Thumbnail

2023 წლამდე ანორთოსისში - თემურ ქეცბაიამ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ქეცბაია ანორთოსისში 2023 წლამდე იმუშავებს
  • მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა

თემურ ქეცბაია ანორთოსისში მუშაობას გააგრძელებს. კვიპროსული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, 53 წლის ქართველმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ცნობა ოფიციალურად დადასტურდა. ქეცბაიას კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლოს ეწურებოდა და ერთი პერიოდი ის გუნდიდან წასვლას აპირებდა, მაგრამ ბოლოს ვითარება შეიცვალა და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

ანორთოსისმა 2020/21 წლების სეზონში ქეცბაიას ხელმძღვანელობით კვიპროსის თასი მოიგო, რაც კლუბისთვის პირველი ტიტული იყო 2008 წლის მერე, როცა კვიპროსის ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ მაშინაც მწვრთნელად თემური მუშაობდა.

ქეცბაიას ანორთოსისში 5 ტიტული აქვს მოგებული

ქეცბაიას ანორთოსისში მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2004-2009 წლებშიც უმუშავია და მაშინ ორჯერ გახდა კვიპროსის ჩემპიონი, თითოჯერ თასისა და სუპერთასის მფლობელი. ის კლუბს 2019 წელს დაუბრუნდა, პირველ სეზონში ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გაიყვანა, ხოლო ორი კვირის წინ თასი მოაგებინა. ქეცბაიას საუკეთესო შედეგი ანორთოსისში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპია, სადაც კვიპროსულმა გუნდმა 2008/09 წლების სეზონში ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ფამაგუსტას ანორთოსისის ღირსებას გასულ სეზონში ოთხი ქართველი ფეხბურთელი იცავდა - ბუბა დაუშვილი და გიორგი ლორია გუნდში რჩებიან, ხოლო გიორგი ქვილითაიასა და თორნიკე ოქრიაშვილს კონტრაქტები ამოეწურათ.

კომენტარები

ბოლო ამბები