Thumbnail

როლან გაროსი | ეკატერინე გორგოძე პირველ წრეში 18 წლის დანიელს ეთამაშება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ჩოგბურთელი კლარა ტაუსონს კარიერაში ერთხელ შეხვედრია
  • ეკატერინე გორგოძე დიდი სლემის ძირითად ბადეში პირველად იასპარეზებს

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, რომელმაც საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში კარიერაში პირველად გააღწია, მეტოქის ვინაობა შეიტყო.

როლან გაროსის საწყის რაუნდში ეკო 18 წლის დანიელ კლარა ტაუსონს გაეჯიბრება, რომელიც WTA-ს რეიტინგში მისთვის სარეკორდო 90-ე ადგილზე იმყოფება, გორგოძე კი კლასიფიკაციაში 222-ეა. ცნობისთვის, გასულ წელს გორგოძე და ტაუსონი ერთმანეთს ანდრეციე-ბუტეონის (საფრანგეთი) ტურნირზე დაუპირისპირდნენ და დანიელმა 7:6 (7:2), 6:3 მოიგო.

თუკი ეკატერინემ რევანშის აღება მოახერხა და საფრანგეთის ღია პირველობის მე-2 წრეში გავიდა, მე-15 ნომრად განთესილ ბელარუს ვიკტორია აზარენკასა და რუს სვეტლანა კუზნეცოვას შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ გორგოძემ როლან გაროსის კვალიფიკაციაში 3 გამარჯვება იზეიმა: სასტარტო რაუნდში 28-ე ნომრად განთესილ მექსიკელ რენატა ზარაზუას 6:2, 4:6, 6:4 მოუგო, შემდეგ ბულგარელი ელიცა კოსტოვა 7:6 (7:5), 6:3 დაამარცხა, ბოლოს კი ესპანელ ნურია პარიზას დიაზს აჯობა – 6:3, 6:4.

შეგახსენებთ, რომ 28-ე ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის სასტარტო შეხვედრაში სერბ დუშან ლაიოვიჩს დაუპირისპირდება. შეიძლება ითქვას, რომ ნიკას არ გაუმართლა, რადგანაც მეტოქე, რომელიც პირველივე რაუნდში შეხვდა, რეიტინგში მხოლოდ 8 ადგილით ჩამორჩება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები