Thumbnail

ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის რიგით 66-ე ფინალი ინგლისურია: ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რომელშიც ერთმანეთს მანჩესტერ სიტი და ლონდონის ჩელსი დაუპირისპირდებიან, პორტუგალიის ქალაქი პორტუ უმასპინძლებს - სტამბოლი ზედიზედ მეორედ დარჩა ფინალის გარეშე. მატჩს 16 500 მაყურებელი დაესწრება და პანდემიის დროს ისიც საქმეა, რომ საკლუბო ფეხბურთის ეს უდიდესი მოვლენა ცარიელი ტრიბუნების ფონზე არ ჩაივლის.

თავისი ბოლო მატჩი სიტიმ 5:0 მოიგო (ევერტონთან), ჩელსი კი ასტონ ვოლასთან 1:2 დამარცხდა, მაგრამ ფინალისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. რაც მთავარია, თომას ტუხელის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში ტოტენჰემი დაეხმარა, რომელმაც ჩელსის კონკურენტი ლესტერი 4:2 დაამარცხა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფინალში წაგების შემთხვევაშიც, ლონდონელები მომდევნო სეზონშიც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებენ.

სიტი ფავორიტია

ბუქმეიქერები ფავორიტად სიტის მიიჩნევენ (1.85-1.95), რაც ლოგიკურია, რადგან ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა გაცილებით უკეთესი სეზონი ჩაატარა და იმ დროს, როცა ჩელსი ძლივს შევიდა საუკეთესო ოთხეულში, სიტიმ ინგლისის ჩემპიონობა ნაადრევად მოიპოვა. თუმცა სიტი წლების მანძილზე მიიჩნეოდა ხოლმე ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად, მაგრამ ამ მოლოდინს აქამდე ვერასდროს ამართლებდა. წინა 4 სეზონში სიტი მეოთხედფინალსაც კი ვერ გასცდა, ახლა კი ისტორიაში პირველადაა ფინალში.

აგუერო სასტარტო შემადგენლობაში არ მოიაზრება

მოკლედ, ზედიზედ 9 უშედეგო მცდელობის შემდეგ სიტიმ, როგორც იქნა, ფინალში გააღწია და ახლა მისი მოგებაც სურს. გვარდიოლას გუნდმა პრემიერლიგა 86 ქულით, შთამბეჭდავად მოიგო და ჩემპიონთა ლიგაშიც ფინალამდე დიდი ნერვიულობის გარეშე მივიდა: მერვედფინალში მიონხენგლადბახის ბორუსიას მოუგო (2:0, 2:0), მეოთხედფინალში დორტმუნდის ბორუსიას ბარიერი გადალახა (2:1, 2:1), ხოლო ნახევარფინალში კი - შარშანდელი ფინალისტი პსჟ გააგდო (2:1, 2:0). ჯგუფში გვარდიოლას გუნდმა 18 შესაძლო ქულიდან 16 აიღო და მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

სიტი მე-9 ინგლისური გუნდია, რომელიც ფინალში ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ახლო წარსულში ჩემპიონთა ლიგის ფინალის დებიუტანტ გუნდებს წარმატების მიღწევა უჭირდათ. ფინალში პირველად გასული ბოლო 10 გუნდიდან ერთადერთი მხოლოდ დორტმუნდის ბორუსია იყო (1997 წელს), რომელმაც გადამწყვეტი მატჩის მოგება შეძლო. ბოლო ინგლისური კლუბი კი, რომელმაც ეს მოახერხა, ასტონ ვილა გახლდათ - 1982 წელს. თუმცა 1997 წლის დორტმუნდი და 1982 წლის ასტონ ვილა ვერ შეედრებიან ამ მანჩესტერ სიტის, რომელსაც ბევრი ფული აქვს და ძვირადღირებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს.

ჩელსის დაცვა სტაბილურია

იანვრის დასაწყისში ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩელსი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას მოახერხებდა. იმ დროს, როცა ლონდონური კლუბის ხელმძღვანელებმა ფრენკ ლამპარდი გაათავისუფლეს, გუნდი ინგლისის ჩემპიონატში მე-9 ადგილზე იყო. თომას ტუხელის დანიშვნის შემდეგ კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. 47 წლის გერმანელმა მწვრთნელმა პირველ რიგში ჩელსის დაცვა დაასტაბილურა - მას შემდეგ ლონდონელები ცოტას უშვებენ. ტუხელის ხელმძღვანელობით ჩელსიმ ორ-ორჯერ მოუგო ლივერპულს, ტოტენჰემს და სიტისაც.

ტუხელის მთავარი მიღწევა დაცვის ხაზის სტაბილურობაა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლამპარდის გუნდმა 18 შესაძლო ქულიდან 14 აიღო და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. მერვედფინალში, უკვე ტუხელის მწვრთნელობით, ლონდონელებმა მადრიდის ატლეტიკო დაამარცხეს (1:0, 2:0), მეოთხედფინალში პორტუ გააგდეს (2:0, 0:1), ხოლო ნახევარფინალში კი მადრიდის რეალს სძლიეს (1:1, 2:0). ამრიგად, უშუალოდ ტუხელი ზედიზედ მეორედაა ჩემპიონთა ლიგის ფინალში - შარშან მან გადამწყვეტი მატჩი პსჟ-სთან ერთად 0:1 წააგო.

ერთი სიტყვით, ტუხელის ხელში ჩელსის პროგრესი აშკარაა, მაგრამ საბოლოოდ მთავარი მაინც ტიტულებია. ასოციაციის თასის ფინალი ლონდონელებმა ლესტერთან 0:1 წააგეს და თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც დამარცხდებიან, მიუხედავად წინსვლისა, ეს სეზონი მათ ისტორიაში კარგად მაინც არ შევა.

რა სქემას აირჩევს პეპი?

ფინალისტების ბოლო ორი დუელი ჩელსიმ მოიგო. ასოციაციის თასის ნახევარფინალში გვარდიოლამ თავისი გუნდი 4-მცველიანი ტაქტიკით ათამაშა და 0:1 დამარცხდა. ორი კვირის შემდეგ, პრემიერლიგაში პეპმა ჩელსისთან 3 მცველით თამაში გადაწყვიტა და 1:2 წააგო. საინტერესოა, რომელ სქემას აირჩევს გვარდიოლა ფინალში - ალბათ უფრო 4-3-3-ს. ფაქტი მხოლოდ ის არის, რომ სიტის საკადრო პრობლემები არ აწუხებს.

ჩელსის მატეო კოვაჩიჩი გამოუჯანმრთელდა, რომელიც აპრილის შემდეგ ტრავმირებული იყო. ნ’გოლო კანტე ბოლოსწინა ტურში დაშავდა, თუმცა ოთხშაბათს ვარჯიში დაიწყო და წესით, ფინალში ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს. მის გვერდით ადგილი ჟორჟინიოს გარანტირებული აქვს.

ურთიერთშეხვედრებიდან 63 ჩელსიმ მოიგო, 38 მატჩი ფრედ დასრულდა, 49 გამარჯვება კი სიტიმ იზეიმა, ბოლო 10 დუელიდან კი 6 სიტიმ მოიგო, 4 კი - ჩელსიმ. ბოლო დუელები ტაქტიკურად ძალიან დატვირთული იყო და ლოგიკურად, ბევრ გოლს არ უნდა ველოდოთ.

საინტერესო ფაქტები

⚽ მანჩესტერ სიტის მიზანია, გახდეს 23-ე გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

⚽ ჩელსის ჩემპიონთა ერთხელ უკვე მოგებული აქვს ახლა სურს, გახდეს მე-13 გუნდი, რომელსაც ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი ერთზე მეტჯერ ექნება მოგებული.

⚽ ეს ჩემპიონთა ლიგაში რიგით მესამე ინგლისური ფინალია.

⚽ სიტიმ ბოლო 4 ოფიციალური მატჩიდან 2 წააგო, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ხოსეპ გვარდიოლას გუნდს ინგლისის ჩემპიონობა ნაადრევად ჰქონდა განაღდებული.

⚽ აპრილის შუა რიცხვების შემდეგ ჩელსი სიტის ორჯერ შეხვდა და ორივე თამაში მოუგო: ჯერ ასოციაციის თასის ნახევარფინალში (1:0), მერე კი პრემიერლიგაში (2:1).

⚽ ჩელსი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ იყო და ფინალის ბედი ორივე შემთხვევაში პენალტების სერიაში გადაწყდა - ერთხელ მოიგო, ერთხელ წააგო.

⚽ უეფას ტურნირებში ჩელსის პენალტების სერია 2-ჯერ აქვს მოგებული, 4 შემთხვევაში კი დამარცხდა. სიტის ორჯერ მოუწია პენალტების დარტყმა და ორივე შემთხვევაში გამარჯვებული გამოვიდა. ანუ, ლონდონელებს საქმის თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიყვანა არ უნდა სურდეთ.

⚽ ჩელსიმ ამ სეზონში ერთხელაც კი არ გაუშვა 1,5-ზე მეტი გოლი. თომას ტუხელის გუნდის დაცვა საკმაოდ ძლიერია, თუმცა იგივე ითქმის სიტის უკანა ხაზზეც.

⚽ სიტიში ერთადერთი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში უთამაშია: ილქაი გიუნდოგანი.

⚽ ჩელსის ფორვარდ ტიმო ვერნერს ამ სეზონში უფრო მეტი გოლი არ ჩაუთვალეს (15), ვიდრე გაიტანა (12).

⚽ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველი გოლის ავტორმა გუნდმა ბოლო 14 ფინალიდან 12 მოიგო.

⚽ სიტიმ ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 7 მატჩი მოიგო.

⚽ ჩემპიონთა ლიგაში ჩელსის ბოლო 7 მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ ჩემპიონთა ლიგაში სიტის ბოლო 7 შეხვედრაში მინიმუმ 2-2 გოლი გაჰქონდა.

⚽ ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 12 მატჩიდან 11 არ წააგო.

⚽ მანჩესტერ სიტი პირველი ტაიმების 55 პროცენტს იგებს, ჩელსი - 48 პროცენტს.

⚽ სიტის და ჩელსის ერთმანეთის წინააღმდეგ საშუალოდ თამაშში 1,4 გოლი გააქვთ.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, სტოუნსი, დიასი, ზინჩენკო - ბერნარდო სილვა, როდრი, გიუნდოგანი - მაჰრეზი, დე ბრუინი, ფოდენი.

ჩელსი (3-4-3): მენდი - ასპილიკუეტა, ტიაგო სილვა, რიუდიგერი - ჯეიმსი, ჟორჟინიო, კანტე, ჩილუელი - ზიეხი, ვერნერი, მაუნტი.

კომენტარები

ბოლო ამბები