Thumbnail
  • პლეი ოფში სტუმრად გატანილი გოლი შესაძლოა, მალე გაუქმდეს
  • უეფას ტურნირების კომიტეტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო
  • საბოლოო სიტყვა აღმასრულებელმა კომიტეტმა უნდა თქვას

ბრიტანული ‘თაიმსის’ ინფორმაციით, ევროპულ ფეხბურთში სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმება თითქმის გადაწყვეტილია. როგორც ხსენებული გამოცემის ჟურნალისტი მარტინ ციგლერი წერს, პარასკევს უეფას ტურნირების კომიტეტმა ამ თემაზე იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ პლეი ოფში სტუმრად გატანილი გოლის წესი გასაუქმებელია. ‘თაიმსის’ ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება ახლა უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა უნდა მიიღოს. წესის გასაუქმებლად სწორედ აღმასკომის თანხმობაა საჭირო.

როგორც იცით, “სტუმრად გატანილი გოლის წესის” მიხედვით, თუკი პლეი ოფის ორი მატჩის ჯამში ფრე ფიქსირდება, მომდევნო ეტაპზე გადის გუნდი, რომელიც გასვლით მატჩში მეტ გოლს გაიტანს. ბოლო დროს ამ წესს ხშირად აკრიტიკებენ - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიაა და მატჩებს მაყურებლები ვერ ესწრებიან. მიიჩნევა, რომ ცარიელი ტრიბუნების ფონზე გამართულ მატჩებში სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობას აზრი დაეკარგა და ეს წესი ისედაც მოძველებულია.

ევროტურნირების კომიტეტმა კლუბების წარმომადგენლებთან ერთად ამ საკითხზე პორტუში, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ერთი დღით ადრე იმსჯელა. სტუმრად გატანილი გოლის წესი პირველად 56 წლის წინ, 1965 წელს შემოიღეს.

კომენტარები

ბოლო ამბები