Thumbnail

'ჩვენი გზები იყოფა' - მალდინიმ მილანიდან დონარუმას წასვლა დაადასტურა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჯანლუიჯი დონარუმას მილანური კარიერა დასრულებულია
  • იუვენტუსი და ბარსელონა - ჯიჯოს მომავალს ამ გუნდებს უკავშირებენ

ჯანლუიჯი დონარუმას და მილანის გზები გაიყო. ინფორმაცია "როსონერის" ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ ოფიციალურად დაადასტურა. მხარეებმა კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 30 ივნისს იწურება, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

დონარუმა ხელფასის სახით 10-12 მილიონ ევროს ითხოვდა, კლუბი კი მას მაქსიმუმ 8 მილიონს სთავაზობდა. საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა და მილანმაც გადაწყვეტილება მიიღო - დონარუმა კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და მისი შემცვლელი უკვე დაბევებულია.

"ვფიქრობ, მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა მოთამაშეს, რომლებმაც ეს წარმოუდგენელი სეზონი შექმნეს. დონარუმა მთავარი გმირი იყო, ლიდერი და ხშირად კაპიტანი. ხალხს უჭირს იმის გაგება, თუ რას ნიშნავს იყო პროფესიონალი, რაც გულისხმობს მზადყოფნას მაისურის შეცვლასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ რთული მისაღებია, მაგრამ უფრო და უფრო რთულია კარიერა დაიწყო და დაასრულო ერთსა და იმავე ადგილზე. პატივი უნდა ვცეთ მათ, ვინც მილანისთვის ძალიან ბევრი გაიღო და ჯიჯომ ეს გააკეთა, მას არასდროს ჰქონია კლუბთან უპატივცემულო დამოკიდებულება და ეს უნდა ვთქვათ. ჩვენი გზები აქ იყოფა და შემიძლია, ამ მგრძნობიარე ბიჭს მომავალში მხოლოდ საუკეთესო ვუსურვო", - თქვა მალდინიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმას მილანში დებიუტი 2015 წლის ოქტომბერში ჰქონდა და მას მერე იტალიელმა კიპერმა ლომბარდიელთა კარი 251 შეხვედრაში დაიცვა. ჯიჯოს კონტრაქტი 35 დღეში ეწურება და ის არ განახლდება, ამგვარად, თავისუფალი აგენტის სტატუსით ნებისმიერ გუნდში გადასვლა შეეძლება.

დონარუმა შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს

მილანმა დონარუმას შემცვლელი პრაქტიკულად უკვე გაიფორმა - ლილის და საფრანგეთის ნაკრების 25 წლის მეკარე მაიკ მენიო, რომელმაც მილანში სამედიცინო შემოწმება გაიარა და მხოლოდ ოფიციალური გამოცხადებაა დარჩენილი. მენიო „როსონერიში“ 2026 წლამდე ითამაშებს და სეზონში 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო ლილმა მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო მიიღო. რაც შეეხება დონარუმას: 22 წლის მეკარეს ყველაზე აქტიურად ტურინის იუვენტუსს უკავშირებენ, რომელიც მზადაა მას სეზონში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, მაგრამ დაინტერესებულ გუნდებს შორის ესპანური მედია ბარსელონასაც ასახელებს. დონარუმა ამჟამად იტალიის ნაკრების შეკრებაზე იმყოფება და ევრო 2020-სთვის ემზადება.

კომენტარები

ბოლო ამბები