Thumbnail

სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია, ამ დრომდე უცნობია. 27 წლის ფეხბურთელმა სეზონი იჯარით კვიპროსულ ანორთოსისში გაატარა და წესით ბელგიურ გენტს უნდა დაუბრუნდეს, რომელთანაც ხელშეკრულება კიდევ ერთი სეზონი აკავშირებს.

გიორგი ამჟამად სამშობლოშია და ისვენებს. მას კვიპროსული მედია დაუკავშირდა და ანორთოსისში გატარებულ პერიოდსა, თემურ ქეცბაიასთან ურთიორთობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

კვიპროსსა და იქაურ ფანებზე

"კვიპროსში გატარებულმა პერიოდმა საუკეთესო მოგონებები დამიტოვა. ძალიან მომეწონა კვიპროსი, ცხოვრება ლარანაკაში და ის პირობები, რომელიც ანორთოსისში დამხვდა. ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი ადამიანებისგან და ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ ისინი თასის მოგებით გავახარეთ.

მითამაშია დიდ გუნდებში, რომლებსაც ფანტასტიკური გულშემატკივრები ჰყავდა, მაგრამ ის მხარდაჭერა, რაც თასის ფინალის წინ ანორთოსისის ფანებისგან ვნახე, არსად მინახავს. ფინალის წინ მთელი ღამე გავათენე და მხოლოდ დილის 6 საათზე ჩამეძინა. საბედნიეროდ, ფინალში ჩემს თამაშზე ეს არ აისახა".

გიორგიმ კვიპროსის თასის ფინალში გადამწყვეტი გოლი შეაგდო

თემურ ქეცბაიაზე

"ჩვენ ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ, ხასიათში რაღაცები საერთო გვაქვს. ის მართლაც მკაცრი და ძალიან მომთხოვნია, მაგრამ მწვრთნელში ეს მომწონს. დისციპლინა საჭიროა. ის პროფესიონალია და ითხოვს, რომ მოედანზე ყველა ბოლომდე დაიხარჯოს. მან იცის, მაქსიმალურად როგორ მომართოს ფეხბურთელები".

ქვილითაიას ქეცბაიასთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს

საკუთარ მომავალზე

"თამაში ბარსელონაში მინდა, მაგრამ მგონი ეს შეუძლებელია (იცინის). ვნახოთ, ახლა ჯერ ვისვენებ. ვისურებდი ანორთოსისში დარჩენას და ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ მექნებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. მოგეხსენებათ, გენტთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. ბელგიურ კლუბთან მქონდა კონტაქტი, თუმცა მითხრეს, რომ ჩემთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღიათ. უნდა მოვიცადო.  

ქეცბაიასა და ანორთოსისთან ურთიერთობა მაქვს, ბევრი რამ კი ფინანსურ მხარეზე იქნება დამოკიდებული. საკითხი რამდენიმე დღის შემდეგ გადაწყდება, ახლა კი მეტის თქმა არ შემიძლია".

საქართველოს ნაკრების ფორვარდი გენტის საკუთრებაა

კომენტარები

ბოლო ამბები