Thumbnail

PUBG-ის კრეატიულმა დირექტორმა დეივ ქარდმა თამაშის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • 2021 წლის გეგმებში მირამარის განახლება და ორი ახალი რუკის დამატება შედის
  • ახალი რუკების 8x8 ტიპის იქნება
  • თამაშს დაემატება სატესტო 'რესფავნ' მექანიკაც

პოპულარული ონლაინ მულტიფლერიერი PUBG-ს ავტორებმა 2021 წლის განვითარების გეგმა გაასაჯაროვეს. როგორც ჩანს, წელს ერთ-ერთი კლასიკური რუკის, მირამარის განახლება (რემასტერი) იგეგმება. ამას გარდა, თამაშს დაემატება ორი პატარა (8X8) რუკაც, რომლებიც, ამ ეტაპზე, Tiger-ის და Kiki-ის სიმბოლური სახელებით წარადგინეს.

თამაშის გეგმებზე, მისმა კრეატიულმა დირექტორმა, დეივ ქარდმა, ონლაინ გამოცემა IGN-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

‘’მირამარი ყოველთვის ფანების ფავორიტი რუკა იყო თავისი ველური სულითა და ციცაბო მთა-გორებით. რუკას სტრუქტურული ცვლილებები არ სჭირდება: როგორც არის, ასეც კარგია. მას ძირითადად ვიზუალს გავუუმჯობესებთ.’’

აღსანიშნავია, რომ რუკას სხვადასხვა ტიპის ამინდის ციკლებიც დაემატება. შენობების ინტერიერი უფრო რეალისტური გახდება და ზოგადი ტექსტურებიც განახლდება, რათა რუკაზე ჩახტომის დროს, მოთამაშეს მეტი რეალიზმის შეგრძნება ჰქონდეს.

რაც შეეხება გეიმფლეის მხრივ ცვლილებებს, ქარდმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

განახლებული მირამარი

‘’ფანჯრების წინ ნაგავს მოვაშორებთ. ეს აქამდე ფანჯრიდან-ფანჯარაში ჩხუბს ხელს უშლიდა, არადა ეს საკმაოდ დაძაბული და მხიარული ბრძოლის შანსს იძლევა. ვიცით, რომ მოთამაშეებს დიდად არ მოსწონთ, ფანჯარაში გახედვისას, კოკა-კოლის ქილებს რომ ხედავენ რაფებზე და, გარკვეული დისტანციიდან, საკმაოდ ადვილია ეს მოთამაშის თავში აგერიოს.’’

ცვლილებები ლოს ლეონესზე განლაგებულ სამსართულიან და ხუთსართულიან შენობებსაც შეეხო: დეველოპერებმა დიზაინიდან რამდენიმე ფანჯარა მოაშორეს.

‘’როგორც აღმოჩნდა, საშიში ყოფილა, როცა, ვთქვათ, 16 ჩამუქებულ ფანჯარას აჰყურებ მაღალ შენობაში და იცი, რომ ნებისმიერში შეიძლება სნაიპერი იდგეს. ვცდილობთ, ამ ცვლილებით, მოთამაშეებს ხელი შევუწყოთ უფრო აქტიურად ითამაშონ. მათი ქალაქში გამოტყუება გვინდა.’’ აღნიშნა ქარდმა.

მირამარს ახალი მანქანა, Quad-იც დაემატება. მას საკმაოდ დაბალი სიჩქარე აქვს, თუმცა, სამაგიეროდ, მაღალი აჩქარებით და ოფროადზე იოლი მართვადობით გამოირჩევა. 

თამაშს ახალი სნაიპერის შაშხანა, Lynx AMR-იც ემატება. ის crate-only იარაღი იქნება და რუკაზე ხშირად არ გაჩნდება. შაშხანას 5 ტყვია მოჰყვება, თუმცა მისი საშუალებით, მანქანების განადგურებაც კი შეგიძლიათ. ქარდმა განაცხადა, რომ ახალი სნაიპერი BRDM-ის საქარე მინასაც კი გატეხს.

Tiger - კონცეპტ არტი

დასაწყისისთვის, ახალი მანქანა და იარაღი, მხოლოდ მირამარზე გაჩნდება, თუმცა, თუ მოთამაშეები სიახლეებს დადებითად შეაფასებენ, მათი დამატება სხვა რუკებზეც იგეგმება.

ახლა კი რუკებზე ვისაუბროთ: Tiger კორეაში მდებარეობს და ის 8X8 ტიპის რუკაა. აღსანიშნავია, რომ ახალი 8X8 რუკა, თამაშს სამი წელია არ დამატებია. ამავე დროს, Tiger იქნება პირველი რუკა, რომელზეც PUBG რესფავნ მექანიკას გატესტავს.

ონლაინ საბრძოლო თამაშების მოყვარულებისთვის ცნობილია, რომ ბევრ ბეთლ როიალს, მაგალითად, Call of Duty-ს, Apex Legends-ს, Rainbow Six-ს და სხვა, აქვს ე.წ. ‘რესფავნ’ ფუნქცია, რომელიც მოთამაშეს საშუალებას აძლევს, სიკვდილის შემდეგ რუკაზე კვლავ დაბრუნდეს და ბრძოლა განარგრძოს. სწორედ ამ პრინციპს დაამატებს PUBG-იც. თუმცა, დეველოპერები ჯერ არ საუბრობენ იმაზე, თუ როგორ იმუშავებს რესფავნი.

‘’შესაძლოა, ზოგიერთმა მკითხველმა არ იცოდეს, რომ PUBG კორეული გეიმ დეველოპმენტის ქმნილებაა.’’ ამბობს დეივ ქარდი ინტერვიუში ‘’ეს ყველაზე უფრო პოპულარული კორეული თამაშია. ამიტომ, ძალიან გვინდოდა, PUBG -ის ისტორიისთვის პატივი გვეცა და კორეული რუკა შეგვექმნა. მერწმუნეთ, მისი არქიტექტურა, დიზაინი ფერები… ეს ულამაზესი რუკაა. მოუთმენლად ველოდები მოთამაშეების შეფასებას.’’

რაც შეეხება მეორე რუკას: Kiki-ც 8X8 ტიპის რუკაა. მისი გამოშვება 2021 წლის ბოლოს ან 2022 წლის დასაწყისისთვის იგეგმება. ქარდი რუკას ასე აღწერს:

kiki - კონცეპტ არტი

‘’მას ბევრი სხვადასხვა ტიპის ლოკაცია ექნება, მისტიკური მიწისქვეშა ლაბორატორიებით დაწყებული, უშველებელი ურბანული ცათამბრჯენებით დასრულებული. ასევე შეხვდებით დაჭაობებულ მეტროს და ქალაქის ჩაძირულ ნაწილს.’’

როგორც ჩანს, ახალი რუკა საკმაოდ საინტერესო გამოსაკვლევი იქნება, თუმცა, სავარაუდოდ, გეიმფლეის მხრივ, არც ისე იოლი. ამ ნაწილზე დეველოპერები ჯერ არ საუბრობენ.

‘’ეს ისეთი საბრძოლო არენა იქნება, რომელზეც თავად რუკაც კი შენი მოწინააღმდეგეა: ცოცხალი, ველური, მტრულად განწყობილი სამყარო და არა სათამაშო მოედანი.’’ ამბობს ქარდი. ‘’Kiki უფრო რთული და როლური ელემენტებით დატვირთული იქნება რაც თამაშში ჩაძირვის კარგ საშუალებას მოგცემთ. თუმცა, მასზე მაინც PUBG-ს თამაში მოგიწევთ: თუ სროლა, როტაცია და პოზიციონირება არ იცით, გამარჯვებას ვერ მიაღწევთ. მაგრამ ბრძოლასა და ბრძოლას შორის დროს, ნამდვილად საინტერესოდ გაატარებთ.’’

დეველოპერული გეგმების პირველი ნაწილი, როგორც ჩანს, ძირითადად რუკებზეა აქცენტირებული. PUBG-ის ავტორები გვპირდებიან, რომ გეიმფლეის გაუმჯობესებაზეც მუშაობენ და ამის შესახებ სიახლეებსაც მალე შევიტყობთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები