Thumbnail

პარიზში საფრანგეთის ღია პირველობის ძირითადი ბადის წილისყრა გაიმართა, გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქის ვინაობაც. დიდი სლემის ტურნირზე 28-ე ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში სერბ დუშან ლაიოვიჩს (39) დაუპირისპირდება. შეიძლება ითქვას, რომ ნიკას არ გაუმართლდა, პირველივე წრეში საკმაოდ სოლიდურ მეტოქეს შეხვდება, რომელიც მას რეიტინგში მხოლოდ 8 ადგილით ჩამორჩება. 

ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ (ოთხჯერ ATP-ის ეგიდით), ბასილაშვილი 4:1-ს იგებს. მან 2016 წელს სერბს პეკინის ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში მოუგო, იმავე წელს კიცბიუელში ნახევარფინალში დაამარცხა. 2018 წელს მოთამაშეები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ანტალიაში ბასილაშვილმა მოიგო, ხორვატულ უმაგში - ლაიოვიჩმა. 2019 წელს ნიკამ მეტოქეს კანადის მასტერსზე აჯობა. 

გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილი საკვალიფიკაციო წრიდან გამოსულ ჩოგბურთელს ეთამაშება. შემდეგ ეტაპზე კი, წესით, მე-7 ნორმად განთესილ ანდრეი რუბლიოვზე გადის. 

პარიზში ეკატერინე გორგოძეც ძირითად ბადეშია, თუმცა საკვალიფიკაციოდან გასულებს ამ ტურნირის დასრულებისთანავე განთესავენ უკვე გამოქვეყნებულ ძირითად ბადეში. სულ 20 ვარიანტია, ასე რომ, ჯერ ჩამოთვლას აზრი არ აქვს. ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა ბადეში გამოვა, აქ ჯერ წილისყრა არ გამართულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები