Thumbnail

ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-სთან ერთად გერმანიის ქალაქ კიოლნში იმყოფება და ევროლიგის ოთხთა ფინალისთვის ემზადება, მანამდე კი, მას ინტერვიუ Radio MARCA-მ ჩამოართვა.

თორნიკე შენგელია: “ვფიქრობ, დიდი სამუშაო გავწიეთ, არადა, მილუტინოვის ტრავმისა და მაიკ ჯეიმსის წასვლის მერე რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით და ზოგჯერ ვარჯიშისთვის საჭირო კალათბურთელების შეკრებაც კი გვიჭირდა. თუმცა, ხასიათი გამოვაჩინეთ და რეგულარულ სეზონი მე-2 ადგილზე დავასრულეთ, მთავარი ამბები კი ახლა გველის. საერთო ჯამში, სწორედ ისეთი სეზონი გვაქვს, რანაირსაც ცსკა-სთან კონტრაქტის გაფორმებისას ვფიქრობდი. ევროლიგის ოთხთა ფინალში გავედით და VTVB ლიგის მოსაგებადაც ვიბრძვით.

ნახევარფინალში ეფესთან ურთულესი შეხვედრა გველის. მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. სეზონის განმავლობაში მათ 2-ჯერ შევხვდით და თითო მოგება გავცვალეთ, უცნაური კი ის იყო, რომ ორივე შემთხვევაში სხვაობა 30 და მეტი ქულა იყო. ჯეიმსის და იტუდისის ფაქტორი? მაიკის თემაზე ბევრ საუბარს არ ვაპირებ. ნამდვილად რთული სიტუაცია იყო, რომელიც საჩვენოდ გამოვიყენეთ. უფრო ძლიერები და შეკრულები გავხდით. იტუდისზე ყველაზე კარგად მისი შედეგები საუბრობს. კალათბურთზე ყველაფერი იცის და ძლიერი მოტივატორიცაა”.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის ნახევარფინალები 28 მაისს არის დაგეგმილი და ცსკა-ს თურქულ ანადოლუ ეფესთან დაპირისპირება ელის, ესპანური ბარსელონა კი იტალიურ მილანს ეთამაშება. 30 მაისს ჯერ მე-3 ადგილისთვის შეხვედრა შედგება, შემდეგ კი – ფინალი. შარშან ევროლიგა კოვიდ-პანდემიის გამო ჩაიშალა, ტურნირის მოქმედი ჩემპიონი კი სწორედ ცსკა გახლავთ, რომელმაც ფინალში იმავე ეფესს 91:83 სძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები