Thumbnail

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ფინიქს სანსთან დასავლეთ კონფერენციის პლეი ოფის ¼-ფინალის მეორე მატჩი მოიგო და სერია გაათანაბრა - 1:1. 

"ფინიქს სანს არენაზე" გამართულ შეხვედრაში მასპინძლები ლამის მთელი თამაშის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ და მხოლოდ სირენამდე ხუთიოდე წუთით ადრე შეძლეს ანგარიშში ჩამორჩენის გაბათილება და წინ გასვლა, თუმცა ძალიან მოკლე ხნით. მოქმედმა ჩემპიონებმა დარჩენილ დროში, ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დევისის სამქულიანების წყალობით, უპირატესობის მოპოვება ისევ მოახერხეს და მატჩი საბოლოო გამარჯვებამდეც მიიყვანეს.

ლეიკერსის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი ფორვარდმა ენტონი დევისმა შეიტანა, რომელიც ორმაგი დუბლით გამოირჩა - 34 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი. ორმადგი დუბლი იყო ცენტრის ანდრე დრამონდის ანგარიშზეც - 15 ქულა, 12 მოხსნა. ლებრონ ჯეიმსმა კი, რომელმაც სანსთან პირველ თამაშში კრის პოლთან შეჯახებისას მხარი იტკინა, თავის გუნდს 23 ქულა, 4 მოხსნა და 9 პასი შესძინა. 

"ვალდებული ვიყავით, მეორე თამაში მოგვეგო. ჩვენი ყველა მოთამაშე მოედანზე ამაზე ფიქრით გავიდა და საბოლოოდ შევძელით კიდეც შეგვესრულებინა ჩვენი საქმე და მიზნისთვის მიგვეღწია. სამუშაო გვაქვს თამაშის უკეთ გაკონტროლებასა და ლიდერობის შენარჩუნებაზე, მაგრამ ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერ ვითარებაში ბოლომდე ვიბრძვით", - თქვა თამაშის შემდეგ დევისმა.

"სამქულიანი მატჩის ბოლოს? ეს თავდაუზოგავი შრომის შედეგია, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში გრძელდება. ბრწყინვალე პასი იყო ენტონი დევისისგან და მეც შევძელი ჩაგდება. 

გვსურდა აგრესიის ჩვენება როგორც შეტევაში, ისე - დაცვაში, საკუთარი თამაშის თამაში და იმის გაკეთება, რასაც ვაკეთებთ. საუბარია საჩემპიონო დნმ-ზე. და ჩვენ ის გვაქვს", - თქვა ლებრონმა.

ფინიქსში ყველაზე შედეგიანი მცველი დევინ ბუკერი იყო, რომელმაც თამაში 31 ქულით დაასრულა, ცენტრმა დეანდრე ეიტონმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 22 ქულა, 10 მოხსნა. 

📺 ფინიქსი V ლეიკერსი

ამ გუნდების მესამე დაპირისპირება სერიაში თბილისის დროით 28 მაისს, გამთენიისას გაიმართება. ამჯერად ლოს ანჯელეს ლეიკერსი ფინიქს სანსს საკუთარ არენაზე მიიღებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები