Thumbnail

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში - 2 მსაჯი 7-კაცას რაგბი ევროპაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სულხან ჩიხლაძე და ანა პოღოსიანი ივნისში 'ალაფაზე' მიიწვიეს
  • ისინი მთავარი არბიტრების რანგში პირველად იმუშავებენ

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ორი ქართველი რეფერი რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებულ რაგბი 7-ის ტურნირს იმსაჯებს. საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, სულხან ჩიხლაძე და ანა პოღოსიანი ივნისში ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩავლენ და კაცთა და ქალთა “ალაფის” მატჩებს განსჯიან.

7-კაცას რაგბი ევროპის “ალაფაზე“ 12 გუნდი ითამაშებს – რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, შვედეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ისრაელი, ლუქსემბურგი, დანია, თურქეთი, უნგრეთი და ლატვია. ჩიხლაძეს რაგბი ევროპის ტურნირებზე 15-კაცა რაგბში გვერდით მსაჯად და ვიდეო-რეფერად (წელს, რუმინეთი-ესპანეთი) უმუშავია, 7-კაცას ტურნირზე და თანაც მოედნის მსაჯად კი, პირველად მიიწვიეს. ის იმედოვნებს, რომ მომავალში უფრო მაღალი დონის 7-კაცა ტურნირებს იმსაჯებს:

“დასაწყისისთვის, ძალიან კარგი ტურნირია. ჩემი ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე, ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ 7-კაცა რაგბში მოვხვედრილიყავი და ახლა, ამის შესაძლებლობა მეძლევა. მოწვევის მიღებისთანავე დავიწყე სპეციფიური მზადება ჩვენს ნაკრებთან ერთად, ვცვლით ინფორმაციებს და ვიმედოვნებ, რომ ზაგრების შემდეგ უფრო მაღალი დონის 7-კაცა ტურნირებზეც მიმიწვევენ. ეს მხოლოდ დასაწყისია და მაქსიმუმს გავიღებ, რათა საქართველოს სახელი ღირსეულად გავიტანო საერთაშორისო ასპარეზზე“.

ანა პოღოსიანი

ზაგრებშივე, 19-20 ივნისს იმართება 7-ქალას რაგბი ევროპის “ალაფაც“, სადაც ქართველი გოგონებიც ითამაშებენ. ჩვენი გუნდი B ჯგუფში ჩეხეთის, ფინეთის, უნგრეთისა და დანიის ნაკრებებთან მოხვდა, ხოლო A ჯგუფი უკრაინამ, შვედეთმა, ნორვეგიამ, თურქეთმა და მოლდოვამ დააკომპლექტეს. ანა პოღოსიანს ნინო ელოშვილთან ერთად, 7-ქალას ტურნირზე გვერდით მსაჯად უკვე უმუშავია, ახლა კი ცენტრში მოუწევს საკუთარი უნარების წარმოჩენა:

“ამ ტურნირზე მიწვევის შესახებ შარშანაც იყო საუბარი, მაგრამ მაშინ კოვიდ-პანდემიამ ამის საშუალება არ მომცა და მოხარული ვარ, რომ წელსაც მოვხვდი ორგანიზატორების თვალთახედვის არეში. ჩემთვის ეს პირველი ნაბიჯია ახალ ეტაპზე. ხორვატიაში დამკვირვებლებიც იქნებიან და ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ კვლავ მექნება 7-ქალას ტურნირებზე მიწვევა. საქმეს ისიც გამიიოლებს, რომ ზაგრებში ჩვენი ნაკრებიც ითამაშებს და მარტო არ ვიქნები წარმოდგენილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გოგონებიც წარმატებით ითამაშებენ და ჩემი მსაჯობითაც კმაყოფილი დარჩებიან ორგანიზატორები“.

შეგახსენებთ, 5-6 ივნისს საქართველოს 7-კაცა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ითამაშებს. A ჯგუფში საქართველოს მეტოქეები გერმანიის, პორტუგალიისა და ლიეტუვის გუნდები იქნებიან, ხოლო მეორე ჯგუფში ესპანეთი, იტალია, რუსეთი და პოლონეთი მოხვდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები