Thumbnail

კონტეს ინძაგი შეცვლის - ინტერმა ახალი მწვრთნელი სწრაფად იპოვა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სიმონე ინძაგი ინტერთან კონტრაქტს ხვალ გააფორმებს
  • 45 წლის სპეციალისტმა ლაციოში 3 ტიტული მოიგო

მილანის ინტერში ანტონიო კონტეს სიმონე ინძაგი შეცვლის და "ნერაძურის" ახალი მთავარი მწვრთნელი 45 წლის სპეციალისტი იქნება. ინფორმაციას Sky Sport ავრცელებს. წყაროს თანახმად, ყველაფერი გადაწყვეტილია და მილანელები ინძაგის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას ხვალ ოფიციალურად დაადასტურებენ.

მილანური გრანდის გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ იტალიურ მედიასთან კომენტარიც გააკეთა და მას კონკრეტული სახელი არ გაუჟღერებია, მაგრამ თქვა, რომ პარასკევს, დღის ბოლოს მთავარი მწვრთნელი ეყოლებათ.

ინძაგის ლაციოსთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. საინტერესოა, რომ ის გუშინ რომაული გუნდის პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს კონტრაქტს 2024 წლამდე განახლებაზე შეუთანხმდა, მაგრამ შეთანხმება მალევე დაარღვია და ინტერის წინადადება მიიღო. "ბიანკოჩელესტემ" ოფიციალურად დაადასტურა ინძაგის გუნდიდან წასვლა და იტალიელი მწვრთნელიც ლაციოს უკვე დაემშვიდობა, სადაც ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში 22 წელი გაატარა:

"მინდა გაცნობოთ, რომ 30 ივნისს ლაციოსთან ჩემი ბრწყინვალე თავგადასავალი დასრულდება. მადლობა კლუბს, პრეზიდენტს, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს, რომელთა თანმხლები ვიყავი ამ შესანიშნავი 22 წლის განმავლობაში, როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი. ერთად ვიბრძოლეთ და ერთად გავიმარჯვეთ ეს ფერები ჩემს გულშია და სამუდამოდ დარჩება: თეთრი და ცისფერი სამუდამოდ იქნება ჩემი სულის ნაწილი", - თქვა ინძაგიმ.

იტალიის მოქმედი ჩემპიონი გუშინ ანტონიო კონტემ დატოვა. თავდაპირველად მათ მასიმილიანო ალეგრის მიწვევა სურდათ, მაგრამ მან იუვენტუსში დაბრუნება ამჯობინა და ინძაგიზე აქცენტი ამის შემდეგ გააკეთეს. 45 წლის სიმონესთან ხელშეკრულების პირობები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

ინძაგის ლაციომ იტალიაში ბოლო დეკადაში იუვენტუსის მერე ყველაზე მეტი ტიტული და თამაში მოიგო

სიმონე ინძაგის სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს რომის ლაციოში დაიწყო და სხვაგან აქამდე არ უმუშავია. მას "არწივებში" დადებითი შედეგები ჰქონდა - ორჯერ იტალიის სუპერთასი მოიგო, ერთხელ იტალიის თასი და გარდა ამისა, 13-წლიანი პაუზის შემდეგ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, სადაც მერვედფინალში მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდა.

📣 ULTIM'ORA INTER 👔 SIMONE INZAGHI SARÀ IL NUOVO ALLENATORE Le news ➡️ http://bit.ly/Inter_Panchina

Posted by Sky Sport on ხუთშაბათი, 27 მაისი, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები