Thumbnail

პოპკორნი თავზე - გამწარებულმა რასელ ვესტბრუკმა ფანის საცემრად გაიწია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფილადელფია სიქსერსი 120:95 ვაშინგტონ უიზარდსი
  • ფილადელფიამ ვაშინგტონს იოლად მოუგო და სერიაში ანგარიში 2-0 გახადა
  • ეს დღე უიზარდსის გამთამაშებლისთვის განსაკუთრებით უიღბლო გამოდგა 

NBA-ს პლეი ოფის პირველ რაუნდში ფილადელფია სიქსერსმა ვაშინგტონ უიზარდსს მეორე თამაშიც მოუგო და სერიაში ანგარიში 2-0 გახადა. სიქსერსს პრობლემა თავიდანვე არ ჰქონია, მატჩის მეორე ნახევრიდან კი ანგარიშში სხვაობა მუდმივად ორნიშნა რიცხვით გამოისახებოდა. 

მატჩი განსაკუთრებით უიღბლო და ნერვული გამოდგა რასელ ვესტბრუკისთვის, რომელმაც ჯერ კოჭის ტრავმა მიიღო და თამაშის ნაადრევად დასრულება მოუხდა, შემდეგ კი გასახდელისკენ მიმავალს კონფლიქტი გულშემატკივართან მოუვიდა.

ვაშინგტონის გამთამაშებელს პოპკორნი დააყარეს. გაცხარებული რასელი ფანის საცემრად იწევდა, მაგრამ კლუბის და არენის უსაფრთხოების სამსახურის პერსონალმა მისი შეკავება გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოახერხა. იმ გულშემატკივარს, რომელმაც რასელს პოპკორნი დააყარა, არენის დატოვება მოუხდა.

"მე ვერ გავბედავდი ქუჩაში რასელ ვესტბრუკთან მიახლოებას და მისთვის თავზე პოპკორნის დაყრას. მოგეხსენებათ, ამას რაც მოჰყვებოდა. დროა მოთამაშეთა დაცვაზე არენებზეც იზრუნონ. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს NBA", - თქვა მოგვიანებით რასელმა.

რაც შეეხება შეხვედრას, გამარჯვებულთა შორის საუკეთესოები 22-22 ქულით ჯოელ ემბიიდი და ბენ სიმონსი იყვნენ. ამ უკანასკნელს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. 19 ქულა და 9 მოხსნა იყო ტობიას ჰარისის ანგარიშზე. უიზარდსში შედეგიანობით ბრედლი ბილი გამოირჩა, რომელმაც თამაში 33 ქულით დაასრულა. 11-11 ქულა მიითვალეს რუი ჰაჩიმურამ და დენიელ გეფორდმა. 

ფილადელფიასა და ვაშინგტონს შორის აღმოსავლეთ კონფერენციის ¼-ფინალური სერიის მესამე დაპირისპირება, თბილისის დროით 30 მაისს. შუაღამისას დაიწყება. ამჯერად მასპინძელი უიზარდსი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები