Thumbnail

ცსკა-ს ქამბექამდე ცოტა დააკლდა - ეფესი ევროლიგის ფინალშია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ევროლიგის ოთხთა ფინალი: ცსკა 86:89 ეფესი
  • ქართველი კალათბურთელის გუნდი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება უმძიმეს ბრძოლაში დათმო და ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებს. თურქულმა ეფესმა რუსულ კლუბს 3 ქულით, 89:86 სძლია და ფინალში გავიდა, სადაც ბარსელონასა და მილანოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შენგელიამ პარკეტზე 24:02 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულასა და 7 მოხსნას მოუყარა თავი. მან 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. გარდა ამისა, თორნიკემ 2 სამქულიანი ააცილა. შენგელიას 4 ჯარიმა დაუგროვდა და ის იტუდისმა მეოთხე პერიოდში აღარ ათამაშა. ცსკა მესამე პერიოდში 21 ქულას აგებდა და გუნდმა თამაშში დაბრუნება მოახერხა, თუმცა ვილ კლაიბერნმა 7 წამით ადრე სამქულიანი ააცილა და რუსულმა გუნდმა ფინალში გასვლის შანსი დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ ასეთი 'ქამბექის' შემდეგ კლაიბერნს თავისუფლად შეეძლო 2 ქულაზე თამაში და მატჩის დამატებით დროში გადაყვანა, რადგანაც ეფესის ლიდერი ვასილიე მიციჩი მოედნიდან ჯარიმების ლიმიტის გამო გავარდნილი იყო. კლაიბერნმა შეხვედრაში 26 ქულა ჩააგდო, ხოლო მიციჩის ანგარიშზე 25 ქულა იყო.

ევროლიგის ფინალი 30 მაისს გაიმართება, შეხვედრა თბილისის დროით 22:30-საათზე დაიწყება. შენგელიას გუნდი კი მესამე ადგილისთვის მატჩში მეორე ნახევარფინალში დამარცხებულს დაელოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები