Thumbnail

იუვენტუსმა პირლო მადლობით გაათავისუფლა - ალეგრი ბრუნდება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ანდრეა პირლო იუვენტუსის მწვრთნელი აღარ არის! ინფორმაცია ტურინულმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა. იუვეში 41 წლის სპეციალისტს, რომელმაც გუნდს 9 თვე უხელმძღვანელა, მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

"მადლობა, ანდრეა - ეს პირველი სიტყვებია, რომელიც ყველამ ერთად უნდა წარმოვთქვათ. რამდენიმე თვის წინ ანდრეა პირლომ, მსოფლიო ფეხბურთის ხატმა, იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის რანგში ახალი თავგადასავალი დაიწყო. ამის გაკეთებას, უპირველეს ყოვლისა, გამბედაობა სჭირდება, ისევე, როგორც საკუთარი შესაძლებლობების რწმენა - განსაკუთრებით იმ პერიოდში, რომელსაც ათასი სირთულე ახასიათებს. ანდრეამ ეს გააკეთა, მან დაიწყო და დარწმუნებულნი ვართ, ბრწყინვალე სამწვრთნელო კარიერა ექნება. რამდენიმე თვეში მან მოიგო ორი თასი და იუვეს მოუტანა ბრწყინვალე გამარჯვებები. ამ ყველაფრისთვის, გამბედაობისთვის, თავდადებისთვის, ვნებისთვის, რომელსაც ის ყოველდღე აჩვენებდა, ჩვენი მადლობა ნამდვილად გულიდან მოდის. წარმატებებს გისურვებთ მომავალში, რომელიც ნამდვილად შესანიშნავი იქნება", - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

პირლო იუვეს 2 ტიტულით დაემშვიდობა

ანდრეა პირლომ 2020 წლის აგვისტოში იუვენტუსის 23-წლამდე გუნდი ჩაიბარა, მაგრამ ზუსტად ერთ კვირაში მაურიციო სარის ნაცვლად მთავარი გუნდი ანდეს. მან სამწვრთნელო კარიერაში სადებიუტო სეზონი ჩაატარა და იუვენტუსს იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოაგებინა. თუმცა, სერია A-ში მხოლოდ მე-4 ადგილი მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგას 1/8-ფინალში გამოეთიშა, რამაც მის გათავისუფლებაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. პირლოს მომავალს იტალიური პრესა აქტიურად სასუოლოს უკავშირებს, ხოლო იუვენტუსში მას მასიმილიანო ალეგრი შეცვლის.

კომენტარები

ბოლო ამბები