Thumbnail

ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში აუტსაიდერად მიიჩნევს. შაბათს, პორტუში დაგეგმილი ფინალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანელმა ისიც თქვა, რომ ფინალი მისთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ “პირად დუელს მის მეგობარ ხოსეპ გვარდიოლასთან”.

“ეს გაცილებით მეტია, ვიდრე პეპის და თომასის დაპირისპირება. არასდროს ვიტყოდი, რომ ეს ჩვენი პირადი დუელია. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩოგბურთის მატჩი არ არის! - აღნიშნა 47 წლის გერმანელმა, - ჩვენ ვგრძნობთ შიმშილს და არ ვართ იმით კმაყოფილები, რომ ფინალში გავედით. ჩვენი მიზანი ის არის, რომ კმაყოფილები თამაშის შემდეგ ვიყოთ. ბოლო ნაბიჯის გადადგმა და ამ თასის მოგება გვსურს!”

ტუხელმა პრესკონფერენციაზე თავის წინამორბედ ფრენკ ლამპარდზეც ისაუბრა: “ფრენკმა ჯგუფურ ეტაპზე კარგი სამუშაო გასწია. მის შრომას ვაფასებ. შესაძლოა, ფინალში აუტსაიდერებად მიგვიჩნევენ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მოვიგებთ. კარგად გვესმის, რომ მანჩესტერ სიტი სამაგალითო გუნდია, მაგრამ ფეხბურთში და ფინალში ყოველთვის გაქვს შანსი, რომ მეტოქის უპირატესობა შეამცირო. საბედნიეროდ, ტრავმირებული არავინაა.”

გერმანელის თქმით, გვარდიოლას გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია: “პეპი ძალიან თავდაჯერებული, გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე გუნდებს აშენებს. შესაძლოა, ჩვენ ევროპის და უფრო მეტიც, მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით.”

როგორც იცით, პორტუს “დრაგაუზე” დაგეგმილ ფინალს 16 500 მაყურებელი დაესწრება. მანჩესტერ სიტი ფავორიტადაა მიჩნეული.

 

კომენტარები

ბოლო ამბები