Thumbnail

შენგელია სიმბოლურ ხუთეულში - თორნიკე VTB ლიგის საუკეთესო მომენტებშიც მოხვდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველ კალათბურთელს ნახევარფინალურ სერიაში საშუალოდ 16.3 ქულა ჰქონდა
  • მოსკოვის ცსკა-ს 28-30 მაისს კიოლნში ევროლიგის ოთხთა ფინალი ელის

მოსკოვის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია VTB ლიგის ნახევარფინალური სერიების სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ცსკა-მ ფინალის საგზური სანკტ-პეტერბურგის ზენიტთან დაპირისპირებაში მოიპოვა. მოსკოვურმა კლუბმა 3:1 იმარჯვა, საქართველოს ნაკრების კაპიტნის საშუალი მონაგარი კი 16.3 ქულა (სერიის მე-2 მატჩში 27 ქულა ჩააგდო), 5.5 მოხსნა, 1.3 პასი და სარგებლიანობის კოეფიციენტი 16.5 გახლდათ.

საინტერესოა, რომ საუკეთესო ხუთეულში მხოლოდ ფინალისტი გუნდის წარმომადგენლები მოხვდნენ. შენგელიას გარდა, ეს პატივი ცსკა-ს მოთამაშეებს დენიელ ჰეკეტსა და უილ კლაიბერნს და უნიკსელებს – ჯამარ სმიტსა და ჯონ ბრაუნს ერგოთ.

ცნობისთვის, VTB ლიგამ ნახევარფინალების საუკეთესო 10 მომენტიც შეარჩია, სადაც ქართველი კალათბურთელი ერთბაშად სამ ეპიზოდში მოხვდა. მე-10 და მე-5 ადგილებზე შენგელიას შეტევები გავიდა, პირველზე კი მომენტი, როდესაც თორნიკეს დააფარეს.

ცსკა-სა და უნიკსის ფინალური სერია სტარტს 5 ივნისს აიღებს და პირველ ორ მატჩს ყაზანელები უმასპინძლებენ, რომელთაც მოედნის უპირატესობა აქვთ, ჩემპიონობისთვის კი 3 მატჩის მოგებაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ უკვე გუშინ ცსკა გერმანიის ქალაქ კიოლნში ჩაფრინდა, სადაც 28-30 მაისს ევროლიგის ოთხთა ფინალია დაგეგმილი. 28 მაისს რუსული გრანდი თურქულ ანადოლუ ეფესს ეთამაშება, მე-2 ნახევარფინალში კი ერთმანეთს ესპანური ბარსელონა და იტალიური მილანი დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები