Thumbnail
  • ბელგიის ნაკრებს უკვე საკმარისი გამოცდილება აქვს
  • წლების მანძილზე ეს გუნდი ერთი სისტემით და შემადგენლობით ვითარდება
  • მარტინესს ჰიბრიდული სქემა აქვს და თამაშის დროს მონახაზს ხშირად ცვლის
  • მწვრთნელის მთავარი დილემა აზარსა და მერტენსს შორის არჩევანის გაკეთებაა

2014 წლიდან მოყოლებული, არ მახსოვს დიდი სანაკრებო ტურნირი, რომლის წინაც ბელგიის ახალგაზრდა ტალანტებზე არ გვესაუბროს. ბელგიაც ისე თამაშობდა, როგორც ახალგაზრდულ გუნდებს სჩვევიათ - ლაღად, თავისუფლად, თუმცა გადამწყვეტ ეტაპზე ერთი ნაბიჯი აკლდებოდა. 2014 წელს იყო მინიმალური ანგარიშით წაგებული მეოთხედფინალი არგენტინასთან, 2018 წლის მუნდიალის ნახევარფინალში კი, მომავალ გამარჯვებულებს, ფრანგებს, ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ ბელგიამ შეუქმნა, თუმცა, ისევ 0:1.

ისტორიულად, ამ პატარა ქვეყნისთვის მუნდიალის მეოთხეფინალი და ნახევარფინალი დიდი ამბავია. თუმცა, ახლა ვითარება შეიცვალა. ეს ბიჭები დიდი ევროპული კლუბების ლიდერები არიან, გამოცდილებაც აქვთ და საჩემპიონო კლასიც. მოკლედ, ბელგია ისტორიაში პირველ დიდ ტიტულს სერიოზულად უმიზნებს. რას ველოდოთ რობერტო მარტინესის გუნდისგან?

სერიოზული ძალა

საფრანგეთის გარდა, ევროპაში არცერთი გუნდი ვიცი, რომელმაც ბელგიასთან თავი ფავორიტად შეიძლება იგრძნოს. ამ გუნდის რეალურ ძალას რომ მივხვდეთ, უბრალო სტატისტიკას შევხედოთ: 2018 წლის შემდეგ ჩატარებულ 21 თამაშში მარტინესის გუნდმა 18-ჯერ მოიგო, 2 ფრე ითამაშა და მხოლოდ ერთხელ წააგო. სამ წელიწადში 1 მარცხი მგონი ცუდი არ არის?! კიდევ უფრო შთამბეჭდავია ბურთების სხვაობა. ამავე მონაკვეთში ბელგიამ 71 გოლი გაიტანა (თამაშში 3.38) და მხოლოდ 13 გაუშვა (თამაშში 0.61). არცერთ ევროპულ ნაკრებს ბოლო დიდი ტურნირის - 2018 წლის მუნდიალის შემდეგ ასეთი სტატისტიკა არ აქვს.

"წითელი ეშმაკების" ძალას ისიც განაპირობებს, რომ ნაკრები, ფაქტობრივად, საკლუბო პრინციპით მუშაობს. 10 წელზე მეტია გუნდი ერთ სტილში თამაშობს, 6 წელია ერთი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი ჰყავს და სათამაშო სქემაც და მოთამაშეებიც მხოლოდ მინიმალურად იცვლებიან. ეს გუნდი სტაბილურ გარემოში, ერთი კონცეფციით განვითარდა და ახლა იმ სტადიაშია, რომ უახლოეს ორ დიდ ტურნირზე ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ტიტულისთვის იბრძოლოს.

შემადგენლობა

მარტინესის ხელში, როგორც აღვნიშნე, სტაბილური შემადგენლობაა. გუნდი მხოლოდ მინიმალურად იცვლება ხოლმე და ეს პროგნოზების გაკეთებას ამარტივებს. მეკარის პოზიციაზე ყველაფერი ნათელია - ტიბო კურტუა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე.

ყველაზე პრობლემატურ რგოლად დაცვის ხაზი რჩება. აქ ვგულისხმობ მოთამაშეების კლასსა და ხარისხს, თორემ სტატისტიკურად ბელგიის დაცვაში ყველაფერი წესრიგშია. გუნდი იშვიათად უშვებს - ბოლო 21 თამაშში მხოლოდ 2-ჯერ გაუშვა ერთზე მეტი გოლი.

ვერტონგენი და ალდერვეირელდი წლების მანძილზე ერთად თამაშობდნენ ტოტენჰემსა და აიაქსში

წინა ხაზთან შედარებით, დაცვაში ბელგიელებს კომპანის წასვლის შემდეგ მსოფლიო კლასის მოთამაშე არ ჰყავთ. მარტინესი 3-4-3 სქემით თამაშობს და დაცვის ძირითად სამეულს სტაბილურად ქმნიან: ტობი ალდერვეირელდი ტოტენჰემიდან, ჯეისონ დენაიერი ლიონიდან და იან ვერტონგენი ბენფიკადან. არცთუ ვარსკვლავური სახელების მიუხედავად, ბელგიას დაცვაში პრობლემა ბოლო დიდ ტურნირებზე არასოდეს ჰქონია. ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. სამი ცენტრალური მცველი იმის გარანტია, რომ საჯარიმო და ზოგადად, დაცვის ცენტრალური ნაწილი მაქსიმალურად დატვირთულია რაოდენობრივად. ამასთან, ერთად სტაბილური შემადგენლობა დაცვის მუშაობას მხოლოდ ხელს უწყობს - დენაიერი შედარებით ახალია, თუმცა ვერტონგენსა და ალდერვეირელდს ერთმანეთის თვალდახუჭული ესმით - მხოლოდ ნაკრებში ჯამურად 233 თამაში აქვთ ნათამაშები, რომელთა უდიდესი ნაწილი ერთად, წყვილში ითამაშეს, წლების მანძილზე ტოტენჰემშიც ერთად გამოდიოდნენ და იქამდე აიაქსში ერთად იწყებდნენ დიდ ევროპულ კარიერას.

გარდა ამისა, მარტინესმა კარგად იცის თავისი გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები და მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავის დაცვაზე ზეწოლა შეამციროს. ბელგია, რომელიც ძალიან კარგად და დიდხანს ფლობს ბურთს, ბურთით მეტოქის მესამედზე სათამაშო დროის მხოლოდ 27 პროცენტს ატარებს, თავის მესამედზე კი - 24 პროცენტს.

ანუ გუნდს უყვარს თავის ნახევარზე ბურთის დიდი ხნით გათამაშება და ხელსაყრელი მომენტის ლოდინი შეტევაში, როდის გადავიდეს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მარტინესის გუნდი რისკებს, მათ შორის სახიფათო ზონაში ბურთის დაკარგვის რისკს, თავს არიდებს, ცდილობს სივრცეები თავის ნახევარზე არ დატოვოს, ბურთს ათამაშებს, ელოდება და პირიქით, მეტოქეს აიძულებს, რომ თავად გაიხსნას.

ბურთის დიდი ხნით საკუთარ ნახევარზე კონტროლში მარტინესის გუნდს ის ეხმარება, რომ მცველებს კარგად ეხერხებათ ბურთის გათამაშება - ვერტონგენს განაპირა მცველად ბევრჯერ უთამაშია და კარგად იწყებს შეტევას. ერთა ლიგის წინა გათამაშებაში ის ერთ მატჩში საშუალოდ 111 პასს აკეთებდა და ამ კომპონენტში გუნდის უპირობო ლიდერი იყო.

მოედნის ცენტრში მარტინესი სტაბილურად ორ ნახევარმცველს - დორტმუნდის აქსელ ვიტცელს და ლესტერის იური ტილემანსს ენდობა. ვიტცელი უფრო სტატიკურია, დაცვას აზღვევს, იშვიათად ტოვებს თავის პოზიციას და შეტევის დაწყებასა და ბურთის გათამაშებაზეა პასუხისმგებელი. ტილემანსი უფრო მოძრავი და დინამიურია და უყვარს მეორე ტემპით შეტევაში ჩართვა. ლესტერში 74 თამაშში მას 9 გოლი აქვს გატანილი - ძალიან კარგი შედეგი ნახევარმცველისთვის. მათ გარდა სათამაშო დროს ხშირად იღებს ხოლმე დენდოკერი ინგლისური ვულვზიდან.

ბელგიას ორი ასიმეტრიული ფლანგი აქვს და ჩვეულებრივ, მთელი ფლანგის კონტროლს ერთ მოთამაშეს ანდობს. მარჯვენა ფლანგი უფრო დაცვითია და იქ სტაბილურად ნომინალური მარჯვენა მცველი თომა მონიე თამაშობს, მარცხენა ფლანგი შემტევია - იქ ატლეტიკის იანიკ ფერეირა-კარასკოსაც შეუძლია თამაში და ნასერ შადლისაც. ეს ორივე მოთამაშე თავის გუნდში ფლანგის შემტევია და ეს ბელგიის მარცხენა ფლანგს განსაკუთრებით აგრესიულს ხდის. კარასკოს წლევანდელ ატლეტიკოში მთელი ფლანგის კონტროლი ბევრჯერ მოუხდა და მისი შემტევი სრული პოტენციალის მიუხედავად, სიმეონეს ხელში დაცვით ფუნქციებსაც კარგად ასრულებს.

ამ ტიპის ასიმეტრიული ფლანგები მარტინესს საშუალებას აძლევს სათამაშო სქემა ნებისმიერ მომენტში 3-4-3-დან 4-4-2-ზე გადააწყოს. მონიე მარჯვენა მცველი ხდება, ვერტონგენი - მარცხენა. კარასკო (ან შადლი) კი მხოლოდ შეტევითი ფუნქციების შესრულებას იწყებს და 4-4-2-ში განაპირა შემტევია. მარტინესი სათამაშო სქემას, თუნდაც ერთი თამაშის მსვლელობის დროს, ხშირად ცვლის. ამაში მას შეწყობილი შემადგენლობა და ის მოთამაშეები ეხმარებიან, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლიათ (ვერტონგენი, მონიე, კარასკო, დე ბრუინი).

ბელგიის შემტევ სამეულში ყველაფერი ნათელია. კევინ დე ბრუინი გუნდის უპირობო ლიდერი, გამთამაშებელი და ორგანიზატორია. რომელუ ლუკაკუს კარიერის საუკეთესო სეზონი ჰქონდა და ევროპაში ლევანდოვსკის შემდეგ, ყველაზე მაგარი დიდი ფორვარდია. დრის მერტენსს კი ნაპოლიში სტაბილურად გააქვს და ლუკაკუს გვერდით მეორე ფორვარდის ფუნქციას კარგად ითავსებს. მერტენსი ბევრს მოძრაობს, კარგად პოულობს სივრცეებს და ბურთს და გოლის გატანაც ეხერხება. ბელგიაში ის ლუკაკუს ლაუტარო უნდა იყოს.

აზარის დილემა

აზარი წლების მანძილზე ბელგიის მთავარი კაცი იყო. ის იყო მთავარი ვარსკვლავი ისედაც ვარსკვლავურ გუნდში. ვისაც 2018 წლის მუნდიალის ნახევარფინალი ახსოვს საფრანგეთთან, იმაშიც დამეთანხმება, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში გუნდის ლიდერად არა დე ბრუინი, ლუკაკუ ან ვიტცელი, არამედ სწორედ აზარი ჩანდა. იმ თამაშში მთელი საფრანგეთი მას დასდევდა.

რეალში ტრანსფერის და ქრონიკული ტრავმების შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. ახლა ეს არა აზარის, არამედ დე ბრუინის გუნდია. ბელგიის ათიანს, რომელიც წინა წლებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ხუთეულში სტაბილურად შედიოდა, ახლა თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირს და ორი წელია, ფაქტობრივად, არ უთამაშია.

მარტინესი დილემის წინაშე დგას. შემტევ სამეულში დე ბრუინის და ლუკაკუს ყოფნა-არყოფნის საკითხი არც განიხილება. მან აზარსა და მერტენსს შორის უნდა აირჩიოს - უფრო სახელიანი აზარი, თუ უკეთეს ფორმაში მყოფი მერტენსი.

მგონია, რომ მარტინესი ფსონს უფრო მერტენსზე ჩამოვა. უკეთესი ფორმის გარდა, ეს ტაქტიკური დეტალებითაც უნდა აიხსნას: მერტენსი თან ნახევარმცველია, თან ფორვარდი, მარტინესს კი უყვარს შერეული პოზიციის მქონე ფეხბურთელები. მასთან ერთად იოლია გუნდის გადაწყობა 3-4-3-დან 4-4-2-ზე. მერტენსი სიტუაციურად ფლანგის ნახევარმცველიც შეიძლება იყოს და მეორე ფორვარდიც.

აზარი (მით უმეტეს ცუდ ფიზიკურ ფორმაში) ტაქტიკურად ასე ფლექსიბელური არ არის. გარდა ამისა, ედენთან ერთად ძირითად შემადგენლობაში ლუკაკუ, ფაქტობრივად, მარტო რჩება მეტოქის საჯარიმოში და ბელგიას გადატვირთული ცენტრი, თუმცა ნაკლებად დატვირთული მეტოქის საჯარიმო ექნება. მერტენსი, პირიქით, სიტუაციურად ძალიან კარგად ავსებს საჭირო სივრცეებს მეტოქის საჯარიმოში. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ფლანგების ბალანსი. უფრო შემტევი მარცხენა ფლანგის მიუხედავად, ბელგია ორივე ფლანგიდან თანაბრად, 36-36 პროცენტით უტევს. ეს იმის დამსახურებაა, რომ მერტენსი ხშირად ჩამოდის მარჯვენა ფლანგზე და მონიეს ეხმარება. აზართან ერთად, რომელსაც თამაში უფრო მარცხნიდან უყვარს, მოედნის მარცხენა ნახევარი ზომაზე მეტად გადაიტვირთება (აზარი, კარასკო), მარჯვნივ კი ვაკუუმი დარჩება. ანუ მერტენსი სათამაშო ბალანსს უკეთ უზრუნველყოფს.

ყველა შემთხვევაში, მარტინესის მთავარი დილემა ეს იქნება - აზარი თუ მერტენსი.

სატურნირო გზა

ბელგიის საჩემპიონო ამბიციებს იოლი ჯგუფიც უწყობს ხელს. რუსეთთან, დანიასა და ფინეთთან ერთად "წითელ ეშმაკებს" ყველაზე იოლი ჯგუფი ჰყავთ. შემდეგ ეტაპზე ბელგია იოლად და ძალების დაძაბვის გარეშე უნდა გავიდეს.

მარტინესის გუნდის საჩემპიონო იმედები რეალურია. დიდი ტურნირის მოგების ასეთი კარგი შანსი ბელგიას ისტორიაში არ ჰქონია.

კომენტარები

ბოლო ამბები