის ყველა ბრძოლა იხილეთ აქ

10 ივნისს, MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის (GFC) მესამე, ფინალური ტურის ორთაბრძოლები ჩატარდება, რომელშიც საქართველოს ჩემპიონებისა და ქამრების მფლობელების ვინაობა გაირკვევა. პირველობის ორგანიზატორი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციაა.

მესამე ტურში მონაწილეობას 20 სპორტსმენი მიიღებს. ოქტაგონზე სულ 10 ბრძოლა გაიმართება - აქედან 5 სატიტულო იქნება. ტური 20:00-ზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე გადაიცემა.

77 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს ლუკა ბრეგვაძე და თამაზ ბოჭორიშვილი შეხვდებიან. ბრეგვაძეს პროფესიონალურ კარიერაში ფანტასტიკური სტარტი აქვს, ხოლო ბოჭორიშვილს ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს.

ბრეგვაძემ ფინალში გასასვლელად ორი ბრძოლა მოიგო, ხოლო ბოჭორიშვილს ფინალის საგზურისთვის ერთი ბრძოლის მოგება დასჭირდა. 18 წლის ლუკამ პირველ ტურში იბრაგიმ ბაკაევი პირველსავე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, ხოლო მეორე ტურში ბექა თამლიანს მეორე რაუნდში, ასევე ტექნიკური ნოკაუტით მოუგო და ფინალში გააღწია.

ბოჭორიშვილმა მეორე ტურში ნიკა ბუქურს პირველ რაუნდში აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა. როგორც აღვნიშნეთ, თამაზი საკმაოდ გამოცდილი მებრძოლია. 24 წლის ბოჭორიშვილს კარიერაში 12 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 9 მოიგო და 3-ში დამარცხდა. მან საქართველოს ჩემპიონატამდე ჯერ ფინეთში იჩხუბა, შემდეგ - სერბეთში. თამაზი ორივე შემთხვევაში დამარცხდა. ბოჭორიშვილი ეცდება, რომ ბუქურთან გამარჯვების შემდეგ ზედიზედ მეორე მოგება მიითვალოს.

ლუკა ბრეგვაძე (ვეფხისტყაოსანი): "მიყვარს შემტევი სტილი, რადგანაც ცხოვრებაშიც ასეთი ხასიათი მაქვს. არცერთ გამოწვევასა და მეტოქეს არ ვუშინდები. არცერთ მეტოქესთან არ გამჭირვებია, თუმცა უკეთესი ბრძოლა ბექა თამლიანთან გამომივიდა.

მე უფრო მეტი პლუსი დგომში მაქვს, თუმცა პარტერშიც და ჭიდაობაშიც კარგად ვარ და არც მანდ ბრძოლას ვუშინდები. დიდი ჩავარდნა და მინუსი არ მქონია, მაგრამ მინდა, რომ ბრძოლა აუცილებლად დავხვეწო.

ბოჭორიშვილი უფრო მეტ აქცენტს ჭიდაობაზე აკეთებს. ვფიქრობ, რომ ფინალშიც ჭიდაობას ეცდება. ქამრისთვის ბრძოლაში დიდი დაძაბულობა გველოდება, მე და ჩემი გუნდი მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩემპიონობისთვის. ქამრის მოგების შემთხვევაში, სხვა ორგანიზაციებიდან ბევრი შემოთავაზება იქნება და ისეთ ორგანიზაციებში მომიწევს ჩხუბი, როგორებიც UFC და ბელატორია."

თამაზ ბოჭორიშვილი (GURAM FIGHT CLUB): "ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე უცხოეთში ვიჩხუბე. ამ წონაში ჩემს გუნდელს, ასლან გორგიშვილს უნდა ეჩხუბა, თუმცა ტრავმა მიიღო, რის გამოც ამ წონაში მე გამოვედი. ორ კვირაში წონა 2-ჯერ დავიკელი. ვფიქრობ, რომ მეტოქეს მაინც გამოცდილების ხარჯზე ვაჯობე. ბრძოლის ერთ მომენტში ძალიან გამიჭირდა, ყურადღება მოვადუნე და ნოკდაუნში ვიყავი, მაგრამ სიტუაცია დროულად გამოვასწორე. ბუქურთან ბრძოლისას ჩემი გეგმის 95% შევასრულე.

ლუკაზე დიდი გამოცდილება მაქვს - კარგად ვჭიდაობ და ვეცდები, რომ გამოვიყენო ჩემი უპირატესობები. ლუკას სტილი მომწონს, უბრალოდ მისი ჭიდაობა არ მინახავს. ორივე ბრძოლაში პარტერში ძალიან ცოტა დრო გაატარა. კარიერაში ცხრა მოგება მაქვს და ცხრავე პირველივე რაუნდში მოვიგე, ამ ბრძოლაშიც იმავეს ვეცდები.

ფინალის მოლოდინი დიდია და სანახაობაც იქნება. საქართველოს ჩემპიონატის მოგება საამაყო იქნება. ყველა პროფესიონალი მებრძოლის ოცნება UFC-ში ჩხუბია და ეს ქამარი ამ ორგანიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება."

 

კომენტარები

ბოლო ამბები