Thumbnail
  • MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ტურში 5 სატიტულო ბრძოლა გაიმართება
  • წამალაიძე და აბრამიშვილი ქამრისთვის იბრძოლებენ
  • LIVE: ფეისბუქი: ევროპაბეთი და პოპსპორტი, Youtube: პოპსპორტი
  • პირველი ტურის ყველა ბრძოლა იხილეთ აქ
  • მეორე ტურის ყველა ბრძოლა იხილეთ აქ

10 ივნისს, MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის (GFC) მესამე, ფინალური ტურის ორთაბრძოლები ჩატარდება, რომელშიც საქართველოს ჩემპიონებისა და ქამრების მფლობელების ვინაობა გაირკვევა. პირველობის ორგანიზატორი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციაა.

მესამე ტურში მონაწილეობას 20 სპორტსმენი მიიღებს. ოქტაგონზე სულ 10 ბრძოლა გაიმართება - აქედან 5 სატიტულო იქნება. ტური 20:00-ზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე გადაიცემა.

როგორც აღვნიშნეთ, მესამე ტურში 5 სატიტულო ბრძოლა გველის. ქომაგი ახალ სპორტის სასახლეში ჯერ 5 ბრძოლას იხილავს, რის შემდეგაც ფინალები დაიწყება. ლუკა გიორგაძისა და მერუჟან პალიანის ფინალის შემდეგ, მაყურებელი 70 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალით ისიამოვნებს, სადაც ორი მაგარი მებრძოლი დაუპირისპირდება ერთმანეთს - ნიკა აბრამიშვილი V გიორგი წამალაიძე.

18 წლის ნიკა აბრამიშვილმა ორივე ბრძოლა მარტივად, ტექნიკური ნოკაუტებით მოიგო. მან პირველ ტურში გურამ კვარაცხელია უშანსოდ დაამარცხა, რის შემდეგაც ოქტაგონზე გამოცდილ გიორგი კანკავასაც სძლია, რომელიც მასზე 16 წლით უფროსია.

წამალაიძის გზა ფინალამდე საკმაოდ რთული აღმოჩნდა. გიორგიმ პირველ ტურში გიორგი კობალაძე მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, მაგრამ ბრძოლის შემდეგ აღნიშნა, რომ ურთულესი და უმძიმესი ჩხუბი გამოვიდა.

წამალაიძემ მეორე ტურში რომან ყურაშვილთან იჩხუბა. პირველმა რაუნდმა ყურაშვილის მცირე უპირატესობით ჩაიარა. გამარჯვებული ვერც მეორე რაუნდმა გამოავლინა. უმძიმესი ბრძოლის მესამე რაუნდის დროც სრულად ამოიწურა, ყაზბეგელმა წამალაიძემ მსაჯების გადაწვეტილებით გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც მას ისევ ვეფხისტყაოსნის წარმომადგენელი ნიკა აბრამიშვილი ხვდება, რომელიც რევანშის აღებას ეცდება.

ნიკა აბრამიშვილი გიორგი კანკავას წინააღმდეგ

ნიკა აბრამიშვილი (ვეფხისტყაოსანი): "ტურნირის დაწყების დროიდან მზად ვიყავი ფინალში გასასვლელად და მთლიანად ჩემპიონატის მოსაგებად. მართალია, ორივე ბრძოლაში UNDER CARD-ში გამოვედი, მაგრამ ამან მოტივაცია მომცა, კიდევ უფრო მეტი სურვილი მქონდა, რომ ხალხს გავეცანი.

ორივე ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით პირველსავე რაუნდში მოვიგე. ვეფხისტყაოსნის მწვრთნელები და თანაგუნდელები დამეხმარნენ. საკმაოდ ინტენსიური ვარჯიშები მქონდა, რაც ძალიან დამეხმარა წარმატების მიღწევაში. პირველ ტურში კვარაცხელიასთან ჩემი პროფესიონალური დებიუტი შედგა. ოქტაგონზე შესვლისთანავე ნერვიულობა მომეხსნა და შეხვედრა მოვიგე.

ვეფხისტყაოსნის მებრძოლების წარმატება დამოკიდებულია იმ მწვრთნელებზე, რომლებიც ჩვენს ბრძოლებში უდიდეს შრომას დებენ. ჩემი მეტოქე გიორგი წამალაიძეა, მის ბრძოლებს ვუყურე. გიორგის უპირატესობა ჭიდაობაა, მტკივნეული ილეთები არ გამოსდის, უფრო ფინიშერია. მიმაჩნია, რომ ის საკმაოდ ძლიერია. ვფიქრობ, რომ სწორი სტრატეგიით მის დამარცხებას მოვახერხებ. ჩემთვის პირველი მიზანი ამ ტურნირის მოგებაა, რის შემდეგაც ვეცდები, რომ უცხოურ ასპარეზზე გავიდე და წარმატებას მივაღწიო."

გიორგი წამალაიძე (ყაზბეგი): "პირველ ტურში მომზადებული არ ვიყავი, რის გამოც დავიღალე. მეორე ტურისთვის კი ძალიან ბევრი ვიშრომე და გამარჯვებაც დამსახურებული იყო. სოფელში ვიყავი, როცა გავიგე, რომ ასეთი ტურნირი ტარდებოდა. 10 დღე მქონდა პირველ ტურამდე. თავისუფალი ჭიდაობის დარბაზია ჩემს სოფელში, დავიწყე ვარჯიში, 5 კილოგრამი დავიკელი და 70 კილოგრამამდე ჩამოვედი.

მეორე ეტაპისთვის თბილისში ჩამოვედი და ილეთები კიდევ შევისწავლე. ყურაშვილმა მეორე რაუნდში ჭიდაობა დამიწყო, რაც მასზე კარგად ვიცოდი და ბრძოლის მოგებაც მოვახერხე. 2016 წელს MMA-ში პირველი ნაბიჯები გადავდგი. ვცდილობდი, რომ სულ მევარჯიშა, არ ვნებდებოდი და აქამდე მოვედი. ჩემი ძლიერი მხარე ჭიდაობაა, გარკვეული დარტყმებიც ვიცი. ახლა სულ თბილისში ვარ და ვცდილობ, რომ ფინალისთვის 100%-ით მზად ვიყო.

ვეფხისტყაოსანი ძლიერი გუნდია და ნიკაც ძალიან ძლიერი ბიჭია. ისეა მომზადებული, რომ ყველაფერი ეხერხება. აბრამიშვილი ყურაშვილზე ძლიერი მებრძოლია. ყურაშვილი საკმაოდ გამოცდილი მოწინააღმდეგე იყო. მე ჯერ მეტოქეს ვსწავლობ, მერე კი ვცდილობ, ბრძოლის დროს სიტუაცია ვაკონტროლო და სიტუაცია ჩემ სასარგებლოდ წარვმართო. ქამრის მოპოვება ჩემთვის უცხოეთისკენ საგზური იქნება. გზა გამეხსენება და გამოვალ სხვადასხვა ტურნირებზე."

კომენტარები

ბოლო ამბები