Thumbnail
  • ზინედინ ზიდანმა რეალთან კონტრაქტი თავისი სურვილით გაწყვიტა
  • 48 წლის სპეციალისტმა მადრიდული კლუბი უკვე მეორედ დატოვა
  • რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატი სახელდება

ზინედინ ზიდანმა მადრიდის რეალი დატოვა! ესპანურმა კლუბმა ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე გავრცელებული განცხადებით ოფიციალურად დაადასტურა.

ზიზუმ "სამეფო კლუბთან" არსებული კონტრაქტი ამოწურვამდე 1 წლით ადრე გაწყვიტა და მომდევნო სეზონში მადრიდულ გრანდს აღარ გაწვრთნის.

"დროა პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას და დავაფასოთ მისი პროფესიონალიზმი, ერთგულება და გატაცება. ზიდანი რეალ მადრიდის ერთ-ერთი უდიდესი მითია, როგორც ჩვენი კლუბის მწვრთნელი და ფეხბურთელი. მან იცის, რომ რეალი არის და ყოველთვის იქნება მის სახელთან დაკავშირებული", - ნათქვამია განცხადებაში.

ზინედინ ზიდანი რეალს 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის მაისამდე და შემდეგ 2019 წლის მარტიდან მოყოლებული ავარჯიშებდა. ამ პერიოდში ფრანგმა ესპანურ გუნდს 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორ-ორჯერ კი ესპანეთის ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა. ზიზუს სამწვრთნელო კარიერაში სხვა კლუბში არ უმუშავია.

ვინ იქნება მადრიდის რეალის ახალი მწვრთნელი ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე ყველაზე აქტიურად რაულის და ანტონო კონტეს ვარიანტები სახელდება. რაული მადრიდელთა მეორე გუნდში მუშაობს, იტალიელი სპეციალისტი კი ახლახან ინტერიდან წავიდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები