Thumbnail
  • ჟოან ლაპორტა დაჯარიმების შემთხვევაში სასამართლოს (CAS) მიმართავს
  • ბარსას პრეზიდენტი ამბობს, რომ არც ბოდიშს მოიხდის და არც ფულს გადაიხდის

ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კიდევ ერთხელ ისაუბრა ე.წ. სუპერლიგაზე და უეფას საკმაოდ მკაცრი სიტყვებით მიმართა. კატალონიური გრანდის 58 წლის ბოსის თქმით, ბარსა არცერთ შემთხვევაში არ შეეგუება სასჯელს, რომლითაც უეფა მის გუნდს, მადრიდის რეალს და ტურინის იუვენტუსს ემუქრება იმის გამო, რომ სუპერლიგის შექმნის ინიციატორები არიან.

ლაპორტა აცხადებს, რომ ალეკსანდერ ჩეფერინს ესაუბრა და უეფას ბოსს ნამდვილად არ მოეწონებოდა ის, რაც უთხრა: “მე მას შევატყობინე, რომ ჩვენ ბოდიშებს არ მოვიხდით. და არც იმას ვგეგმავთ, რომ ჯარიმები გადავიხადოთ. თუ ჩვენ ჯარიმების გადახდას დაგვაკისრებენ, აუცილებლად მივმართავთ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS)!” - აღნიშნა ბარსელონას პრეზიდენტმა.

'ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ტურნირებს გავუკეთოთ ორგანიზება, თუკი ამის სურვილი გვექნება!'

აღსანიშნავია, რომ ლაპორტა ბარსელონას პრეზიდენტად მეორედ მარტში აირჩიეს, სუპერლიგის შექმნაში კი მისი წინამორბედი ხოსეპ ბარტომეუ მონაწილეობდა. თუმცა ელიტარული ლიგის შექმნის იდეას, რომელსაც ჯერ კიდევ ემხრობიან ბარსა, რეალი და იუვენტუსი, ლაპორტაც იცავს. “ჩვენ ჩვენი ინტერესების დაცვა გვსურს და ისიც, რომ ფეხბურთი უფრო მდგრადი გახდეს,” - ამბობს ლაპორტა.

ამასთან, მან უეფა მკაცრად გააკრიტიკა: “სუპერლიგა იმის გამო აღარ არსებობს, რომ უეფას და მთავრობების წნეხის გამო კლუბებმა ის დატოვეს. მაგრამ რჩება ფირმა, რომელსაც უფლებები აქვს. ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ტურნირებს გავუკეთოთ ორგანიზება, თუკი ამის სურვილი გვექნება.”

როგორც იცით, ე.წ. სუპერლიგა 12-მა ტოპ-კლუბმა დააარსა. 9 მათგანმა მოგვიანებით ამ იდეაზე უარი თქვა. დარჩნენ მხოლოდ ბარსელონა, რეალ მადრიდი და იუვენტუსი, რომლებიც პროექტისთვის ბოლომდე იბრძვიან. უეფამ სხვა კლუბები უკვე დასაჯა, აღნიშნულ სამეულს კი გაცილებით მძიმე სანქციებით დაემუქრა. არ არის გამორიცხული, რომ ჩეფერინმა ბარსა, რეალი და იუვე გარკვეული დროით ჩემპიონთა ლიგიდანაც მოკვეთოს და სოლიდური ფულადი ჯარიმაც დააკისროს.

კომენტარები

ბოლო ამბები