Thumbnail

ბრუკლინ ნეტსმა NBA-ს პლეი ოფის პირველი რაუნდის მეორე მატჩში ბოსტონ სელტიკსი ბრწყინვალე თამაშით დაამარცხა და სერიაში უკვე 2:0-ს იგებს! ნეტსმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რატომ მიიჩნევა ერთ-ერთ ტოპ-ფავორიტად. ამასთან, ბრუკლინმა ისიც დაამტკიცა, რომ ეს გუნდი გაცილებით მეტია, ვიდრე “მხოლოდ” კევინ დურანტისგან, ჯეიმს ჰარდენისგან და კაირი ირვინგისგან შემდგარი ტრიო.

ამ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო ჯო ჰარისი გახლდათ. ფორვარდმა 10-დან 7 სამქულიანი ჩააგდო, 25 ქულა კი პლეი ოფში მისი კარიერის საუკეთესო შედეგია. დურანტის აქტივში 26 ქულა იყო (პლუს 8 მოხსნა და 5 პასი), ჰარდენმა კი 20 ქულა დააგროვა. კაირიმ ამჯერად 15 ქულა, 6 პასი და 6 მოხსნა იკმარა.

ბლეიკ გრიფინზე არაფერი გვითქვამს. მართალია, მხოლოდ 11 ქულა ჰქონდა, მაგრამ ნახეთ მისი ორი დანქი ერთ წუთში:

“ყველა მატჩში სხვადასხვა მოთამაშეები გამოჩნდებიან. დღეს ჯო იყო შთამბეჭდავი, მომდევნო შეხვედრაში კი შეიძლება სხვა იყოს. ფაქტია, ყველანი ძალიან კარგ ფორმაში ვართ და მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა ტიტული მოვიგოთ,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ჰარდენმა.

მოკლედ, ბრუკლინი 2:0-ს იგებს და ახლა ნეტსისა და სელტიკსის დაპირისპირებები ბოსტონში გადაინაცვლებს. მესამე მატჩი 29 მაისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები